ირაკლი კობახიძის დაგვიანებული რეაქცია და ტრაგიკული ღამის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. მმართველი გუნდი ამას ირაკლი კობახიძის მაღალი ანგარიშვალდებულებით ხსნის და კობახიძის სავარძელს არჩილ თალაკვაძეს უთმობს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ კობახიძის გადადგომა არანაირი შვება არ არის თვალებდათხრილი და ყბებდანგრეული ადამიანებისთვის, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. უფრო მეტიც, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას სურს ჯოხი მხოლოდ კობახიძეზე გადატეხოს.
ამავდროულად, ზაქარია ქუცნაშვილი ბოდიშს უხდის თავის დუშელ, თიანელ და ყაზბეგელ ამომრჩეველს და ამბობს, რომ არ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და მასპინძელი პირი, რომელმაც მოიწვია გავრილოვი, დარჩეს თანამდებობაზე. ამიტომ ქუცნაშვილი დეპუტატის თავისუფალ მანდატს ტოვებს და იმ გაუგებრობასაც ნათელს ჰფენს, თუ როგორ აღმოჩნდა გავრილოვი კობახიძის სავარძელში ნაცვლად ბერძენი სტუმრისა. საქმე ის იყო, რომ პარლამენტის სპიკერატში სკამს უცვალეს ადგილი და იქ ერთდროულად გაჩნდა ორი სკამი.
არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ 20 ივნისის ღამით ძალის გადამეტების გამო გიორგი გახარია გადადგეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტის დაშლის შემდეგაც სპეცნაზელები ქუჩაში დასდევნენ ახალგაზრდებს და შედეგი მძიმე აღმოჩნდა - სპეცრაზმის მიერ დარბეული მოქალაქეები, დამიზნებით ნასროლი ტყვიები, რასაც სამი ადამიანის თვალის დაკარგვა მოჰყვა. არასამთავრობოების განმარტებით, სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე დაიწყო სროლა. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტებით რეზინის ტყვიების მიჯრით სროლა და პირდაპირი დამიზნება დაუშვებელია. რეზინის ტყვიები უნდა ისროლონ მიწაზე და ტყვიები შეიძლება მხოლოდ ასხლეტით მოხვდეს აქციის მონაწილეებს. ასევე, კანონდარღვევაა ბუნებრივი აირის რკინის კაფსულების პირდაპირი სროლა აქციის მონაწილეებისთვის.
20 ივნისის ღამემ მეუფე პეტრე და ცალკეული სასულიერო პირებიც თბილიში ჩამოსასვლელად განაწყო. მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ წუხელ ქაშუეთის ტაძარი დაკეტილი იყო. ამიტომ სასულიერო პირებმა თბილისში ჩასვლა და პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის ცოცხალ კედლად შუაში ჩადგომა გადაწყვიტეს, რათა თავი გასწირონ ახალგაზრდების გადასარჩენად.
რამდენად სწორად დაიგეგმა გუშინდელი ოპერაცია, რასაც ორივე მხრიდან მოქალაქეებისა და პოლიციელების დაზარალება მოჰყვა. ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
გუშინდელმა ღამემ ბევრს გაახსენა 7 ნოემბერი, 26 მაისი. ზოგიერთები უფრო შორსაც წავიდნენ და 9 აპრილთან გაავლეს პარალელი, მაგრამ 9 აპრილს განსხვავება ის იყო, რომ მაშინდელმა ქართულმა მილიციამ არ აღმართა ხელი საკუთარ ხალხზე და, პირიქით, მათ იცავდა, ახლა კი ვითარება სხვაგვარი იყო. გამოიყენა თუ არა პოლიციამ არაპროპორციული ძალა საკუთარ ხალხზე?
