მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი სააკაშვილი გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.
„როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, ქალაქის მერებს და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა, მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს – თბილისის მოსახლეობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს და ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში“, – განაცხადა მან.
რამდენად მიზანშეწონილია ასეთი წესის შემოღება, არის თუ არა ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუ სააკაშვილი ამით ადგილობრივ დონეზე საკუთარი ძალაუფლების დასაყრდენის შენარჩუნებას ცდილობს, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ესაუბრება ექსპერტი სახელმწიფო მოწყობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი.
დავით ზარდიაშვილი: „ზოგადად ასეთ რეფორმას ძალიან სერიოზული დაგეგმვა სჭირდება, რაც დაკავშირებულია უფლება-მოსილებების გამიჯვნასთან, თვითმმართველობის დონეზე ინსტიტუციურ გარდაქმნებათან, ასევე ტერიტორიული მოწყობის საკითხის გარკვევასთან. პოსტ-საბჭოურ სივრცეში, ალბათ, ერთადეთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ტერიტორიული მოწყობის კონსტიტუციური საფუძვლები არ აქვს. ჯერ კიდევ 1995 წელს პარლამენტმა ამ საკითხების გადაწყვეტისაგან თავი შეიკავა, რადგან იურისდიქცია იყო დარღვეული და თქვა, რომ ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქცია აღდგება. ამის შემდეგ, ქვეყანაში რა მმართველობითი დონეები გვაქვს, ამას კონსტიტუციური დასაბუთება აკლია. კონსტიტუციურ დასაბუთებულობაზეც რომ არ ვისაუბროთ, ამის მყარი საკანონმდებლო საფუძვლები არ გვაქვს.
სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, არის ცენტრალიზებული დარგობრივი მართვა. პრაქტიკულად ეს არის ავტოკრატია და საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის დროს არსებობდა ზეცენტრალიზებული ვერტიკალი, რომელშიც მიიღებოდა გადაწყვეტილება და შემდეგ ის ხორციელდებოდა. გადაწყვეტილებები იყო დარგობრივი, ანუ იმართებოდა დარგები, ცალკე კულტურა, ცალკე ჯანდაცვა, ცალკე ეკონომიკა და ა.შ. ამდენად, ტერიტორიები კი არ იმართებოდა, არამედ იმართებოდა დარგები და შემდეგ ტერიტორიებში ეს დარგობრივი გადაწყვეტილებები ტარდებოდა. დღეს ეს სისტემა შენარჩუნებული გვაქვს, ანუ, ამჟამად, ჩვენ დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც 1990 წელს ვიყავით, უფრო უარესიც, რადგან ამ დარგობრივი მართვის კარიკატურული სურათი გვქონდა. ის დარგობრივი მართვა რაღაც რაციონალურ მოსაზრებებს ემყარებოდა, მოსკოვის დონეზეც და თბილისშიც იყო საგეგმო კომიტეტები და იქ იგეგმებოდა ამ დარგების განვითარება. რა თქმა უნდა, ეს მავნე სისტემა იყო და შედეგიც სახეზეა, საბჭოთა კავშირი დაიშალა.
დღეს რაც გვაქვს, ეს კიდევ უარესია, რადგან ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, არის ცენტრალიზებული დარგობრივი მართვის რადიკალური ვერსია, ანუ ვოლუნტარისტული მართვა, როდესაც ერთი კაცი თავის ხუშტურებით წყვეტდა ქვეყნის ბედს. ამის მაგალითად ძალიან ბევრი ასეთი გადაწყვეტილების მოტანა შეიძლება, თუნდაც პარლამენტის ქუთაისში გადატანა (აბსოლუტურად დაუსაბუთებელი), ასევე ლაზიკა და ა.შ. ცხადია ამას დეცენტრალიზაციასთან არაფერი საერთო არ აქვს. დეცენტრალიზაცია არის მმართველობის სისტემის რეფორმირების პროცესი, საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივიც, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან ბევრი მმართველობითი უფლება-მოსილებების და შესაბამისი რესურსების გადატანა თვითმმართველობის დონეზე. მხოლოდ კომპეტენციების გადაცემა საკმარისი არ არის, კომპეტენციებს უნდა მიაყოლო ქონება, ფული და უნდა დაიწყო ფისკალური დეცენტრალიზაცია, ანუ ყველა მმართველობითი დონე ეკონომიკურად თვითკმარი უნდა იყოს, მას უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ეს გადაწყვეტილებები. ამ ყველაფერს კი კარგად გააზრება, დაგეგმვა და მიზანმიმართული იმპლემენტაცია სჭირდება და არა ისე, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, რომ გუბერნატორები უნდა ავირჩიოთ.
რას მოგვცემს გუბერნატორის არჩევა?
- ზოგადად დემოკრატიული პრინციპების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანო არჩევითი იყოს და ხალხის მანდატით იყოს აღჭურვილი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გარანტი. უფრო მეტიც, მაგალითად, თბილისის მერი პირდაპირი წესით არის არჩეული, მაგრამ მან ხალხის მანდატი ძალიან ბოროტად გამოიყენა და ახლა არის პრობლემა, როგორ შეიძლება არჩეული მერი თანამდებობიდან გავათავისუფლოთ. თბილისის შესახებ კანონი რომ ნახოთ, იქიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მერის უფლება-მოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმს ითვალისწინებდა. ამდენად, დღეს არ არსებობს კანონიერი მექანიზმი, რომლითაც ქალაქის არჩეულ მერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ცხადია, კანონი შეიცვლება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ეს შეუძლებელია.
საზოგადოებას სერიოზული ეჭვები აქვს უგულავასთან დაკავშირებით, რომ ის რაღაც დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა. ამიტომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ იგი დაიჭირონ და გაასამართლონ, ციხეში ჩასვან, მაგრამ კანონს თუ არ შევცვლით, ის მაინც მერი იქნება, რაც რა თქმა უნდა, კურიოზული მდგომარეობაა. ამდენად, არჩევითობა დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არის, მაგრამ ეს არ არის ისეთი ურყევი პრინციპი, რომლის გარეშეც დემოკრატია არ შედგება.
თუკი თვითმმართველობაზე ვსაუბრობთ, მისი ევროპული გაგემა ემყარება იმას, რომ თვითმმართველობა პირველ ყოვლისა, არის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის საკრებულო, წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არის შემდგარი, აღჭურვილია მოსახლეობის მანდატით და საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა განწყობებს, ინტერესთა ბალანსს გამოხატავს. თუ ჩვენ ერთ ადამიანს ავირჩევთ და მას ყველა უფლებას მივცემთ, მაშინ შეიძლება ისეთი მდგომარეობა მივიღოთ, რომ დიქტატორი ავირჩიოთ. მნიშვნელოვანია, წარმომადგენლობითმა ორგანომ მოახერხოს ინტერესების რეპრეზენტაცია, ანუ ამ ორგანოში ინტერესთა წარდგენა მოხდეს და გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებით მიიღებოდეს.
თვითმმართველობა თავის გადაწყვეტილებებში ორ ძირითად პრინციპს უნდა ემყარებოდეს. ერთი არის ის, რომ გადაწყვეტილება ხალხისთვის მისაღები და პოპულარული უნდა იყოს, თუ მოსაწონი არა, გასაგები და მისაღები მაინც, ანუ შეიძლება საზოგადოებრივი განწყობის მხრივ მე უმრავლესობაში არ ვიყო, მაგრამ მესმოდეს იმ უმრავლესობის და საკრებულოს გადაწყვეტილება ჩემთვის თავს მოხვეული არ იყოს. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადის მიბმა, რაც სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება იყო.
გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება პოპულარული უნდა იყოს, მთლად პოპულიზმში რომ არ გადავვარდეთ, გადაწყვეტილების მიღების დროს არის ასევე მეორე მიმართულებაც და ამას ჰქვია კომპეტენტურობა. აღმასრულებელი ორგანო სწორედ კომპეტენტურობაზე არის აგებული, არსებობს პროფესიონალთა გუნდი და როდესაც საკრებულოში გადაწყვეტილება არის მისაღები, იქ უკვე გადაწყვეტილების ისეთი პროექტები მოდის, რომლებიც კომპეტენტურია. ამიტომ, კომპეტენტურობა და პოპულარობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა ჩვენ ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა გვყავდეს. რა თქმა უნდა, მთავარი არის ის, რომ ამ ხელისუფლებას მოსახლეობის მანდატი უნდა ჰქონდეს.
