ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დელიში ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
შეხვედრის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პომპეო მოგვიანებით შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ვიზიტი შედგა ვაჭრობის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს.
პომპეო ინდოეთში საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. პომპეოს ვიზიტი პირველი მაღალი დონის კონტაქტია აშშ-სა და ინდოეთს შორის მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოდი ხელახლა აირჩიეს პრემიერად. მიმდინარე კვირაში, იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში იგეგმება შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მოდის შორის.
ორი ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ ინდოეთის გეგმას, შეისყიდოს რუსეთის შ-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რასაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგება.