პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. გამოძიების ფარგლებში დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სსკ–ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის წარდგენის მიზნით ნიკა მელიას გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან.
გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
პარალელურად, შს სამინისტრო ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20–21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს – ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას.
მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს, თუმცა ეს თანხმობა საჭირო არ არის ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა 225–ე მუხლით ბრალს უახლოეს დეებში წაუყენებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.
პროკურატურის მოთხოვნას საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტები განიხილავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, საკომიტეტო განხილვა ხვალ დილითვე ჩატარდება. ამასთან, დღესვე პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე.
მატროსოვის ციხისთვის გამზადებული ნიკა მელია აცხადებს, რომ სერგეი გავრილოვთან ბრძოლის გამო აკავებს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის მოძულეა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს.
„ჩემი ეს ბრძოლა არის შეგნებული. ბრძოლა, რომელიც არის ოლიგარქის წინააღმდეგ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინის რუსეთის ფედერაციის ხელდასმული შს მინისტრია, რომელზეც პირველი ხარისხის გავლენა ივანიშვილსაც კი არ აქვს, ასეთ ბრძოლაში, ბუნებრივია, ყოველთვის ყველაფერს უნდა ელოდებოდე.
ერთ რაღაცაზე ნამდვილად მწყდება გული, როდესაც ძალიან მალე მოხვდება პოლიტიკური პანჩური ბიძინა ივანიშვილსა და მის რეჟიმს და ამას გააკეთებს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ იმ წუთას, იმ დღეს იქ არ ვიყო. სადაც ეს მოხდება, ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა ნიკა მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება, თითს ვერ დააკარებენ. მისი თქმით, უმრავლესობას სურს გახარიას მისვლა პარლამენტში „ამ პრელუდიით იზეიმონ“, რაც არ გამოუვათ.
„აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც თავის ლაქიებს – ბიუროში მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პლენარულ სხდომაზე.
დღეს უყრიან კენჭს და ამიტომ მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს კარგად დაფიქრდნენ, წინ მთელი ღამე აქვთ, ოჯახის წევრებს, მეგობრებს ახლობლებს დაელაპარაკონ და თავიანთ სინდისში ჩაიხედონ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს კანონი, ისტორია“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
გიგი უგულავა, რომელიც ასევე გაიზიარებს ნიკანორ მელიას ბედს, აცხადებს, რომ გიორგი გახარია წავა, ვინც არ უნდა დაიჭიროს ამ ხელისუფლებამ, ეს იქნება ნიკა მელია, თავად, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რაც უნდა ილაპარაკოს და რა ჩანაწერებიც უნდა გამოაქვეყნოს, პროტესტის მუხტს, რომელიც დაწყებულია, ვერ დაწევს.
„ეს არის ზეპარტიული პროტესტი, ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი. რას უპირისპირებს ივანიშვილი ამ პროტესტს?! მას უნდა ამ ამ დაპატიმრებებით ეს პროტესტი წარმოაჩინოს წინა და დღევანდელი ხელისუფლების დაპირისპირებად და აბსოლუტურად სხვა რაკურსში გადაიყვანოს. მას ეს არ გამოუვა. ეს არის გაბრაზებული ადამიანების მტკიცე პროტესტი და მას ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. მიზანი დარჩა ერთი – გადადგეს გიორგი გახარია, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე“, – განაცხადა გიგი უგულავამ
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, არ არსებობს გამოძიების პროცესში ვინმეს მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. მისი თქმით, 20 ივნისის მშვიდობიანი დემონსტრაციის მსვლელობისას პარლამენტის შენობაში შეღწევის მცდელობის ორგანიზატორებმა, რომელთა ბრალი გამოიკვეთება გამოძიების პროცესში და დადასტურდება სასამართლოს განაჩენით, პასუხი უნდა აგონ საკუთარი ქმედებისთვის მიუხედავად მათი სტატუსისა.
„ზუსტად იგივე ეხება აქციის დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებს. ამასთანავე, ვინაიდან 22 ივნისიდან მოყოლებული აქციის ორგანიზატორები სიტყვითაც და საქმითაც მკვეთრად გაემიჯნენ ყოველგვარ ძალადობას და უკანონო მოქმედებებს, არ არსებობს ხსენებული ინციდენტების რეციდივის საფრთხე. აქედან გამომდინარე, არ არსებობს გამოძიების პროცესში ვინმეს მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაც. ეს ეხება როგორც მოქალაქეებს, ისე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს, რომლებმაც აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს ჰყავს თავისი დამნაშავეები, თუმცა ის არა ნიკა მელია, არამედ გიორგი გახარიაა, რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას წინააღმდეგ არის აღძრული საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი სამხილი მათ არ გააჩნიათ. უბრალოდ, ჩათვალეს, რომ რაკი ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა პროპორციული არჩევნების სახით, მათ განცდა აქვთ, რომ უკვე შეუძლიათ ანაგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
20 ივნისს ჰყავს თავისი დამნაშავეები, უპირველესი პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე გახლავთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე უწყების ხელმძღვანელი ბატონი გახარია, რომელმაც ულაპარაკოდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.