კარგად რომ გავიაზროთ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, ამ თემაზე for.ge-ზე სტატიაც დავწერე, კომუნალური რევოლუცია ხომ არ მოგვეხდინა-მეთქი და გეტყვით, რას ვგულისხმობდი. სიტყვა კომუნა ფრანგულად ნიშნავს თემს, ანუ ადგილობრივ საზოგადოებას, თვითმმართველობას სხვანაირად კომუნალურ ხელისუფლებას უწოდებენ ხოლმე. მისი ძირითადი ფუნქცია არის ყოველდღიური კომუნალური მომსახურებების, როგორიც არის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და ა.შ. ორგანიზება. დღეს ადგილობრივ თვითმმართველობას ეს ფუნქცია წართმეული აქვს. ყველაფერ ამას გარკვეული ობიექტური მიზეზებიც აქვს, რადგან პოსტსაბჭოთა ქაოსში ეს კომუნალური მომსახურებები საერთოდ მოიშალა, რის გამოც ამ საკითხების მოწესრიგება სახელმწიფომ ითავა და რაღაც სისტემა ააგო, დენიც გვაქვს და გაზიც, მაგრამ რის ფასად? ბაზარზე მონოპოლისტები ისე შემოდიან და გადიან, არავინ არაფერს გვეკითხება, საჯარო რესურსებს ისე ინაწილებენ, თითქოს ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. რაც მთავარია, მოქალაქე არის სრულიად უუფლებო აბონენტი, მას არავინ არაფერს ეკითხება, დაწესებულია თავსმოხვეული ტარიფი და ნებისმიერი მომსახურება უნდა მიასაღონ, აქ ხარისხზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.
მაგალითად, რა ხარისხის წყალს მივირმთმევთ, არავინ იცის. მადლობა ღმერთს, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველგან ხომ არ არის ასე. საერთოდაც წყალმომარაგების კომპეტენცია კერძო სტრუქტურაშია გადატანილი, მოუნდება ვიღაცას და მოგამარაგებს წყლით, არ მოუნდება და დარჩები უწყლოდ, რაც უპრეცედენტო რამ არის, არსად ასე არ ხდება.
კომუნალურ რევოლუციაში იმას ვგულისხმობ, რომ ეს ფუნქციები ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს. გასაგებია, რომ არ იყო დენი და გაზი და სახელმწიფომ აიღო ეს ფუნქცია, მაგრამ ახლა გვაქვს დენიც და გაზიც და კეთილი ინებონ, უჩვენოდ ნუ გააკეთებენ ამას, დაუბრუნონ ადგილობრივ საზოგადოებას და მან თვითონ მოაწყოს ეს სისტემა ისე, როგორც მას სურს. ამის შედეგად ის მტაცებლური ფასები კი აღარ იქნება და ნებისმიერი ხარისხის პროდუქციას კი არ შემოგთავაზებენ, არამედ ისე მოიქცევიან, რომ შენთვის მისაღები პირობები იყოს.
როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ორგანიზება?
- ეს ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რესურსები, რომლებიც მონოპოლისტებს აქვთ მიტაცებული, ხალხს უნდა დაუბრუნდეს და ბევრი ასეთი რთული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, მაგრამ სხვა გზა არ არის. თუ სამართლიანი ტარიფები და სამართლიანი წესებით მომსახურება გვინდა, ეს ასე უნდა მოხდეს. თუ ეს ყველაფერი ცენტრალურმა მთავრობამ თავის ნებით არ განახორციელა, შეიძლება დადგეს დღის წესრიგში კითხვა - ხომ არ მოგვეწყო კომუნალური რევოლუცია?
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას გუბერნატორების არჩევასთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით მას?
- ერთი მხრივ, ამ საკითხის დაყენება ყოფილი მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრისთვის კეთდება. ჯერ ერთი, მათი მხრიდან დეცენტრალიზაციაზე საუბარი უბრალოდ ცინიზმია, რადგან დარგობრივი ცენტრალიზებული მართვის კარიკატურული ვარიანტი აქვთ შექმნილი. საჯარო რესურსები ერთ კაცის ხუშტირებით ნაწილდება. 340 მილიონი დაჯდა ქუთაისში პარლამენტის შენობა, ასეულობით მილიონი გადაიყარა ლაზიკაში, ჭაობში იუსტიციის სახლის მშენებლობაში, რომელიც, ალბათ, ბაყაყებისთვის აშენდა, თბილისში იუსტიციის სახლის მშენებლობაც 100 მილიონზე მეტი დაჯდა და ა.შ.
რა თქმა უნდა, კარგია იუსტიციის სახლის კომფორტული მომსახურება, მაგრამ პასპორტის მანქანიდან გადმოუსვლელად აღება საქართველოს მოსახლეობისთვის პირველი ხარისხის ამოცანა არ არის. ეს არის თუნდაც ის, რომ კომუნალური მომსახურება ხელსაყრელი პირობებით მიიღოს. თუ ვსაუბრობთ დეცენტრალიცაზიის რეფორმაზე, ამას საჯარო სამსახურის რეფორმაც უნდა მოჰყვეს.
ამას კონსტიტუციური ცვლილებები სჭირდება?
- არა, არსებობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებლად დასახვეწია. ზოგადად კი საკანონმდებლო პრობლემები არსებითი არ არის, მთავარი პრაქტიკაა. მაგალითად ავიღოთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობაზე მოხელის დანიშვნა უნდა ხდებოდეს აუცილებლად კონკურსის წესით, ან დაწინაურებით, ან სანამ ეს მოხდება, შეიძლება დროებით დაინიშნოს ადამიანი მოვალეობის შემსრულებლად. არც ერთი გამგებელი კონკურსის წესით დანიშნული არ არის, ამდენად ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან. არ ვიცი რა მოსაზრებით, მაგრამ თავად ყოფილმა ხელისუფლებამ კანონში ჩაწერა, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე შეიძლება იყოს არა უმეტეს სამი თვის ვადით. ეს ნორმა 2013 წლის 1 აინვრიდან ამოქმედდება. აქამდე ხდებოდა ასე - დანიშნავდნენ პირს მოვალეობის შემსრულებლად და ის რჩებოდა ამ თანამდებობაზე. 2013 წლიდან კი ასე აღარ გამოვა, ანუ სამი თვის შემდეგ კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კონკურსის ჩატარება რომ ფორმალობა არ იყოს, ძალიან ძირეულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, უნდა განისაზღვროს თანამდებობის აღწერილობა, კვალიფიკაციის არე, აქედან გამომდინარე კი - საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ამდენად, ქვეყანა მმართველობითი სისტემის სერიოზული ცვლილების აუცილებლობის წინაშე დგას და კაცმა არ იცის, რას ვაკეთებდით ეს ოცი წელიწადი. ამ წლების განმავლობაში ხან ერთმანეთს ვეომებოდით, ხან მიშა-მიშას ვყვიროდით და ა.შ. ამიტომ უნდა გავხდეთ რაციონალურები (და მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ძალიან გაიზარდა) და ვისწავლოთ საკუთარი თავის მართვა. სწორედ ეს არის თვითმმართველობა.
პრეზიდენტის ეს ინიციატივა კი არის დემაგოგიური ხაზის შემოტანა, რადგან აქცენტი კეთდება დემოკრატიის ისეთ მდგენელზე, როგორიც არის პირდაპირი არჩევნები. ამდენად, ეს საზოგადოების დაბნევის მცდელობაა. გუბერნატორს დღევანდელი კანონმდებლობით რეგულარული ფუნქცია არ გააჩნია, იქ წერია მხოლოდ ის, რომ იგი მთავრობის დავალებების შემსრულებელია. ერთადერთი რეგულარული ფუნქცია კი ის აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობა უნდა მოახდინოს, რათა მასზე დელეგირებული უფლება-მოსილებების ჯეროვნად განხორციელება მოხდეს.
საერთოდ ისიც დასაფიქრებელია, მმართველობის რამდენი დონე გვჭირდება ქვეყანაში. კლასიკური ვარიანტია, ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლებები. ეს, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ ჯერ ერთი მათ შორის კომპეტენციები და რესურსებიც უნდა გაიმიჯნოს. ამასთანავე, მეორე პრობლემაც დგება - ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ დეცენტრალიზაცია რეგიონალურ დონეზე განვახორციელოთ? უფლება-მოსილებების გამიჯვნა მოგვიწევს არა მხოლოდ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის, არამედ ასევე რეგიონელურ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორისაც. ეს იქნება ისეთი პროცესი, რომელმაც შეიძლება ამ ეტაპზე ქაოსიც მოგვიტანოს.
