გიორგი გახარია არაფრით აკონკრეტებს, ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ბრძანება, თუმცა ჩნდება კითხვა, როგორი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის როლი ამ საქმეში და სწორედ ჩუბინიძემ ხომ არ გასცა ბრძანება, რასაც მომიტინგეთა დასახიჩრება მოჰყვა?!
ვიდეოკადრების მიხედვით, 20 ივნისის სპეცოპერაციისას ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმს შორის მოძრაობს და აკონტროლებს ვითარებას. კადრები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა სპეცდანიშნულების წევრები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს ესვრიან. ამ კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ანზორ ჩუბინიძე ჩანს არა თავისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც პარლამენტის დაცვა ევალებათ, არამედ სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რომლებიც რეზინის ტყვიებს იყენებენ.
როგორც ამბობენ, ანზორ ჩუბინიძე ის იშვიათი ადამიანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. სხვათა შორის, მას შემდეგ რაც ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გამოემშვიდობა პოსტს, საუბარი იყო, რომ შს მინისტრის სავარძელს გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებდა. როგორც ამბობდნენ, ჩუბინიძემ იმხანად შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ჩუბინიძეს ძალოვანების ხელმძღვანელობას სთავაზობდნენ, მაგრამ პირველ ჯერზე ანზორ ჩუბინიძემ მინისტრის პორტფელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. არც მეორე ჯერზე მოხერხდა მისი გამინისტრება. ეს მაშინ, როცა თავად ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა, რომ „ანზორ ჩუბინიძე თავისი წარსულით ყველაფერს იმსახურებდა“.
ანზორ ჩუბინიძე წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, ჩუბინიძე ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში შეუდგა მუშაობას. 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა ის მეორედ დანიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად.
ჰქონდა თუ არა ჩუბინიძეს უფლებამოსილება, მონაწილეობა მიეღო პოლიციელების მიერ გატარებულ სპეცოპერაციაში და მათთვის მითითება მიეცა?!
საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ანზორ ჩუბინიძეზე შეტევა დაუმსახურებელია. მის სამსახურს აკისრია სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფუნქცია და ის, რომ გენერალი, სამსახურის უფროსი დგას ჯარისკაცების, რიგითების, ოფიცრების გვერდით და იცავს ამ ხელჩართულ ბრძოლაში სახელმწიფო ობიექტს, ეს მხოლოდ დადებითზე მეტყველებს. თანაც, არსებული კადრების მიხედვით, ანზორ ჩუბინიძეს ზედმეტი არაფერი უთქვამს. თუ განსხვავებული კადრები არსებობს, ეს სხვა საქმეა.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, რომ ანზორ ჩუბინიძის სამსახურს სახელმწიფო ობიექტის დაცვა ევალება და მისი ფუნქცია არ არის ობიექტისგან მოშორებით რეზინის ტყვიების გამოყენება, ამის შესახებ ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ობიექტს შიგნიდან ვერ დაიცავ.
ჯერ კიდევ 2007 წლის აქციების შემდეგ კანონია მიღებული, რომლის თანახმადაც, 10 თუ 20 მეტრია დადგენილი და ამ მანძილზე სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებთან აქციების დროს მიახლოება არ შეიძლება.
„გამოითქვა მოსაზრება, რკინის კარების შიგნით დამდგარიყვნენ სამართალდამცავები და ისე დაეცვათ სახელმწიფოს კუთვნილი შენობა, მაგრამ თავად პოლიციის და სპეცრაზმის გადასაწყვეტია, შიგნით დადგებიან, თუ გარეთ, როგორც უფრო იოლია, იქ დადგებიან. რას უნდა დაელოდონ, რომ მომიტინგეები მაინცდამაინც ჭიშკარზე აძვრნენ, გადახტნენ და სამართალდამცავები ამის მერე მხოლოდ შიგნით უნდა გაუმკლავდნენ ადამიანებს? ეს ხომ უკვე შეღწევაა, პოლიციამ და სპეცრაზმმა კი შეღწევა არ უნდა დაუშვას. ამიტომ კარგად ნახონ ვიდეოკადრები და, თუ იქ რამეს აშავებს ანზორ ჩუბინიძე, მე ვერავის ადვოკატი ვერ ვიქნები. რაში უნდა დავადანაშაულოთ გენერალი, რომელიც დგას თავის ჯარისკაცებთან ერთად ცემა-ტყეპაში, როცა სამართალდამცავებს ფარებზე ურტყამენ რკინებს?! ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ეს არც იმ კადრებში ჩანს. ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ. ჩვენ არც ის ვიცით, შიგნით როგორ მოხდა განაწილება ძალოვან უწყებებს შორის. იქნებ, ობიექტზე უშუალოდ პასუხისმგებელ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ანუ ანზორ ჩუბინიძის უწყებას მიეკუთვნა საპოლიციო ძალები გასაძლიერებლად?! ეს ხომ არ უნდა გამოვრიცხოთ?! ასეთ სიტუაციაში ის სრულიად უფლებამოსილი იქნებოდა, ემართა ეს ძალები. ამაში კანონდარღვევა არაფერია. თუ მას სხვა ბრძანება აქვს გაცემული, რომ კონკრეტული ადამიანისთვის რეზინის ტყვია ესროლათ, ამასაც გამოძიება გაარკვევს“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბარში.