„თუკი ირაკლი ხვადაგიანის მსგავსი პატრიოტი მეცნიერები, წესიერი ადამიანები დავიჭირეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“

„თუკი ირაკლი ხვადაგიანის მსგავსი პატრიოტი მეცნიერები, წესიერი ადამიანები დავიჭირეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“

„გენი, რომელიც თვლემს შვილებში, იღვიძებს შვილიშვილებში“,-ამ ფრაზის შეუმცდარობაში მაშინ დავრწმუნდით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტის წამოსკუპებამ რუსთაველის გამზირზე უამრავი ახალგაზრდა გაიყვანა საპროტესტოდ. ცხადია, იმთავითვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ „ნაციონალები“ ამ აქციას სათავისოდ გამოიყენებდნენ, მაგრამ შეუძლებელია, იმ ახალგაზრდების გულანთებულობაში შევიტანოთ ეჭვი, რომლებსაც გავრილოვის საქართველოში მოპატიჟებამ ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა შეუბღალა.

რუსების მიერ საქართველოს ოკუპაციას 1921 წელსაც და მის შემდეგაც უამრავი ქართველი პატრიოტი შეეწირა, თუმცა საბჭოეთში არსებულმა ტვინების გამორეცხვის პოლიტიკამ სტალინური რეპრესიების სუსხი თითქოს დაავიწყა ქართველთა ნაწილს და ოკუპანტთან ბრძოლის ნაცვლად მათთვის საამაყოდ იქცა რუსეთში 37 მანეთად გადაფრენა...

თითქოს არავინ მოელოდა, რომ საბჭოთა პერიოდის კონფორმისტი „გრუზინების“ შვილიშვილები გააცნობიერებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მოხდა საოცრება და, რაც მონობაში დაბადებულებმა ვერ შეძლეს, შვილების თაობამ გაბედა - ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში რუსეთის დროშა არ უნდა ფრიალებდეს.

20 ივნისის დაპირისპირებამ ბევრი ადამიანი გაოცებული დატოვა, გაჩნდა კითხვა, გულანთებული ახალგაზრდები (და არა კრიმინალები, რომლებიც პარლამენტის შენობაში შევარდნას ცდილობდნენ) რატომ აღმოჩნდნენ დამიზნებით ნასროლი ტყვიის მსხვერპლნი, რატომ დაკარგეს სპეცნაზელების გადამეტებული ძალის გამო ყველაზე ღირებული - თვალის ჩინი და რატომ გადაიყვანეს თბილისის, თუ რეგიონულ იზოლატორებში მაშინ, როცა გადატრიალების წამქეზებლები არ დასჯილან?!

საზოგადოების სამეცნიერო წრეების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსთავის იზოლატორში აღმოჩნდა ახალგაზრდა მეცნიერი, საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სტალინურ რეპრესიებს, იმ ავბედით წლებს უამრავი ნაშრომი მიუძღვნა. ალბათ, შეუძლებელი იყო, ირაკლი ხვადაგიანი, როგორც საბჭოთა ოკუპაციის მკვლევარი-მეცნიერი, გულგრილი დარჩენილიყო გავრილოვის ოკუპაციის მიმართ და 20 ივნისის ღამეს არ აღმოჩენილიყო რუსთაველზე, სადაც თავის ძმასთან, ასევე, მკვლევარ დავით ხვადაგიანთან ერთად ცრემლსადენი გაზით დაშავებული ახალგაზრდები გამოჰყავდა უსაფრთხო ადგილას. თუმცა ირაკლიმ სამართალდამცავებისგან სახეზე ხელკეტი დაიმსახურა, რისი კვალიც დღემდე ემჩნევა, ხოლო მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ 9 დღით აღუკვეთა თავისუფლება. ორი დღის განმავლობაში ირაკლის სისხლიანი ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება არ მიეცა.

რაც შეეხება მის ძმას, დავით ხვადაგიანს, მას სმენა აქვს დაქვეითებული ცალ ყურში, სიარულიც უჭირს, რადგან ცალი ფეხი ხელკეტებისა და ფარის ცემისგან დაუზიანდა. როგორც სასამართლო პროცესზე დამსწრენი აცხადებენ, პოლიციამ ვერ გაიხსენა ირაკლი ხვადაგიანთან დაპირისპირების ფაქტი და ვერც ის დააზუსტა, ზუსტად ირაკლი იგინებოდა თუ არა, მაგრამ მოსამართლემ მაინც რუსთავის დროებით იზოლატორში ირაკლი ხვადაგიანის გადაყვანის ბრძანება გასცა.

