დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს ჰასან როუჰანი გამოეხმაურა. ამის შესახებ BBC წერს.
ირანის პრეზიდენტმა ირონიით განმარტა, რომ აშშ-ის ახალი სანქციები „ფუჭია“ და ტრამპის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა აჩვენა, რომ ვაშინგტონს დიალოგი არ სურს. მსგავსი მოსაზრება დააფიქსირა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ირანის „აგრესიულ ქცევას“ უპასუხა.
24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივ მნუჩინმა განაცხადა მიმდინარე კვირაში ირანის პირველი დიპლომატის მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგაც ამოქმედდება სანქციები.
როგორც მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა შეზღუდვების ახალი პაკეტი აშშ-ის დრონის ჩამოგდებას და „სხვა უამრავ რამეს“ უკავშირდება.
მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას განაგრძობს. ტრამპი დასძენს, რომ „ირანს ბირთული იარაღი ვერასოდეს ექნება“.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა.
22 ივნისს დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა დააანონსა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაადანაშაულა. ცნობისთვის, ომანის ყურე ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას აკავშირებს.
ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებისკენ აიძულებდა.
ივნისის დასაწყისში ატომური ენერგეტიკის სააგენტო აცხადებდა, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა.
ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.