პარლამენტმა მელია ციხისთვის მოამზადა

პარლამენტმა მელია ციხისთვის მოამზადა

91 მომხრე, 3 წინააღმდეგი – რომან კაკულია, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია – მათ მხარი არ დაუჭირეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს. დეპუტატებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა. ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო.

სახელმწიფო ბრალდება ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში. გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

პროკურორ გულუაშვილის თქმით, პარლამენტის სხდომაზე ვერ მოხდებოდა დეტალური მსჯელობა იმ მტკიცებულებებზე, რაც დღეის მდგომარეობით მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა მისი თქმით, იყო გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ ეს მტკიცებულებები დამახინჯებულიყო.

„საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, საუბარი იყო პოლიციელების ჩვენებებზე იმ კონტექსტში, თითქოსდა ის გარემოება, რომ ისინი პოლიციელები არიან, აპრიორი მიუთითებს მათ ცრუ მოწმეობაზე, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი არის აღბეჭდილი ნიკანორ მელიას გვერდით ვიდეოფირზე“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ. „ქართული ოცნების“ პირისპირ მხოლოდ ნიკა მელია იჯდა. ოპოზიციის წევრების თქმით, ეს თავად ნიკა მელიას სურვილი იყო. საპარლამენტო უმცირესობა ამტკიცებდა, რომ ის, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, ბიძინა ივანიშვილის დავალება და რუსეთის ხელისუფლების, გავრილოვის დაკვეთა იყო.

„მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი“, – ეს არის ნიკა მელიას ბოლო მიმართვა საქართველოს პარლამენტში.

„მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, სიამაყით და თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დიახ, დღეს, მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. დიახაც, მე დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას, მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ მე განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას. წარმატებები, რომ არა ცილისწამება ამასაც არ ვიტყოდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას მიმართვის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ და უპასუხა, რომ მის მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები და მათ მიატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდა.

„ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ, ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო – ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია, ეს არის სიმართლე. მეორე – მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები. არ მგონია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, დაგიცვათ სათანადოდ. ამიტომ, ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად, სადაც მიგატოვეს იმიტომ, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა გამოძიებისგან 20–21 ივნისის ღამის ერთ–ერთი შემოქმედის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხი დააყენა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილიც აკეთებდა მოწოდებებს, ის არც დაკითხულია და არც დაკავებული. ემზარ კვიციანმა კოლეგებს მიმართა, რომ ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კოლეგა გაწირა.

„ჩვენ 21 ივნისს ვიხილეთ ბევრი ადამიანი, რომლებიც აკეთებდნენ მოწოდებებს. მახსოვს ასეთი ფრაზა: „ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება“, - გახსოვთ, ალბათ, ყველას, მაგის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც არ სჭირდება არც შეჩერება იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? – არა.

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არსად არ გაქცეულა. დღესაც აქ მოვიდა, ზის აგერ და გისმენთ. ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არ გაიქცევა, რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი, ეგ მაინტერესებს. თუ არის საშუალება, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნებათ, თავდებში დაუდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ის არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კოლეგა გაწირა. რადგანაც მოვიყვანეთ აქ და დასვით, მაშინ კეთილი ინებეთ და დავიცვათ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პატიმრობა შეეფარდოს“, – განაცხადა ემზარ კვიციანიმა.

პროკურატურის მტკიცებულება არასაკმარისია დამოუკიდებელი დეპუტატისთვის ბექა ნაცვლიშვილისთვის, როგორც მან სესიაზე განაცხადა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურად გამართული დოკუმენტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ის რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის. მე არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე და ნიკა მელიას ტრა...ით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს აქ არ ზიან, ნიკა მელია მათ დღეს მიატოვეს და ეგ არის სამწუხარო. აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის პასუხისგებაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას და ჩინჩალაძე–მურუსიძის სასამართლოსთვის გადაცემაზე უარი განაცხადა უმრავლესობის ყოფილი წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომლის განცხადებით, მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუ იმუნიტეტი ყველა პარლამენტარს შეუჩერდებოდა.