ვინც ირაკლის იცნობს, ყველა ადასტურებს, რომ იგი უწესიერესი ადამიანია, რომლის ინტერესიც ისაა, მომავალ თაობას არ დაავიწყდეს საბჭოთა ოკუპაციის უმძიმესი წლები. გარდა ამისა, იგი ეძიებს იმ ადგილებს, სადაც ჩეკისტებს ქართველი პატრიოტები დასახვრეტად გაჰყავდათ. ირაკლი ხვადაგიანი For.ge-ს რესპონდენტიც არაერთხელ ყოფილა. მეცნიერები და მკვლევარები აცხადებენ, რომ საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ასეთი შვილი, როგორიც ირაკლია, ვინაიდან იგი გამორჩეული ადამიანია, ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს თუ არა 20 ივნისის ღამის გადაფასება სამართალდამცავთა მხრიდან და იმ ახალგაზრდების გამოშვება, რომლებიც გულანთებულად იცავდნენ საქართველოს ოკუპანტისგან?! სხვათა შორის, ამგვარი გამონაკლისი დაუშვეს ჩვენმა ძალოვანებმა პანკისის ხეობაში, როდესაც იქაურები პროტესტის გამოხატვისთვის არ დასჯილან.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანს კარგად იცნობს. ამიტომაც მოუწოდებს ხელისუფლებას, ასეთი ახალგაზრდების დაკავებაზე ხელი აიღოს და სასწრაფოდ გაათავისუფლოს.

„ვისაც უშუალოდ ვიცნობ, მასზე შემიძლია თამამად ვისაუბრო. ირაკლი არის ყოვლად უწესიერესი, პატრიოტი მეცნიერი, პატრიოტი ადამიანი და, თუ ასეთები დავიჭირეთ, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ირაკლი პერსპექტივის მქონე მეცნიერია, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო და რამდენჯერმე კარგი საქმე გააკეთა, გამოსცა საინტერესო დოკუმენტების კრებული, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების ბიოგრაფიები. მას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. თუ იგი ვინმემ დააკავა, ეს არასამართალიანია, სხვანაირად უნდა მიუდგნენ ასეთ ახალგაზრდებს, ეს ხელისუფლების მცდარი ნაბიჯია. თითქოს სპეციალურად დგამენ ასეთ ნაბიჯებს, რომ არაპოზიტიური გამოხმაურება ჰპოვონ საზოგადოებაში“, - აღნიშნა დიმიტრი შველიძემ და ისიც განმარტა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა დაგმონ საქართველოს ოკუპაცია, ამის შეზღუდვის უფლება არავის აქვს დედამიწის ზურგზე.

ისტორიკოსის თქმით, ცხადია, აქციაზე „ნაციონალებიც“ იყვნენ, ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ჩაქნეული აქვს ჩვენს საზოგადოებას ხელი, მაგრამ, თუ ეს დამნაშავე ძალაა და, თუ მასზე ყველას ჩაქნეული აქვს ხელი, მაშინ შესაბამის ზომებს უნდა მიმართონ და ეს პოლიტიკური ძალა აკრძალონ. ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალები“ აუცილებლად პოზიტიურად უნდა შეფასდნენ, უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაგმო ოკუპაცია და ამაში ცუდი არაფერია. ისტორიკოსის აზრით, თუ ახალგაზრდები აპოლიტიკურები არიან, მაშინ ნუღარ მიუშვებენ მიკროფონთან პოლიტიკოსებს, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ მიკროფონთან მიდიან პოლიტიკოსები.

„20 ივნისის ღამე ნამდვილად იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ეპიზოდი. დემონსტრაციის დასაშლელად დამიზნებითი სროლა უპატიებელი დანაშაულია, თითქოს მტერს უმიზნებდნენ. ის სპეცნაზელი უნდა დაისაჯოს, რომელიც დამიზნებით ესროდა დემონსტრანტებს. რატომღაც ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ასეთი არამართლაზომიერი ქმედებების ჩამდენნი დანაშაულს ხვალ „ინანიებენ“, თითქოს ამ მონანიებით საქმეს რამე ეშველებოდეს. მარტო ახალგაზრდობა არ უნდა იდგეს ქუჩაში, კარგი იქნება, თუ ჩვენს ახალგაზრდებს მხარს დაუჭერენ არა მარტო ოპოზიციონრები, არამედ საზოგადოების სხვა ძალებიც. საინტერესოა, მოსახლეობის სხვა ფენები რატომ არ გამოთქვამენ აზრს?!“

რაც შეეხება გახარიას გადადგომას, დიმიტრი შველიძე აცხადებს, რომ დაე, ეს საკითხი მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაწყვიტოს. ფაქტია, რომ ხელისუფლება არ არის კარგ დღეში. ერთი მხრივ, ხელისუფლება ხედავს აზვირთებულ ტალღას ოპოზიციის (ახალგაზრდების, თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან), ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლება კარგად ხედავს ქვეყნის გარეთ გართულებულ პოლიტიკურ ვითარებასაც, მათ შორის, რუსეთთან სიტუაციის გართულებას. ამავე დროს, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი თავიც, რადგან ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის უფლება მას აქვს. ოღონდ თავდაცვისას ხელისუფლებამ შეცდომები არ უნდა დაუშვას. ჩვენთან კი განსხვავებულად ხდება ყველაფერი: როდესაც ზვიად გამსახურდიამ დაიწყო სახელმწიფოს თავდაცვა, მას გადატრიალება მოუწყეს; როდესაც „ნაციონალებმა“ სცადეს თავდაცვითი ზომების მიღება, მათაც არ აპატია საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ახლაც „ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვა სცადა, მაგრამ ამ თავდაცვისას გადაცდომა, რა თქმა უნდა, იყო.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ცხადია, გამონაკლისი უნდა იყოს დაშვებული იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც გულანთებულნი იცავდნენ ეროვნულ თავმოყვარეობას. თუმცა გულანთებული ხალხის ნაწილი პროვოცირებული იყო „ნაცების“ მხრიდან, ამიტომ, პირველ რიგში, ის უნდა გაირკვას, პროვოცირება ვინ მოახდინა. შეიძლება, მკაცრი გაფრთხილებაც მივცეთ იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომლებმაც მანქანა ამოატრიალეს და დალეწეს.

