ტრამპი: დრონის ჩამოგდების საპასუხოდ 150 ირანელის მოკვლა არაპროპორციული იქნებოდა

ტრამპი: დრონის ჩამოგდების საპასუხოდ 150 ირანელის მოკვლა არაპროპორციული იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დაგეგმილი საპასუხო სამხედრო თავდასხმის გაუქმების დეტალებზე ისაუბრა. მისივე თქმით, სამხედრო ოპერაციის გაუქმების ბრძანება მან 10 წუთით ადრე მიიღო.

„სამ სხვადასხვა ობიექტზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისთვის მზად ვიყავით, როდესაც ვიკითხე და მითხრეს, რომ 150 ადამიანი დაიღუპებოდა. დარტყმამდე 10 წუთით ადრე გავაუქმე ბრძანება, ვინაიდან ეს უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე შურისძიებისთვის არაპროპორციული ნაბიჯი იქნებოდა. მე არსად მეჩქარება, ჩვენი სამხედრო ძალები არის განახლებული, თანამედროვე და მზად არიან ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან. სანქციებს თავისი შედეგი მოაქვს. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრაპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმა გადაიფიქრა. 20 ივნისს მან ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა, თუმცა პროცესი საწყის ეტაპზევე შეაჩერა. ეს ნაბიჯი ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდების საპასუხოდ უნდა გადადგმულიყო.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით დრონის ჩამოგდების ფაქტი ამერიკულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მფრინავი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილა. მომხდარმა აშშ-სა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. გადაწყვეტილების მიზანი ოფიციალურ თეირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში ნავთობმზიდზე მომხდარი თავდასხმაა.