ვილფრედ მარტენსი და ქართული რეალობა

ვილფრედ მარტენსი და ქართული რეალობა

საქართველოში არსებული სიტუაციის მოკლე ფორმულირება ასეთია: დამთავრდა სააკაშვილისა და მისი პარტიის ავტორიტარული მმართველობის ცხრა წელი და საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. თუმცა ყველას ესმის, რომ ეს  გარანტირებული ადამიანური ცხოვრების დადგომის შვება კი არ არის, არამედ, უმძიმესი სულიერი, მენტალური და ფიზიკური ტვირთის მოხსნის შვებაა.

სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოში ჯერ კიდევ არ სჯეროდათ ამ პერსპექტივის რეალობა, რადგან წლების განმავლობში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი უსინდისო პიარ–ტექნოლოგიებით ახერხებდა ავტორიტარიზმის შეფუთვას დემოკრატიით და დასავლელი პარტნიორებისათის თვალის ახვევას. შედეგად, სიტუაციის გარედან შეფასება უმეტეს შემთხვევებში პრიციპულად განსხვავდებოდა თვით მოსახლეობის შეფასებისაგან. საქართველო მცირე ქვეყანაა და გარე ძალების განწყობასა და „მოქმედების ვექტორს“ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საერთო ბალანსზე. საქართველოში „საკრალური“ კითხვაც კი გაჩნდა: როდემდე შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ქვეყნის ხელისუფლებამ  უსინდისო პიარ–ტექნოლოგიების მეშვეობით მოსახლეობა ისევე წაიყვანოს დამონებისაკენ, როგორც ამას გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ბოლშევიკები ახერხებდნენ „რკინის ფარდის“ საშუალებით? ან კიდევ: დასავლეთთან გახსილი ურთიერთობის პირობებში როგორ შეიძლება იქნას მიღწეული იმგვარივე ავტორიტარული მმართველობა, როგორსაც ბოლშევიკები აღწევდნენ ქვეყნის დასავლეთისაგან იზოლაციის პირობებში? საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ წერტილი დაუსვა რეალობის პიარ–ტექნოლოგიებამდე დაყვანას. ამან დასავლეთს გაუადვილა სააკაშვილის ნამდვილი სახის დანახვა და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობაში საყრდენის შეგრძნება გააჩინა. სწორედ ამ გარემოებებით შთაგონებულმა ხალხმა შეძლო პირველი ოქტომბრის არჩევნებში  სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება.   

არჩევნებიდან რამდენიმე კვირაა გასული და სააკაშვილის ხელისუფლების არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა უკვე მოასწრო ხელისუფლების გადაუბარებლად საქართველოდან გაქცევა – მათ კარგად იციან თავიანთი ცოდვები. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თანდათანობით მჟღავნდება უამრავი ფაქტი უკანონო დაპატიმრებებისა, რომელთა შედეგადაც ათასობით ადამიანი წამების პირობებში წლობით იხდის სასჯელს; ზვავივით იზრდება რიცხვი მომჩივანებისა, რომლებიც მოითხოვენ სააკაშვილის რეჟიმის ოდიოზური ფიგურების მიერ დაყაჩაღებული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებას...  

ადვილი შესაძლებელია, რომ გამჟღავნდეს და სამართლებრივად დასაბუთდეს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულობები, რომლებმაც შეიძლება საბოლოოდ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციაც კი მიიღოს.

ასეთი რეალობის ფონზე სავსებით გაუგებარი და აღმაშფოთებელია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ვილფრედ მარტენსის, არაერთი განცხადება და, მათ შორის, ასეთიც: „დემოკრატიამ გაიმარჯვა საქართველოში. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები შესანიშნავად მოქმედებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მათ აჩვენეს პოლიტიკური სიმწიფე და მოიქცნენ ისე, როგორც ჭეშმარიტ დემოკრატიას შეეფერება... სამწუხაროდ, ოპონენტებმა დიდი ფული დახარჯეს მხარდაჭერის საყიდლად, საქართველოში უნდობლობის განცდის შესაქმნელად და იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბითაც შეელახათ. ამ შემთხვევაში დემოკრატიული რეჟიმი დაუპირისპირდა ავტორიტარულ რეჟიმს... ძვირფასო პრეზიდენტო, ბატონო მიხეილ, ჩვენი პარტია და ჩვენი გუნდი ერთი გუნდია. ჩვენ, როგორც არასდროს, ვიბრძოდით ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, რათა მხარი დაგვეჭირა თქვენთვის და თქვენი პარტიის კანდიდატებისთვის ამ რთულ და უსამართლო ბრძოლაში, რომელიც სხვა ეპოქის მოვლენას წააგავდა. თქვენი მთავარი ფასეულობები სრულად ესადაგება ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს და გვსურდა ხელი შეგვეწყო მათთვის, ვინც ამ ფუნდამენტური ფასეულობების ერთგული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით წარმატებული, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ თქვენს მხარდასაჭერად, რაც მომავალ არჩევნებამდე მიგიყვანთ“. 

ბ–ნი მარტენსი, ჩანს, უკეთეს შემთხვევაში, სააკაშვილის მიერ საგარეო მოხმარებისათვის შექმნილი ვირტუალური რეალობის ტყვეობაში იმყოფება. იგი არაფრად აგდებს, მეტიც, შეურაცხყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ცდილობს, ხელი შეუწყოს სააკაშვილის რეჟიმის ევენტუალურ რეანიმაციას.

ცხადია, ვირტუალური რეალობის ტყვეობაში დარჩენა თავისუფალი ნებაა ყველა იმ ადამიანისა, ვისაც ეს სურს, მაგრამ არავის აქვს უფლება, უგულებელყოს (უფრო მეტიც – აბუჩად აიგდოს) სხვა ქვეყნის მოსახლეობის ნება და ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნის სვლას ნამდვილი დემოკრატიისა და პროგრესისაკენ.

ცხრა წელი დასჭირდა ჩვენს ხალხს სააკაშვილის ძალადობრივი ხელისუფლების დასასრულებლად და დემოკრატიის გასამარჯვებლად. უნდა ვიფიქროთ, დიდი დრო არ დასჭირდება სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის მიერ ჩადენილი ბოროტების გამომზეურებასა და სამართლებრივ შეფასებას და, ეჭვი გვაქვს, ბ–ნ მარტენსსაც მოუწევს თავისი შეფასებების უკან წაღება, თუ, რა თქმა უნდა, მას საამისო გამბედაობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეყოფა. ყოველ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ეს უპასუხისმგებლო, ევროპელი პოლიტიკოსისათვის შეუფერებელი განცხადება ტვირთად დააწვება ბ–ნი მარტენსის პოლიტიკურ მომავალს.