ოპოზიცია „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

ოპოზიცია „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

უმრავლესობა დღეიდან იწყებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს.

თავის მხრივ, კომიტეტი დეპუტატთა ხელმოწერებს გადაცემიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს წარუდგენს. ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%–იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე. საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის ყველა წევრმა რომც დაუჭიროს მხარი, მაინც არ იქნება საკმარისი, რადგან უმრავლესობას პარლამენტში საკონტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მარტო „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებას ვერ გაიტანს.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამისთვის საჭიროა საპარლამენტო ოპოზიციის ხმები. მისი თქმით, ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113–ზე მეტი ხმა და „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს დაახლოებით 106 ხმა.

„მე ვერ გამოვრივხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და თქვენთვის ეს სიახლე არ არის. არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცლებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს რაიმეს“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილი არ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მიწვეული. როგორც ვიცე–სპიკერი აცხადებს, კონსტულაციებსითვის ყველა პარტია მიიწვიეს.

„ჩვენ ყველა პოლიტიკური ძალა გვყავს მოწვეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში თქვა და ეს არის შეჯერებული პოზიცია პოლიტიკური პარტიის, რომ ინდივიდებთან, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისაკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან ჩვენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ–ერთი მთავარი ოპოზციური ძალა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მათ თუ აქვთ სურვილი ამ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის, ამის პრობლემა არ ექნებათ. თუ არ ექნებათ მოსვლის და საუბრის სურვილი, არც ეს იქნება პრობლემა, ეს მათი არჩევანი იქნება“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობი ორგანიზაციებს, დიპლომატებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს იმ ინიციატივის წარდგენაზე იწვევს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციულ სისტემას და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის თემას ეხება. „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი. მისი თქმით, ისინი არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“ და მის მთავრობას საშუალებას, რომ რაიმე ფორმით მოახდინოს მანიპულაცია და უკან წაიღოს ის მონაპოვარი, რომელიც ამომრჩეველმა და აქციებმა მოიტანა.

„სწორედ ეს იყო საპროტესტო აქციების მანდატიც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა ბოლომდე მიიყვანონ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ახლა და არა ის, რასაც ივანიშვილი გვეუბნებოდა, რომ 4 წელი კიდე მომაპარინეთ და მერე გადავალ პროპორციულზეო. ეს ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი, ეს გულისხმობს სხვადასხვა ფორმატებს და ამ ფორმატებში ჩვენ პარტიებმა შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიაც ავირჩიოთ.

ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დიახ, უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი. თუმცა, რაიმე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავთ. კონსტიტუციის ცვლილებას ბევრი დისკუსია არ სჭირდება, კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი“, –აცხადებს გიგი უგულავა.

იმ პირობით, თუ შემდეგ კონსულტაციები გაგრძელდება, „ახალი მემარჯვენეები“ მზად არიან პრეზენტაციას დაესწრონ. მამუკა კაციტაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამოდის და აწყობს პრეზენტაციას საკუთარი ხედვებისას, ოღონდ მანამდე ინიცირებას ახდენს უკვე პარლამენტში ამ კონკრეტული წინადადებისას.

„ანუ რეალურად, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენთან ერთად მინდა მოლაპარაკება, შეთანხმება და კონკრეტული შეთანხმების შედეგის მოძებნა, უცებ მას ელაპარაკები წარმოდგენით და პრეზენტაცია ეს არის წარმოდგენა, ანუ კონცერტია ფაქტიურად მისი და მპატიჟებ უბრალოდ, რომ მას უბრალოდ მოვუსმინო. თუ ასე ხედავს „ქართული ოცნება“ მე ვიტყოდი კარგ შემოთავაზებას, რომელიც გააკეთა, მაშინ ეს არ არის კარგი წმინდა პროცედურულად და წმინდა კოლეგიალურად. თუ უბრალოდ წარმოდგენა უნდა და შემდეგ ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლებს, რომ შეთანხმება შედგეს, მაშინ ამის ატანა კიდევ შეიძლება“, –განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პროპორციული სისტემა არის უდიდესი მონაპოვარი იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში იდგა და აპროტესტებდა და ასევე ოპოზიციის, რომელმაც ხელმოწერები მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა და პარლამენტს მიმართა. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ახლა მთავარია, ის კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს, დაკომპლექტდეს როგორც პოლიტიკოსებით, ასევ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარეგისტრირდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, შეიქმნას კომისია. ისედაც იქმნება, მაგრამ ამ კომისიაში შევიდეს ყველა ის პოლიტიკური პარტია, სუბიექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პროპორციული სისტემაზე. ასევე ის

აქტივისტები, რომლებიც პროპორციულ სისტემას ითხოვენ უკვე ძალიან დიდი ხანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პროპორციული სისტემა არის მთავარი კომპონენტი არჩევნებში, ვადამდელი იქნება ეს თუ ვადიანი. მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემის მოთხოვნით თავად 200 000–ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.

„მოთხოვნებში არის პოლიტიკური ნაწილი, არის საკადრო ნაწილი. კონცეპტუალურ პოლიტიკურ ნაწილში ხელისუფლება ვაიძულეთ, ეთქვა „პროპორციული საარჩევნო სისტემა“. დაიწყეს ინიცირება. თავად გვაქვს ინიცირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემის მოთხოვნა 200 000–ზე მეტი ხელმოწერით და ახლა ეს ინიციატივები ერთმანეთს შეხვდება პარლამენტში.

შესაქმნელია საკონსტიტუციო კომისია და განსახილველია საკითხები, სადაც რაღაცაში არის სხვაობა ბლოკებთან დაკავშირებით, ბარიერთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს არის მსჯელობის საგანი, მაგრამ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.