საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის უმრავლესობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხელმოწერით შევა. საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი კონსტიტუციით დადგენილი იმ წესით განხორციელდება, რაც ცვლილებების მიღებას ერთი სესიის ფარგლებში, ¾–იანი უმრავლესობით – არანაკლებ 113 ხმით მიღებას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტიის თავმჯდომარის ბიძინა იავნიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა.
„სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში. მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ უცირესობა დააბნია. ნაწილი თვლის, რომ ეს არის გამოწვევა, ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გზით ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაწმენდას ცდილობს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ 0%–იანი ბარიერი არის გამოწვევა, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს და წარმატებით გაუმკლავდეს.
„ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა ადამიანს გაუჩინოს თავში ასეთი აზრი, რომ ერთ პროცენტს ხომ მე თავადაც ავიღებ, რა საჭიროა სერიოზული გუნდის შეკრება, ანუ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია უნდა ამითი, მაგრამ როგორც იტყვიან, ახლა ბურთი და მოედანი ოპოზიციისა და ხალხის მხარეს არის. სერიოზული პოლიტიკური ძალები ამ პროცესშიც მოახერხებენ წარმატების მიღწევას და პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მომავალზე“, – აღნიშნა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს, რომ ახალი პარტიების შექმნას გამოაცხადებენ, სასახლის კართან რიგი დადგება, მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის. როგორც გოგორიშვილი აცხადებს, ნულოვან ბარიერს ახლავს რისკები და არ გამორიცხა სატელიტი პარტიების შექმნა საარჩევნოდ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც რუსეთისკენ ცალ თვალს გააპარებს, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართველი მოსახლეობის მიერ.
„ის, რომ პროპორციულ არჩევნებზე დათანხმდა ივანიშვილი, ეს ყველაფერზე ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერი ეს ნიშნავს იმას, რომ გამოაცხადებენ ახალი პარტიების შექმნას, დადგება რიგი სასახლის კართან, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილს. ახალი „პატრიოტთა ალიანსი“ არ შეიქმნება საქართველოში და ამის გარანტი არის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ადამიანებისადმი და მოქალაქეებისადმი“, – აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველ „კანტორას“ თუ ჰგონია, რაიმე საარჩევნო ხრიკით დაშლის „გაერთიანებულ ოპოზიციას“, ძალიან დიდი შეცდომაა.
„ჩვენ ჩამოვყალიბდით მძლავრ ძალად და ვიცით, რომ ძალა მართლა ერთობაშია. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი მოქმედება, რომ დავუკავშირდეთ ყველა იმ 25 პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც შეაგროვა პროპორციულ არჩევნებზე ხელმოწერები იმისათვის, რომ ხვალ გავიაროთ კონსულტაცია და ვიყოთ ერთნი. როგორც კი დაიწყება დაქსაქსვა, შედეგს მივიღებთ დახლოებით ისეთს, როგორც მივიღეთ მაგალითად ავადსახსენებელი კონსტიტუციის შემთხვევაში“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
0%–იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ, თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნება. როგორც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, ეს არის ივანიშვილის მცდელობა შეინარჩუნოს ძალაუფლება და გაიხანგრძლივოს კიდევ უფრო დიდხანს. ოქრუაშვილი მოითხოვს, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.
„ეს არის თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნების გზა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას მიესალმება უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში. ეს გახლავთ პრაქტიკურად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, როდესაც ივანიშვილი დღეს არსებულ, ან ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და მათი მეშვეობით შეეცდება შეინარჩუნოს პარლამენტში უმრავლესობა“, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასებები. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში, დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს და საქართველოს შემთხვევაში, ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი ერთ–ერთი კარგი საარჩევნო სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული ხმების მაქსიმალურად ზუსტად გარდასახვას მანდატებში.
„ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ფაქტობრივად იმდენი მანდატი აქვთ, რაც მხარდაჭერა და საზოგადოების განწყობები ზუსტად არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია. ნულოვანი ბარიერის მნიშვნელობას რაც შეეხება, ისე გამოდის, რომ თითქოს თითო ხმა თითო მანდატს უდრის.
ეს წარმომადგენლობით დემოკრატიაში შეუძლებელია. რეალურად, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიურ ფორმულას, სადაც დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს. საქართველოს შემთხევაში ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. ანუ ყველა 0.67%–ზე ერთი მანდატი ეკუთვნის პარტიას“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
ანალიტიკოს დავით ზარიდაშვილის შეფასებით, ძალიან მარტივი ვითარებაა. მისი თქმით, ამ სისტემით „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. მისი თქმით, მმართველი პარტიაც ზარალდება, მაგრამ ნაკლებად. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, გარკვეული ძალები, რომლებიც „ოცნების“ ფრთის ქვეშ ხდებოდნენ პარლამენტში, დამოუკიდებლად შეძლებენ შევიდნენ პარლამენტში.
