მელიას შინაპატიმრობა მიუსაჯეს

მელიას შინაპატიმრობა მიუსაჯეს

30 000 ლარის ოდენობით გირაოსა და დამატებითი ვალდებულებების სანაცვლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა. პროკურორმა შუამდგომლობით ითხოვა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, ასევე მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე. რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

რაც შეეხება დამატებით ვალდებულებებს, სასამართლოს განჩინებით, მელიას აეკრძალა, საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 14 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლოს მხრიდან გირაოს შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას არ ელოდა. მელიას აინტერესებს, პროკურორმა 93 დეპუტატი როგორ დაარწმუნა, რომ დამნაშავეა, თუ სასამართლო ვერ დაარწმუნა.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, შეეშინდათ. ბიძინა ივანიშვილი იმ საფრთხეების წინაშე დადგა, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა ის, რაც გააკეთებინა ამ ჩინჩალაძის ძმაკაცს. ეს მოსამართლე არის კოლეგიის თავმჯდომარე და ჩინჩალაძის ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი.

ვის წარმოუდგენია, რომ 92 დეპუტატმა, დილის 9 საათიდან რა არ ჩაიდინეს, რომ სასწრაფო წესით იმუნიტეტი მოეხსნათ ჩემთვის, მერე კომენტარების გასაკეთებლად დაეწყვნენ და თქვეს, რომ უამრავი მტკიცებულება არისო. მივმართავ 92 დეპუტატს – აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?! გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, დაგაჩოქათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ. მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ეთანხმება „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე, რომ დღევანდელ სიტუაციაში ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა და არის პოლიტიკური. მისი თქმით, ეს არის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რამდენად უსუსურად გამოიყურებოდა პროკურატურა და რამდენად სამარცხვინოდ გამოიყურებოდა მის მიერ მოტანილი არგუმენტები.

„ვეთანხმები ნიკა მელიას, რომ დღევანდელ სიტუაციაში ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა და არის პოლიტიკური, ოღონდ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რამდენად უსუსურად გამოიყურებოდა პროკურატურა და რამდენად სამარცხვინოდ გამოიყურებოდა მის მიერ მოტანილი არგუმენტები. ასევე, იმის გათვალისწინებით, რა განწყობაა ქართულ საზოგადოებაში. პროცესებს უფრო გაამწვავებდა და ჩიხში შეიყვანდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის არგუმენტებს არ იზიარებს მმართველი გუნდი. ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ნიკა მელია ციხეში იჯდეს. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას.

„სასამართლოს პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგბელობის მოხსნას. მისი პასუხისმგბელობის განსაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილება არ არის. რა უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, ვერ გავიგე, მაშინ როცა მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმარავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე, ერთი – ნიკა მელია არავის დაუპატიმრებია და ეს იყო ბინძური ტყუილი და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია. მისი თქმით, სასამართლოს მიმართ რამდენიმეწლიანი ანტიპიარი მიმდინარეობს, თუმცა დამტკიცდა, რომ ის დამოუკიდებელია. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბინძური მესიჯი გაავრცელა, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია.

„სიმართლე არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სიმართლე არის კიდევ ერთი, რომ გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოატყუა ქართული საზოგადოება და ძალიან სპეკულაციური, ბინძური მესიჯი გაუშვა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია. ხომ აღმოჩნდა დღეს რომ ეს ტყუილი იყო?! ანუ რასაც ვიმეორებდით, ის არის მართალი.

საქართველოს პარლამენტმა გასცა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით მიემართა პროკურატურას სასამართლოსათვის. სასამართლომ გადაწყვიტა ასე – გირაო მკაცრი პირობებით, ე.წ. ამ შემთხვევაში შინაპატიმრობა, ეს აღკვეთის ღონისძიება არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ გირაო მკაცრი პირობებით პრაქტიკულად ამას ნიშნავს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დამუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, თითქოს არ იმჩნევენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან. გოგიჩაიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი არასწორად მოიქცა, მაგრამ დღეს სასაცილო ვითარება შეიქმნა.

„გუშინ მმართველი გუნდი სწორად არ მოიქცა, მაგრამ ძალიან სასაცილო სიტუაცია შეიქმნა ახლა. ვითომ, არ იმჩნევენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან. პირველ რიგში, უხერხულობა მათმა ხელმძღვანელმა, პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. რაც არ უნდა იძახონ, რომ სასამართლო თავისუფალია და ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის ძალით ნათქვამი, რომ არ გინდა ამის თქმა, სხვა გზა არ გაქვს და გიწევს თქმა.

„ქართული ოცნება“ არის პრობლემური ამ ქვეყანაში, რადგან მან ფაქტობრივად, ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა. მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ელექტორატს, ყველაფერს აკეთებს „ოცნება“ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაკარგოს და ერთადერთი, ამ სისუსტიდან გამომდინარე, იზრდება იმ პროვოკატორების შანსი, რომ აიღონ ხელისუფლება. ამიტომ „ოცნების“ ამომრჩეველს მართებს სერიოზული სიბრძნე, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.