- არაფრით არ შეიძლება გუშინდელი ღამე 9 აპრილს შევადაროთ. იმ პერიოდში ქართული მილიცია იცავდა თავის მოქალაქეებს, მაგრამ 7 ნოემბრისა და 26 მაისის პარალელები აბსოლუტურად ნორმალურია, როცა უსაფუძვლოდ, ძალის გადამეტებით ხელისუფლება გაუსწორდა, ეგზეკუცია მოახდინა საქართველოს მოქალაქეების, რაც, როგორც წესი, კონტრშედეგით მთავრდება ხელისუფლებისთვის. იმის ნაცვლად, რომ გუშინვე, ამ მოვლენებამდე გადამდგარიყო პარლამენტის სპიკერი და ამით სიტუაცია დამცხრალიყო, მისმა მკვახე განცხადებამ, რომ არ გადადგებოდა, გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია და შეუქცევადი პროცესები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვამართლებ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არაა გამორიცხული, რომ გადამეტებული იყო ძალა მომიტინგეების მხრიდანაც, მაინც მგონია, რომ მომიტინგენი პროვოცირებულნი იყვნენ ხელისუფლების მხრიდან, როცა ხელისუფლებამ აშკარად მხარი დაუჭირა არაკომპეტენტურ და დისკვალიფიცირებულ პარლამენტის თავმჯდომარეს.
ირაკლი კობახიძემ თავისი უგუნური ნაბიჯით პროცესების ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო. სხვათა შორის, ჩვენც ბოლო წუთამდე არ ვიცოდით ერთი ადამიანის ბედის შესახებ და, მადლობა ღმერთს, ახლახანს გავიგეთ, რომ თურმე ცოცხალია და სასამართლოში იმყოფება. მთელი ღამის განმავლობაში ოჯახები ეძებდნენ თავიანთ ახლობლებს. ეს ბევრ ადამიანს აგონებს „ნაცმოძრაობის“ ხელწერას, უკვე აბსოლუტურად წაიშალა საზღვარი, თუ რით არის „ნაცმოძრაობა“ უარესი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. ისედაც უჭირდა „ოცნებას“ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში დატოვებით ეჩვენებინა განსხვავება „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მაგრამ წუხანდელი ღამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჭირდება „ოცნებას“.
ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც არ უცხოვრიათ საბჭოთა სახელმწიფოში, იყვნენ გულანთებული ქართველი პატრიოტები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ ოკუპანტისგან, ზოგიერთებს კი ჰგონიათ, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ მართულნი „ნაცების“ მიერ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო გაუცხოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის?
- ისტორია ყველამ კარგად ვიცით და აუცილებელი არ არის, გვეცხოვრა საბჭოთა იმპერიაში, ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს ოკუპაცია, მით უმეტეს, ოკუპაცია აგერ რამოდენიმე კილომეტრში ხორციელდება და ყველას შეუძლია ნახოს, როგორც მავთულხლართები, ისე მავთულხლართებს მიღმა მდგარი რუსი ოკუპანტები. მაინც მგონია, ჩვენი ხალხი გამწარდა არა გავრილოვის გამო, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის გამო. განა საკითხავია, რუსი როგორც მოიქცევა, თუკი შენ დაუთმობ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს?! ნებისმიერი რუსი ჩახტება მაშინვე. გავრილოვისგან ეს არ მიკვირს, მე მიკვირს კობახიძისგან, პრობლემა კობახიძეშია და არა გავრილოვში. კობახიძე იქცეოდა ისევე თავხედურად და უტიფრად, როგორც გავრილოვი. პროტესტანტი ახალგაზრდები მართულები არ ყოფილან, ადამიანები აშკარად მიდიოდნენ თავგანწირვაზე. თავგანწირვაზე როცა მიდის ადამიანი, ის მართული ვერ იქნება.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა აგრესიული განცხადებების შემდეგ ხომ არ შეატოვეს ხალხი პოლიციას და თვითონ ხომ არ გაიქცნენ?
