„უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი მოწოდებით, გააზრებით თუ გაუაზრებლად შეძლო და პროვოკაცია მოაწყო, პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს ისეთ დონეზე დააპირისპირა, რომ ამან შტურმის სახე მიიღო“, – აცხადებს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის შეფასებით, პოლიცია თავდაცვით მდგომარეობაში იყო და იცავდა საკუთარ თავს. ქვეყნის პირველი პოლიციელის განმარტებით, ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი იყო ქალაქში სამოქალაქო არეულობა.
„უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდეგ მოედნიდან გაქრნენ. პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ. არც ერთი მათგანი 22:00 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები თავიანთი პროვოკაციების შემდეგ ერთმანეთს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხელისუფლება ღიად საუბრობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ დაწყებულა. გიორგი გახარია კი ამბობს, რომ უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის ადამიანი, ვინც პროვოკაცია მოაწყო. თუკი პროცესებს გადავხედავთ, პროვოკაციის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციის წევრები, კერძოდ – ნიკა მელია, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და ძალადობრივი გზით დაეკავებინათ საქართველოს პარლამენტის შენობა.
გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. შსს–ში გამოცხადებისთვის მას 24-საათიანი ვადა მიეცა. ოქრუაშვილი უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მისცეს გამომძიებლებს ჩვენება და ის ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. როდის მოხდება მისი გამოკითხვა თარიღს ოქრუაშილის თანაპარტიელები ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ. დაკითხვაზე დაბარებული არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა.
„ნათელია მათი მიზანი, ვისაც მხოლოდ ესკალაცია სურს და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. დაშავდნენ ადამიანები – ზოგიერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოში წესრიგს იცავდა; ზოგიერთი – იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული და შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა. ზოგიერთი კი, იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ, სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს. ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა – პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე – ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა საქართველოს შვილია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები იყო „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური პოლიტსაბჭოს შეკრების მიზეზი. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დესტრუქციულმა ძალებმა პასუხი უნდა გასცენ როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელიც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა.
„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
კორდონის გარღვევა კომბლით, თუ კომბლის გარეშე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, დაუშვებელია. როგორც დავით უსუფაშილი აცხადებს, იქ პოლიციას უფლება ჰქონდა, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.
„ოცნების ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა შექმნილ კრიზისს. ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლნენ, საზოგადოებას ვერ აუხსნეს, რა მოხდა და ვერავინ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამან ისედაც სამართლიანად გაბრაზებული მოსახლეობა უფრო გააბრაზა. ხელისუფლებამ ვერ განმუხტა პოლიტიკური ნაბიჯებით სიტუაცია, როდესაც პრემიერი იძახდა, რომ ხელისუფლება არ იყენებს გაზსა და რეზინის ტყვიებს, ზუსტად მაშინ ისროდნენ ქუჩაში.
„ქართული ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობით“, მის ლიდერებს კვლავ წასძლიათ სულმა და იმის ნაცვლად, ეს საპროტესტო აქცია გამოყენებული ყოფილიყო ხელისუფლებაზე სწორი ზეწოლისთვის და კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის, მათ მიიღეს გადაწყვეტილება არაკანონიერი ქმედებების, რომლითაც მოახდინეს სახელისუფლებო წრეების კონსოლიდაცია. კორდონების დარღვევა დაუშვებელია, იქნება ეს კომბლებით თუ კომბლების გარეშე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, დადგნენ იმ ემოციის და სულისკვეთების ირგვლივ, რასაც ჰქვია რუსეთის ოკუპაციის მიუღებლობა. მისი შეფასებით, 20 ივნისის ღამეს, ისევე როგორც 30 წლის წინ, პარლამენტის შენობასთან დაიღვარა სისხლის რუსეთის ინტერესების გამო.
„როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, იცავენ საქართველოს ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე.
არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არის ჩემი საქმე დღეს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება. ამ მოთხოვნებს აყენებს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რასაც ჰქვია – „საქართველო რუსეთს არ მიიღებს“, საქართველო არ შეეგუება რუსების ოკუპაციას, საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს ქართულ პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს.
„როგორც სოციალური ქსელებიდან და დემონსტრაციაზე მყოფი ადამიანებიდან ვიცით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა იმ დროს მიატოვეს, როცა მათ მიერ პროვოცირებულმა პოლიციელებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის პრობლემების შექმნა დაიწყეს. რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები გაიქცნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ეს ორი მახინჯი ძალა მაქსიმალურად უნდა შევიწროვდეს და მათი ამომრჩევლის შემცირება მოხდეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საპროტესტო აქცია განახლდა რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და კონკრეტულ დროს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ. აქციის ორგანიზატორები ღიად საუბრობენ „ახალგაზრდულ რევულუციაზე“, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმ საკითხზეც კი, რომელზეც სრული კონსენსუსი არსებობდა, ის ქმედებები არ განეხორციელებინა, რაც მოხდა. გია ხუხაშვილის შეფასებით, პრობლემა, როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაშიცაა“, რომლებიც მისი თქმით, სიმბიოზად იქცნენ.
„პოლიტიკური კონტექსტი წარმოუდგენელია, რადგან ფაქტობრივად, ეს იყო ერთ–ერთი პირველი შემთხვევა, როცა მხარეები შეთანხმდნენ და სრული კონსენსუსი იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საკითხის შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საკითხზეც კი მოახერხეს და რაღაც საშინელება ჩაატარეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვს, თუმცა საბოლოო ჯამში, ასეთ სიტუაციებზე პასუხისმგებლობა ძირითადად მაინც ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც სრული კონსენსუსის პირობებში ვერ მოახერხა სწორი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს პასუხი პოლიტიკურად მათაც, ვინც ამ პროვოცირებას ხელი შეუწყო და ხელისუფლებას მისცა საშუალება ეს ვანდალური ქმედება გაემართლებინა. როგორც ძაბირაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ პრობლემა სიტუაციის გაუთვლელობაა, რომელმაც თავი ბოლო დღეებშიც იჩინა.
„ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი. „ქართულ ოცნებას“ მუდამ აქვს პრობლემა გაუთვლელობის, ჯერ რაღაცას აკეთებს და შემდეგ იწყებს ფიქრს. მთელი ეს პროცესი ხელისუფლების სინდისზეა. არ არსებობს სიტუაცია, როდესაც საკუთარ ხალხს საქართველოს ხელისუფლება ამ ენით უნდა ესაუბროს.
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია დასრულდა და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ეს სხვა თემაა. იყო პროვოცირებაც. ნეიტრალურმა საზოგადოებამ პასუხი უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურად მათაც, ვინც ამ პროვოცირებას ხელი შეუწყო, ვინც მოუწოდა ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამით მისცა საშუალება ხელისუფლებას, ეს ვანდალური ქმედება გაემართლებინა. თუ ჩვენ ამას თვალს არ გავუსწორებთ, კიდევ მრავალჯერ აღმოვჩნდებით შარში. ადამიანები ცდილობენ პროვოცირებით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. აქცია სხვაგვარად მიდიოდა და მხოლოდ ასეთი პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ მიიღო მან სხვა გაგრძელება“, – განაცხადა ვახტაგ ძაბირაძემ.