„მოდით, ვიყოთ უფრო თანმიმდევრულები. არავის გვინდა, სახელმწიფო დანაშაულში კი არა, ნებისმიერ დანაშაულში ეჭვმიტანილმა ადამიანმა პასუხი არ აგოს. არც ერთი ჩვენთაგანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე არ მაქვს მორალური უფლება ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. არ არის ეს სწორი. ამ გადაწყვეტილებაში თუ მივიღებ მონაწილეობას, მგონია, რომ ჩემს სინდისთანაც მტყუანი ვიქნები და იმ ღირებულებებთანაც, რომლისთვისაც 2012 წელს ძალიან ბევრ თქვენგანთან ერთად ვიბრძოდი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მანამდე, პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანების სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნულ საკითზე მომხსენებლები იყვნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილი და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა საკითხს ცალ–ცალკე უყარეს კენჭი. უფრო ზუსტად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6–მა წევრმა პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემას მხარი დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, მისმა 9 წევრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე თითქმის 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და პროცესში მანდატურის სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.

როგორც უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, არავის დაჭერა არ უხარია, მაგრამ არის საკითხები, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უკავშირდება. დეპუტატის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნა ავტომატურ დაკავებას არ ნიშნავს, ვინაიდან ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა პროკურატურა ან პარლამენტი, არამედ სასამართლო იღებს.

„პროკურატურის მოთხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც დაჭერით დამთავრდება. ეს არის პროცედურა, რომელიც ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანისათვის იქნებოდა სამართლებრივი და დეპუტატი თუ ნებისმიერი სხვა, იმუნიტეტით არ უნდა სარგებლობდეს, თუ მის მიმართ კონკრეტული ბრალდებებია.

მხარს დავუჭერ მელიას მანდატის შეჩერებას, მით უმეტეს როდესაც გვაქვს ასეთი მძიმე შედეგები და არსებობს მთელი მტკიცებულებები, რაც მთელმა ქვეყანამ იხილა. მხარს დავუჭერ, რომ პროცედურა გაგრძელდეს და დაჭერას ხელს ვერ მოვაწერ. არავის დაჭერა მე პირადად არ მიხარია, მაგრამ არის საკითხები, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა მელიას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსვლისას გარეთ თანაგუნდელები დახვდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება დანაშაულია. ამასთან, სხდომათა დარბაზიდან გამოსულ უმრავლესობის წევრებს კი ოპოზიციონერი დეპუტატები დახვდნენ ტაშით და შეძახილებით – „სირცხვილია!“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში.

„ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს სამართალთან. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ პარლამენტის ინსტიტუცია გაანადგურა, რადგან მიღებული იქნა სისტემაზე მორგებული უსამართლო გადაწყვეტილება.

„ძალიან არასწორი რამ მოხდა. ადამიანს სიტყვები არ გეყოფა. ასეთი რაღაცეები არ შეიძლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაურბინა დღეს ხელისუფლებამ პარლამენტის ინსტიტუციას თავზე. მეც ამ ფარატინა ფურცლის გამო ვარ ციხეში წასული, ეს არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ეს რაღაც უბედურება და სისტემაზე მორგებული რაღაც. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კრიზისი, პოლიტიკური დეფიციტი. არასწორი გადაწყვეტილება არის. არ უნდა დაემსგავსო შენზე უარესს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

განმარტება გააკეთა უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა, რომლის შეფასებით, ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავად. როგორც ჯაში აცხადებს, შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილებას მიღება. ჯაში გამორიცხავს, რომ რომელიმე დეპუტატმა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მისცა ხმა მელიას წინააღმდეგ.

„არა იმიტომ, რომ სიმპათიები არსებობს, მასთან ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს ნაცნობობა და თანამშრომლობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც. იყო ალტერნატივები, რომელიც შესაძლებელი იყო, გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად. ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას ღებულობს თავად და ვფიქრობ, შეიძლება უფრო ძლიერი პოზიციები ყოფილიყო ადგილზევე რეაგირებით, რომელიც ასევე კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით არის მოაზრებული. დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიაჩნია სწორად“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

tngh "პატრიოტთა ალიანსმა" თავისი გუშინდელი "პრინციპული" გადაწყვეტილებით, და "აბდა-უბდა" განმარტებებით, მომხრეთა სულ ცოტა, 50% დაკარგა.
5 წლის უკან
tngh "პატრიოტთა ალიანსმა" თავისი გუშინდელი "პრინციპული" გადაწყვეტილებით, და "აბდა-უბდა" განმარტებებით, მომხრეთა სულ ცოტა, 50% დაკარგა.
5 წლის უკან
tngh "პატრიოტთა ალიანსმა" თავისი გუშინდელი "პრინციპული" გადაწყვეტილებით, და "აბდა-უბდა" განმარტებებით, მომხრეთა სულ ცოტა, 50% დაკარგა.
5 წლის უკან