- „ნაცმოძრაობას“ თავისი ცოდვები ეყოფა. როგორც წესი, მაროდიორი ადამიანი, თავისი კრიმინალური აზროვნებით, თამამი ადამიანიცაა, მას შეუძლია ადამიანი გაქურდოს, მოკლას კიდეც. „ნაცმოძრაობას“ ასეთი ბანდიტური და კრიმინალური აზროვნება აქვს, ისინი ვა-ბანკზე მიდიან - ან გაიმარჯვებენ, ან ისე დამარცხდებიან, რომ მერე ამას მომავალი გამარჯვებისთვის გამოიყენებენ. „ნაციონალები“ იქ იდგნენ და კარგად ესმოდათ, რომ ანგრევდნენ ქვეყანას, ამიტომ მე „ნაცმოძრაობასთან“ პრობლემა არ მაქვს. მე პრობლემა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც ხელისუფლებაშია. მე ყოველთვის გავურბივარ პასუხის გაცემას იმაზე, ხელისუფლების გარდა კიდევ ვინ აგებს პასუხს. მხოლოდ ხელისუფლება აგებს პასუხს გუშინდელის გამო. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ზრდასრულები არიან და თვითონვე აგებენ პასუხს თავიანთ მოქმედებაზე. როცა ადამიანი ოჯახიდან გასულია და ღამის 12 ან 1-ელ საათზე გარეთაა, ეს ნიშნავს, რომ ოჯახი მას ენდობა. ეს ხალხი მართული რომ ყოფილიყო, როცა მათ დაინახეს, რომ ისინი მიატოვეს ორგანიზატორებმა, ისინიც წავიდოდნენ, მაგრამ, რაკი მათ აქციაზე დარჩენა გადაწყვიტეს, ე.ი. მათ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს.
შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო ომის ზღვარზეა ქვეყანა? სააკაშვილი ისევ გააქტიურებულია, აკეთებს მოწოდებებს, რომ ივანიშვილის ვერტმფრენი არ უნდა გავუშვათ შუშის სასახლიდან. ვინ ისარგებლებს ამ პროცესით, ისევ რევოლუციების დიდოსტატი „ნაცმოძრაობა“?
- ამ პროცესით საბოლოოდ ქაოსში ჩაეშვება საქართველო, არა მგონია, სამოქალაქო ომის საშიშროება არსებობდეს. ამის რესურსები არ არსებობს, მაგრამ საქართველო ხდება ბანალური სახელმწიფო, არა ბანანური სახელმწიფო, არამედ ბანალური. დარწმუნებული ვარ, წუხანდელი მოვლენის, ასევე, პრაიდისა და კიდევ სხვა საკითხების გამო ევროპაში დაიწყებენ მკაფიოდ ლაპარაკს, დავუტოვოთ თუ არ დავუტოვოთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რაც რუსებს აძლევს ხელს. მე არ მიყვარს რუსებზე ყველაფრის გადაბრალება, ქართველებიც საკმაოდ ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ რუსებს რამე დავუტოვოთ დასანგრევი. ჩვენი მთელი უბედურება ის არის, რომ ყველაფერში ვეძებთ რუსის ხელს, რაც რეალურად არსებობს, მაგრამ ამით ჩვენს პასუხისმგებლობას ვიხსნით, თითქოს ჩვენ ანგელოზები ვართ და რუსეთია ყველაფერში დამნაშავე. მოდით, ვიპოვოთ ჩვენშიც პრობლემები. „ჭირსა შიგან გამაგრება“... ეს 21-ე საუკუნის ტერმინი არ არის. ჩვენში ვიპოვოთ გამოსავალი. მე ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება იოლად აალებადია, ადვილად მიყვება საკუთარ წიაღში არსებულ ლიდერებს, რუსებს კი აქ არეულობა სჭირდებათ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არეულობა გავრილოვის გამო მოხდება, კობახიძის გამო, პრაიდის გამო, თუ ვასაძის გამო. გავიხსენოთ, რა მოხდა ახლა მოლდავეთში, რუსეთმა, ევროკავშირმა და ამერიკამ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რა უყონ მოლდავეთს. რუსებს სურთ, წარმოაჩინონ, ხედავთ, რა ხდება საქართველოში, ხედავთ, ამ ხალხს რუსების გარეშე წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ? რუსეთი იტყვის, მე შემიძლია დავამყარო წესრიგი, მომეცით ამის საშუალება. რაც მოხდა მოლდავეთში, ძალიან ცუდად შეგვიძლია შემოგვიბრუნდეს, რომ რუსეთს სთხოვოს დახმარება ევროკავშირმა და ამერიკამ, იქნებ, შენ მაინც მიხედო ქართველებსო. ეს არის ჩვენი სიველურე, რომ არ შეგვიძლია ცივილიზებული ფორმებით მივიღოთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამაში წარმატებულია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ასე აჩოქებს და ანგრევს ქვეყანას, მაგრამ უფრო მეტად პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომ „ნაცმოძრაობას“ ამის საშუალებას აძლევს. ნაცვლად იმისა, კობახიძე მაშინვე გადამდგარიყო და ქვეყანა აეცილებინა ამ პრობლემისგან, მან ჩააგდო ქვეყანა ასეთ კაბალაში.
