სააკაშვილი დამარცხებამ დააწყნარა

სააკაშვილი დამარცხებამ დააწყნარა

პარლამენტის პირველი სხდომა ტრადიციულად საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, როგორი უნდა იყოს პარლამენტი. „ჩვენ, ხალხნო, არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები, ეს კამპანია იყო რთული, უხამსი, გესლიანი ალბათ ყველა მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე. არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა უმრავლესობას უსურვა, „არა მხოლოდ არაფერი დაანგრიოს და გააუარესოს“, არამედ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც ხალხს მისცა, ხოლო უმცირესობას უსურვა, იყვნენ კონსტრუქციულები, „მოუსვენებელი ოპოზიცია“.

თანამდებობაზე დამტკიცებამდე პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ კი დავით უსუფაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა.

„მინდა, სათანადოდ უზრუნველვყოთ ირინა ენუქიძის ხსოვნის დაფასება. ჩვენც და ძალიან ბევრი, ვალში ვართ მასთან - ჩვენი დროის გამორჩეულ ქართველ დედასთან და სულ მქონდა მოთხოვნილება, გაგვეკეთებინა რამე ისეთი, რაც მის სახელს შეეფერება. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ სახელსა და გვარზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ გაცილებით დიდ თემაზე – ერთი მხრივ პრობლემაზე, მეორე მხრივ მოქალაქეობის, ადამიანობისა და ძალიან ბევრ სხვა სტანდარტზე. შემეძლო, ეს მეთქვა დარბაზიდან, თუ ამ სავარძელში არ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ რადგან აქ აღმოვჩნდი, არ შემეძლო, ეს არ მეთქვა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.

ბატონო რამაზ, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას საკმაოდ განსხვავებული იყო საკუთარი თავისგან, ბევრად გაწონასწორებული ჩანდა, თქვენი შეფასებით როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- საკმაოდ კარგი სხდომა იყო, ცოტათი – ღიმილისმომვრელიც. ვგულისხმობ, პრეზიდენტმა რაც თქვა, რომ როგორი უნდა იყოს ქვეყანა - მიაჩნია, რომ უნდა იყოს სწორედ ისეთი, იმისგან განსხვავებული, როგორიც იყო ნაციონალების დროს. რომ არ უნდა იყოს პრინციპი - უმრავლესობას ყველაფერი. უმრავლესობის დროს ყველაფერი – სწორედ ნაციონალების შიდა პოლიტიკა გახლავთ. სასიამოვნოა, როცა სწორედ ამ ეტაპზე სააკაშვილი ასე კრიტიკულად მიუდგა საკუთარ მოღვაწეობას.

სააკაშვილი სხვა დროსაც რომ ყოფილიყო ასეთი რაციონალური, როგორ ფიქრობთ, ნაციონალური მოძრაობა, ბევრად უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა? თვლით, რომ მან სხვა დროსთან შედარებით მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა?

- ამ შემთხვევაში კარგ შთაბეჭდილებას, ბრჭყალებში ჩავსვამდი და სარკაზმად გამოვიყენებდი. სააკაშვილმა თავხედური სიტყვა თქვა – როდესაც ადამიანი საზოგადოებას ჭკუას არიგებს, რომ ისეთი არ უნდა იყოს ქვეყანა, როგორიც მის ხელში იყო, ეს თავხედობაა. მაშინ ბოდიშიც უნდა მოიხადოს, თუ სერიოზულად ვიმსჯელებთ მის გამოსვლაზე.

პირველად მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, მისი სახელი, შემდეგ კი სახელი და გვარი ერთად წარმოთქვა. ეს მოხდა პირველად ერთი წლის განმავლობაში...

- ერთი რამ ფაქტია – სააკაშვილი გაცილებით გაწონასწორებული ჩანდა, ვიდრე ადრე. როგორც ჩანს, წაგება აშკარად მოუხდა მის ემოციურ მდგომარეობას. ის გაცილებით გაწონასწორებული და მშვიდია და, როგორც ჩანს, ამ სიმშვიდემ მისცა ბიძინა ივანიშვილის სახელის და გვარის თქმის საშუალება.

უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა საყვედური გამოთქვა ახალი პარლამენტის მიმართ, რომ პრეზიდენტს ფეხზე არ წამოუდგა, ბიძინა ივანიშვილმა კი პასუხად განაცხადა, რომ უჭირთ იმ წყენის დავიწყება და მოწიწებას ნამდვილად ვერ გამოხატავენ... 

- ფეხზე არწამოდგომა და ტაშის არდაკვრა გარდა იმ სიტყვისა, რომელიც წარმოთქვა უსუფაშვილმა - ამ სიტუაციის განმსაზღვრელი იყო პრინციპი, რომელიც მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს არაფრის დავიწყებას და არაფრის მიჩუმათებას გამარჯვების ხარჯზე, და რომ ბრძოლა არ დამთავრებულა. პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლების მოპოვებისთვის დამთავრდა, ხოლო ბრძოლა სამართლიანობის მოპოვებისთვის ახლა იწყება.

უმცირესობა აცხადებს, რომ ბევრ საკითხზე აზრთა სხვადსხვაობის მიუხედავად, ის ითანამშრომლებს უმრავლესობასთან. უმცირესობის წევრებმა ისიც თქვეს, რომ კარგად აქვთ შესწავლილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაც და ზედმიწევნით ახსოვთ შემდგომ გაკეთებული განცხადებებიც, რომ დააკვირდებიან ყველაფერს, როდის და როგორ გააკეთებენ. ეს ხომ არ იქნება ერთგვარი რევანშისტული მოძრაობა თანამშრომლობის ნაცვლად? ნაციონალურმა მოძრაობამ შეგვაჩვია, რომ ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს...

- არ მგონია, იმიტომ, რომ უმცირესობას დღეს არა აქვს ძალა რევანშისთვის, რევანშს ძალა უნდა. თუ დააკვირდით ხმების მიცემის დროს მომხრეთა რაოდენობას, უკვე გამოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ვიღაცეებმა ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. ასე რომ, ისინი ყოველდღიურად კარგავენ ხალხს და არ იმატებენ.

ეს იყო ის 5 მაჟორიტარი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სახელით არიან გასულები, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ უმცირესობას გაემიჯნენ, მაგრამ არც უმრავლესობას შეუერთდებიან და ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რას დაუჭირონ მხარი და რას არა, მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა თუ არა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში მათი რიგები გაიზარდოს?

- მათი რიგები სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან პოლიტიკაში დამარცხებულებთან იშვიათად რჩებიან ხოლმე, ვიდრე გამარჯვებულებთან. მითუმეტეს, როცა დამარცხებულის სახელთან ძალიან ბევრი ცოდვაა დაკავშირებული.

ამის გარდა, მაჟორიტარ დეპუტატებს ვალდებულებები აქვთ აღებული საკუთარი ამომრჩევლის წინაშეც...

- რა თქმა უნდა, უმრავლესობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე მაჟორიტარებს გაუჭირდებათ იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აქვთ აღებული. ამიტომაც არიან მაჟორიტარები ლოიალურები უმრავლესობის მიმართ.

საინტერესოა, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პირველი განცხადება, რომ სათანადო პატივი უნდა მიაგონ ირინა ენუქიძის ხსოვნას, რაზე მეტყველებს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მუშაობას ამ სიტყვებით იწყებს?

- ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა, რაც კი პარლამენტში მომისმენია. რაც შეეხება მის განცხადებას, ეს ერთ-ერთი ფრაგმენტია იმ თემისა, რომ არაფერი არ იქნება დავიწყებული. ეს ერთ-ერთი სიმბოლო იყო იმისა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ კი არ გაჩერდა, არამედ – იწყება.