ხვალ რომ არჩევნები ჩავატაროთ და გუბერნატორი ავირჩიოთ, მაგალითად ავირჩიეთ კახეთის გუბერნატორი, მივიღებთ თანამდებობას, რომელსაც არც არანაირი კომპეტენცია და არც რესურსი გააჩნია. ამიტომ, იგი ან თვითმმართველობის საქმეებში დაიწყებს ჩარევას, ან ცენტრალურ ხელისუფლებას დაეჯახება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კახეთი გადავკიდოთ ცენტრალურ ხელისუფლებას და მეორე მხრივ, საკუთარ რეგიონალურ ხელისუფლებასაც. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პრობლემებს შექმნის. ამასთანავე, ეს კარგი მეთოდია რევანშიზმისთვის, სააკაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებაში პლაცდარმებს ქმნის, ანუ ცდილობს, საჯარო სამსახურზე გავლენა შეინარჩუნოს, ნომენკლატურა (საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, პროკურორი და ა.შ.) დაიჭიროს. სააკაშვილმა რამდენიმე ცოტა არ იყოს სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო, მან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაუზარდა, რითაც ცდილობს, ისინი მოიმადლიეროს. ამდენად, პირადი ურთიერთობების ხარჯზე ცდილობს ამ პლაცდარმის გაკეთებას და სადაც ხელი მიუწვდება იყენებს იმ მექანიზმს, რომ მაგალითად, კონსტიტუციით გუბერნატორის დანიშვნის უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამ უფლებას კორექტულად იყენებს, რადგან გუბერნატორს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შედეგად უნდა ნიშნავდეს, რადგან გუბერნატორი უპირველეს ყოვლისა, მთავრობის წარმომადგენელია, და როგორ შეიძლება მის დანიშვნაში პრემიერ-მინისტრი არ ღებულობდეს მონაწილეობას? სააკაშვილის ეს ქმედება, რომ სანამ კანონები შეიცვლება, სასწრაფო წესით ნიშნავს გუბერნატორებს, უბრალოდ არაფერს ნიშნავს. მოვა ახალი ხელისუფლება და შეცვლის ამ გუბერნატორებს.
ზოგადად კი, თუ სისტემა დალაგებული არ არის, არჩევითი თანამდებობა საფრთხის შემცველია, რადგან როდესაც ადამიანს აძლევ მანდატს, ზუსტად უნდა იცოდე, რა ფარგლებში იმოქმედებს ეს მანდატი. იმხელა გამოცდილება მივიღეთ ამ საკითხში, რომ ნებისმიერი თანამდებობის ძალაუფლება ძალიან მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ, და უნდა გვქონდეს არა მხოლოდ პირდაპირი საზოგადოებრივი, არამედ ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები, ინსტიტუციები ერთმანეთს უნდა ზღუდავდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ვინმემ აიწყვიტოს. ამაში ძალიან დიდი როლი მედიასაც ენიჭება, რადგან ხელისუფლების რეფორმირების თემა მთავარ თემად უნდა აქციოთ, როგორ მოხდება სხვადასხვა მმართველ დონეებს შორის მმართველობითი ფუნქციების გადანაწილება, რესურსების გადანაწილება და დაიბრუნებს თუ არა საზოგადოება წართმეულ ძალაუფლებას, რადგან დემოკრატია სწორედ ეს არის.
სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში უბრალოდ ცინიკური იყო, რადგან მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალიზებული სისტემა შექმნა. იგივე პარლამენტის ქუთაისში გადატანა, როგორც ზემოთაც ვთქვი, სულაც არ ემსახურება მმართველობის დეცენტრალიზაციას. არგუმენტი, რომ თითქოს ეს გადაწყვეტილება ქუთაისის განვითარებას შეუწყობს ხელს, სრული აბსურდია. ის თანხა, რაც პარლამენტის შენობის აშენებას მოხმარდა, ქუთაისისზე რომ დაეხარჯათ, ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა. ეს თანხა ორ სატრაქტორი ქარხანას აამუშავებდა, რაც ქუთაისს ბევრად მეტ სარგებელს მოუტანდა.
ქუთაისის პარლამენტში გადატანის მიზანი რეალურად მისი ისეთ ადგილას მოყუჩება იყო, რომ პოლიტიკური პროცესებსე მას გავლენა ვეღარ მოეხდინა. ნაციონალებს რომ არჩევნები მოეგოთ, პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, ამიტომ, ისინი ქუთაისში შეიკრიბებოდნენ, ჟურნალისტებიც ამხელა ყურადღებას მათ არ დაუთმობდნენ. ამიტომ, გადაწყვეტილებებს ისევ სააკაშვილი მიიღებდა, პარლამენტი კი ნოტარიუსის ფუნქციის შესრულებას გააგრძელებდა.
მოგეხსენებათ, პარლამენტი ხალხის მანდატით აღჭურვილი ორგანოა და როდესაც ამ ორგანოს კლავ, ეს მხოლოდ მის მარგინალიზაციას ემსახურება. მიზანიც სწორედ ეს იყო და არა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. ამასთანავე, მოგეხსენებათ, პროტესტის გამოსახატად ყოველთვის პარლამენტის წინ ვიკრიბებოდით, რადგან ეს უწყება არის ჩვენი მანდატით აღჭურვილი.
ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, ყველა პოლიტიკური პარტიის ძირითადი რესურსი თბილისშია თავმოყრილი და მათთვის ძალიან რთულია ქუთაისში სიარული.