რამდენად ცინიკურია, რომ კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე - გავრილოვი ხსნის მართლმადიდებლურ ასამბლეას? ეს მაშინ, როცა კომუნისტების მოგონილი იყო რეპრესიები და კომუნისტები სწორედ მართლმადიდებლობას დევნიდნენ.
- კომუნისტი იქნება, თუ ვინ იქნება, ეს რუსეთის პრობლემაა. ისიც არ ვიცი, ეს ასამბლეა რა არის, ეს უაზრო რაღაც მგონია, მე მართლმადიდებლობა გამიგია ეკლესიაში და სახარებაში, დანარჩენი ყველაფერი სასაცილო და უაზროა. ეს რუსული პროექტია. დღეს რუსეთში, პირველ რიგში, კომუნისტები დადიან ხატებით, ეს არის როგორც მართლმადიდებლობის, ისე კომუნიზმის დისკრედიტაცია, ვისაც ან ერთის სჯერა, ან მეორის. ჩემთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსული პროექტი შემოეყვანა საქართველოში, თუგინდ პარლამენტს გარეთ. რუსებს სურთ არარსებული ღირებულებებით გეოსტრატეგიულ სივრცეში გავლენა მოახდინონ. დიდი შეცდომაა, რომ საქართველოში ჩატარდა ეს აბსოლუტურად უგვანი, უაზრო კონფერენცია. რაც მოჰყვა ამას, ეს სულ სხვა სერიაა, მაგრამ პირველი სერიაა, რომ ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება, აქ ჩაეტარებინა ეს კონფერენცია. ეს არ არის ტრაგედია, ტრაგედია წამოვიდა მერე, როცა ჩიხში შევიდნენ და, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ანუ ირაკლი კობახიძემ არ მოინდომა წასვლა. ახლა უკვე კობახიძის წასვლაზე აღარაა საუბარი, არამედ გახარიას წასვლაზე წუხანდელი ამბების გამო. გუშინდელი გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიგვეღო, დღევანდელი გადაწყვეტილება დღეს უნდა მივიღოთ, რადგან ხვალ სულ სხვა გადაწყვეტილება დაგვიდგება წინ. ამიტომ გუშინვე უნდა გადამდგარიყო კობახიძე.
და ბოლოს, როგორ გგონიათ, რეზინის ტყვიები არ უნდა ჩაბარდეს წარსულს? ხომ შეიძლებოდა მხოლოდ ცრემლსადენი აირით, ან წყლის ჭავლით ამ ადამიანების დაშლა?
- რა თქმა უნდა, რეზინის ტყვიები წარსულს უნდა ჩაბარდეს, ეს ამორალურობაა, რაში სჭირდებოდათ ამ ტყვიების გამოყენება? საერთოდ, რაში სჭირდებოდათ ხალხის დარბევა, თუკი კობახიძე დროულად გადადგებოდა.
ამიტომ პარლამენტი, მისი თავმჯდომარე, წევრები, რომლებიც ვერ ათვითცნობიერებენ რა არის კარგი და რა მიუღებელი ქვეყნისთვის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე უნდა დაიშალოს!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არ ჩევნების ჩატარების გონივრული თარიღი!
ახალი არჩევნების ჩატარებამდე გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა!
კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში აღმასრულებელ ხელისუფლებას!
არჩევნები ჩატარდეს მაჟორიტარული წესით!
უარი ეთქვას პროპორციულ არჩევნებს!
პარლამენტის ყველა დეპუტატი, ყველა ოპოზიციური პარტია, მისი თავმჯდომარე, ხელმძღვანელობა, წარმომადგენელი, ვინც ხალხს მოუწოდებდა დესტაბილიზაციისაკენ გასამართლდნენ, აყვანილ იქნან შინაპატიმრობაში და 2 საარჩევნო ვადით ჩამოერთვათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება!