ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge–სთან ინტერვიუში განმარტავდა, რომ ემოციურ ფონზე ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკუშედეგს იძლევა, რადგან ამ ფონზე ამომრჩეველი რაციონალური ვერ იქნება და მიიღებს ისევ ემოციებისგან დეფორმირებულ სურათს.
ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში გადადის. „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოებაში არსებული დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე მოხდა. მისი თქმით, ამ საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობს.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდა საზოგადოებაში არსებული დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე დიდი ალბათობით, საზოგადოების ნაწილიც ამას უჭერს მხარს“, – აცხადებს გიორგი კახიანი.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, წინ ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და მოსაგვარებელი, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სამჯერ კენჭისყრა. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა გასარკვევი.
„2015 წელს „ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე ედო დოკუმენტი, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა. სამწუხაროდ, ამას დასჭირდა ამდენი მსხვერპლი, ამდენი უბედურება, ამდენი დასახიჩრებული ადამიანი. ახლა ივანიშვილმა დაინახა, რომ დიახ, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ახალგაზრდობა, მან დაინახა, რომ ეს უკვე ის ზღვარია, რომლის იქეთ ან დღესვე დატოვოს ყველაფერი, ან უნდა წავიდეს დათმობაზე. ამიტომ ეს არის იმ ადამიანების გამარჯვება, ვინც პრინციპულად და მშვიდობიანად ითხოვდა ამ ყველაფერს. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ პროპორციული არჩევნები თავად გამოეცხადებინა და ამით ქვეყანა სწორ გზაზე დაეყენებინა. წინ ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და მოსაგვარებელი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, ის წავიდა რადიკალურ რეფორმაზე, როდესაც ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.
„20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში რეალობა ნამდვილად შეიცვალა და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა არჩევანი ან ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც იყო და მოვლენების განვითარებისთვის მიედევნებინა თვალი ან წასულიყო იმ ცვლილებებზე, რომელზეც არის საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, როცა მან მიუხედავად იმისა, თუ რა მოიმოქმედა 20 ივნისს, გადაწყვიტეს შეინარჩუნონ სტაბილურობა და წავიდნენ რადიკალურ რეფორმაზე“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ
„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ყველა შემთხვევაში, ეს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ვადამადელ არჩევნებზე, ყველა შემთხვევაში შერეული სისტემით იქნება ჩატარებული. ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე შეწყვიტა ოპოზიციამ საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. ყველა შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ოპოზიციას არ აქვს რესურსი მოუგოს ხელისუფლებას არჩევნები. ამ კრიზისიდან გამომდინარე, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს და მერე ხელისუფლებამ იფიქროს იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც შეიქმნება ქვეყანაში“, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.
ექსპერის გია აბაშიძის განცხადებით, არსებული მოცემულობით პოლიტიკურად გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. აბაშიძე სვამს კითხვას - რამდენად ერთსულოვანია საზოგადოების მოთხოვნა – უნდათ ვადამდელი არჩევნები, თუ ვადამდელი პროპორციული არჩევნები?
„რაც შეეხება პროპორციულ არჩევნების ჩატარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, არის კი საერთაშორისო პარტნიორებიდან ამის მკვეთრი რეკომენდაცია? ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის ფაქტორებს. ვერ ვხედავ ერთიანობას ყველა ოპოზიციურ სპექტრში. საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილებში ვერ ვხედავთ რეკომენდაციას, რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით 2020 წელს და არა 2024 წელს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარება როგორი იქნება, მთავარია გამოხატვის თავისუფლება იყოს კანონის ფარგლებში და კატეგორიულად მოუღებელია დესტრუქციული მოწოდებები. მეორე მხრივ აუცილებელია გამოძიებული იქნას ცალკეული პოლიციელების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტება. ვგულისხმობ ათეულობით ადამიანის დასახიჩრებას“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.