„მესმის, აღელვებულები იყვნენ, მაგრამ ერთ ქვაბში ყველა ახალგაზრდის მოხარშვა არ შეიძლება. დიფერენცირება აუცილებელია. უნდა გაირკვეს, ვინ რას აკეთებდა, ვინ რა დააშავა, ვინ ხულიგნობდა, ვინ აშველებდა და ვის გამოჰყავდა თანამემემულეები საშიში ადგილიდან. ისიც უნდა გაირკვეს, ვინ მოაწყო საერთოდ ეს პროვოკაცია, ზევიდან უნდა დაიწყონ პასუხისმგებლობის დაყენება და უნდა გამოუშვან ირაკლი ხვადაგიანის მსგავსი ახალგაზრდები, მათი დაკავება, პირიქით, უარეს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას. ირაკლი ახალგაზრდა ბიჭია, ახლო ურთიერთობა არ მაქვს მასთან, მაგრამ ვიცი მის შესახებ. სამართალდამცავებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ დაკავებულები ახალგაზრდები არიან და, მათი ასაკიდან გამომდინარე, პროვოკაციაზე ადვილად წამოსაგებნი არიან. ეს ყველაფერი გამიჯნული უნდა იყოს, მით უმეტეს, დაკავებისას გადაცდომა ყველგან მოხდებოდა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მის გადადგომას არ ვემხრობი, გახარიამ უნდა გამოიძიოს იმ სპეცნაზელთა ნამოქმედარი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. უკაცრავად, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ზოგი ადამიანია, ზოგი კი ძაღლზე უარესია, პოლიციელებს შორისაც ზოგი კაცია, ზოგი კი ძაღლია, მით უმეტეს, ბევრნი არიან „ნაცებისდრონდელი“ შემორჩენილნი, რომლებსაც შესაძლოა, „ნაცებისგან“ მითითებაც ჰქონდათ მიცემული, სასტიკად გასწორებოდნენ მომიტინგეებს, რომ ამას მეტი აჟიოტაჟი და დაძაბულობა მოჰყოლოდა“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

ისტორიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ცალკეული პოლიციელები რუსულ საქმეს აკეთებდნენ, რადგან, რაც ამ დღეებში მოხდა, წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. ეს იმ ძალებისგან იყო მოწყობილი, ვისაც არ უნდა საქართველოში სიწყნარე და ქვეყნის ნორმალური განვითარება. ისტორიკოსი ამაში, პირველ რიგში, „ნაცებს“ გულისხმობს და მიიჩნევს, რომ ოღონდაც „ნაცები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველაფერზე ხელს მოაწერენ. ამიტომ ის პიროვნებები უნდა გამოიკვლიონ, ვინც დამიზნებით ესროდა და თვალებს თხიდა ხალხს.

ჩვენ ვესაუბრეთ ირაკლი ხვადაგიანის თანამშრომელს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარ დავით ჯიშკარიანს. ის აცხადებს, რომ ირაკლი ამჟამად რუსთავის იზოლატორში იმყოფება, ისევ აქვს სისხლჩაქცევები სახის არეში. დავით ჯიშკარიანს პირადად ირაკლი ხვადაგიანთან არ უსაუბრია და არ იცის, რა მდგომარეობაშია იგი ახლა, მაგრამ ბოლოს ნახა სასამართლო დარბაზში.

„ირაკლიმ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ, სავარაუდოდ, მას მოხვდა ე.წ. დუბინკა სახეში. ირაკლი და მისი ძმაც ჩვენი თანამშრომლები არიან, ახლა ჩვენი ერთადერთი საზრუნავია, ირაკლის ჰქონდეს სამართლებრივი მომსახურება, რაც მას აქვს კიდეც და კარგი იურისტები იცავენ. ირაკლის საია იცავს“.

 

გრიგორი ბატონ ოთხმეზურს ! კი ბატონო, გაფრთხილებით გავათავისუფლოთ ის ვანდალები, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა დალეწეს, ოღონდ ზარალი თქვენ აანაზღაურეთ !
5 წლის უკან
გრიგორი ბატონ ოთხმეზურს ! კი ბატონო, გაფრთხილებით გავათავისუფლოთ ის ვანდალები, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა დალეწეს, ოღონდ ზარალი თქვენ აანაზღაურეთ !
5 წლის უკან