„აუცილებლობა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანდნენ, ნაკლებად ექნებათ იმ პარტიებს, რომლებიც „ოცნების“ ორბიტაზე მოიაზრებიან. საფრთხეს რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციას შეუშლის ხელს. როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი ამ ვითარებაში არ არის. ამ შეთხვევაში ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტაა იმიტომ, რომ პირველ რიგში, ამ პოლიტიკურ სისტემას ხელს უშლის ნაციონალების მონოპოლია ოპოზიციის როლზე. ეს აღარ იქნება“, – ამბობს ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ნაციონალების ორივე ფრაქცია მოხვდება პარლამენტში, ყველაზე მსხვილად ოპოზიციის ფლანგზე ესენი იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ მათ დააკომპესირებს სხვა პარტიები, რომლებიც ასევე მოხვდებიან პარლამნეტში და ბუნებრივია, მონოპოლია აღარ იქნება.
„რასაკვირველია, ნაცებს ეს არ მოსწონთ. სრულიად ნათელი და აშკარაა, რომ კარგავენ თავის პოზიციებს. ჭრელი იქნება ეს პარლამენტი. გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, ნაკლებად ეფექტიანი იქნება და საფრთხეც ეს არის, მაგრამ პოლიტიკური პროცესი იქნება უფრო დივერსიფიცირებული.
ნაცები დაკარგავენ მდგომარეობას, როდესაც მთელი ოპოზიციური ფლანგი მათ გარშემო ტრიალებდა და დღის წესრიგს განსაზღვრავდნენ, რამაც მძიმე პოლიტიკური სურათი მოგვცა. ფაქტიურად, გაჭედეს პოლიტიკური ვითარება. ამ ვითარებაში გენიალურად მარტივი გამოსავალი გამოინახა. პროპორციულ არჩევნებს ითხოვდნენ და აგერ გამოჩხრიკეს თავიანთი დასაკლავი დანა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ნულოვანი ბარიერის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.6%–ს მას გარანტირებული აქვს ერთი მანდატი პარლამენტში. ეს, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ 2020 წლიდან გვექნება აუცილებლად კოალიციური მთავრობა, რადგან ქვეყანაში დღეს არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც 50%–ს+1 მოაგროვებს.
„ნულოვანი კი ჰქვია, მაგრამ ბუნებრივი ბარიერი არსებობს. წესდება ბუნებრივი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ 0,7% უნდა მიიღო. აი, ეს არის ნულოვანი ბარიერი. მსხვილ პარტიებს ნულოვანი ბარიერი მაინცდამაინც არ აწყობთ, რადგან თუ მანდატი გადანაწილდა, მაშინ ისინიც მიიღებენ იმდენ მანდატს, რამდენი პროცენტი მიიღეს, მაშინ, როდესაც ბარიერის არსებობის შემთხვევაში, დამატებით ღებულობდნენ იმ მანდატებს, რომელიც იმ პარტიების პროცენტი იყო, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. ამიტომ არის ამით უკმაყოფილო „ნაციონალური მოძრაობა“ და ალბათ, „ევროპული საქართველოც“. ვინც კი გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის და აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, არ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამიტომ, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება აღმოჩნდეს მარტო, გაერთიანება დაიშალოს, რაც მათ ხელს არ აძლევს. დაახლოებით ეს ვითარება მივიღეთ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, შეიქმნება საკმაოდ ბევრი პარტია. შესაბამისად, ბევრი პარტიის შესვლა პარლამენტში დამაზიანებელი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელსაც გაუჭირდება 50%–ს პლუს 1%–ის გადალახვა. ამიტომ, როგორც ბოჟაძე ამბობს, მას მოუწევს კოალიციური მთავრობის შექმნა იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისთანაც მეტ–ნაკლებად ექნება ინტერესების თანხვედრა.
„დაზარალდება ოპოზიცია, იმიტომ, რომ მანდატები გადანაწილდება არა ძლიერ პარტიებზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ევროპულ საქართველოზე“, არამედ ნებისმიერზე, ვინც ამ 0,7%–ს გადალახავს. რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ ასეთი სისტემის დროს საარჩევნო ბლოკები საერთოდ აღარ განიხილება, რა თქმა უნდა, ასევე იზარალებს ოპოზიცია. ოპოზიცია ვერ იტყვის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის, საარჩევნო ბლოკია და ა.შ. ყველას მოუწევს ცალ–ცალკე პარტიებად გამოსვლა. რაც დამაზარალებელია ოპოზიციისთვის, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ერთიანობის კუთხით. რეალურად ხელისუფლება მაინც აიღებს იმდენს, რამდენსაც აიღებდა და ის ხმები, რაც შეეძლო აეღო „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, დაისაქსება“, – ამბობს ბოჟაძე.
მისი თქმით, რაც მეტი პარტია შევა, მით მეტი მანდატი დარჩება გადანაწილებელი.
„ვისაც არ დაეზარება, ყველა დეპუტატობას მოინდომებს. „ქართულმა ოცნებამ“ სწორი გააკეთა, რომ საზოგადოებას მოუსმინა და პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, მაგრამ შემოგვთავაზეს ისეთი სისტემა, რომელიც მათთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ოპოზიციისთვის. 1992 წელს რაც გვქონდა, დაახლოებით ის გვექნება. 14–15 ათასი ხმა არის საჭირო, რომ ადამიანი პარლამენტში მოხვდეს. 3750 საარჩევნო უბანი გვაქვს. უბანზე 4–5 ხმა რომ აიღოს ადამიანმა, უკვე პარლამენტშია. რეალურად, პარტიას, რომელსაც კარგი მენეჯმენტი აქვს, აქვს შესაძლებლობა შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.