2011 წელს ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, მწვავე საარჩევნო კამპანიის სიმპტომი იყო, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიას. 16 ოქტომბერს სააკაშვილის მიერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება ის იმედისმომცემი სიგნალია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები, რომელშიც მილიარდერის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი შემთხვევა იქნება 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ.
ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის დაბრუნებამ, რაც 11 ოქტომბერს სააკაშვილის მთავრობის გადადგომას მოჰყვა, გზა გაუხსნა „ქართული ოცნების“ კაბინეტის დაკომპლექტებას. კოალიციამ ივანიშვილი მომავალ პრემიერმინისტრად დაასახელა. მან უკვე შემოიკრიბა რამდენიმე მოკავშირე, რომლებიც ძალაუფლების გადაცემის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებს დაიკავებენ.
მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნება დელიკატურ დიპლომატიას მოითხოვს, რათა კოალიციამ მის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა პარტიები საკმარისი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს იმისთვის, რათა ახალმა მთავრობამ შეძლოს მისი პოლიტიკური პროგრამის განხორციელების დაწყება და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 2013 წლის არჩევნების შემდეგ პარტია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, ახალ ზეძლიერ პრემიერმინისტრს აირჩევს.
კოალიციის შემადგენლობაში, ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ ჩათვლით, 9 პარტიაა. ის აერთიანებს როგორც ნაციონალისტებს, ასევე პროგრესულებს, რომლებსაც პოლიტიკური ბრძოლის და პირადი შუღლის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. და ამ მხრივ სირთულეებისთვის საფუძველი უკვე არსებობს.
სირთულე წინ არის
კოალიციამ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი კვირა კონსულტაციებში და თანამდებობებისა და ისეთი ოფისების გადანაწილებაში გაატარა, როგორიცაა მაგალითად მთავარი პროკურორის სამსახური, რომელიც მათ კონტროლს დაექვემდებარება. 8 ოქტომბერს ივანიშვილმა ქვეყნის 20 სამინისტროსათვის 13 მინისტრობის კანდიდატის დასახელება შეძლო. თუმცა, იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად ვინ და რომელი პარტიიდან მიიღებს დარჩენილ თანამდებობებს კაბინეტში, „საკმაოდ რთულია“, თქვა მან.
წამყვან თანამდებობებზე ჩამოყალიბებას, მათ შორის ეკონომიკური გუნდისა, ერთი კვირა დასჭირდა; კოალიციამ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობა რამდენიმე კანდიდატს შესთავაზა, ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტდა ფინანსთა მინისტრად ეკონომისტ ნოდარ ხადურისა და ეკონომიკის მინისტრად ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ საბჭოს ყოფილი წევრის, გიორგი კვირიკაშვილის წარდგენას.
დღემდე ივანიშვილი კანდიდატურებს, ძირითადად, ახლო წრიდან არჩევს. ამ სიის სათავეში არიან კახა კალაძე, საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, ასევე რამდენიმე ყოფილი ელჩი და ედუარდ შევარდნაძის კაბინეტის მინისტრიც კი, იმ დროიდან, როდესაც ეს ძველი „აპარატჩიკი“ ქვეყანას 1995-2003 წლებში მართავდა.
ირაკლი ალასანია, სააკაშვილის ყოფილი ელჩი გაეროში, წარდგენილია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე; მისი ცოლისდა მაია ფანჯიკიძე, ერთ დროს სააკაშვილის ელჩი ნიდერლანდებში, საგარეო საქმეთა მინისტრად არის ნომინირებული. დავით კირვალიძეს, რომელიც შევარდნაძის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ძველ პოსტზე დაბრუნება შესთავაზეს.
კანდიდატებს შორის არიან ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი, ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ყოფილი მმართველი, რომელიც ძლიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. ეს სამინისტრო ყველა საპოლიციო უწყებას უწევს კოორდინაციას. ალასანიას მოკავშირე და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად დასახელდა.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი, განათლების მინისტრობის კანდიდატია. დავით დარახველიძე, აფხაზეთის ომის დროს დევნილი ქართველი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩაიბარებს; გარემოს დაცვის სპეციალისტი ხათუნა გოგოლაძე, რომელიც ეუთოში მუშაობდა, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად დასახელდა.
ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებიდან რამდენიმე დღეში, მისი სიმამრი და ივანიშვილის ძველი მეგობარი თამაზ თამაზაშვილი, ციხიდან გაათავისუფლეს. პოლიციის ყოფილი თანამშრომელი თამაზაშვილი, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და ტარებისათვის მალევე დააკავეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაება. მას სამწელიწადნახევარიანი სასჯელი უნდა მოეხადა. სააკაშვილის მთავრობა ასევე ბრალს სდებდა მას ციხის ძალადობის ამსახველი კადრების გადაღების ორგანიზებაში, რომელიც მედიასაშუალებებით სექტემბერში გავრცელდა. ამ სკანდალმა გარკვეულწილად განაპირობა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება; ამ უკანასკნელმა 150-კაციან პარლამენტში 66 ადგილი მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კოალიციამ – 84.
კალაძე, წარსულში საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ვარსკვლავი და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად დასახელდა. ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ მას ამ სფეროში გამოცდილება და ცოდნა არ გააჩნია, და რომ ყოფილი სპორტსმენი თავისი „ნიჭის“ წყალობით, სწრაფად დაეუფლება ამ საქმეს.
ეკონომისტი დავით ნარმანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატია. ეს გიგანტური სამინისტროა, რომელიც ქვეყანაში მთავარ სამშენებლო პროექტებს მართავს და 982 მილიონი ლარის (€454 მილიონი) ბიუჯეტი აქვს. ნარმანიას პოსტი დროებითი იქნება; გუნდი ამ სამინისტროს გაუქმებას გეგმავს, და მისი ფუნქციები პრემიერმინისტრის ოფისსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გადანაწილდება, რის შემდეგაც ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება.
სპორტის მინისტრობის კანდიდატად ლევან ყიფიანი, კულტურის მინისტრობის კანდიდატად მწერალი გურამ ოდიშარია, რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატად პაატა ზაქარეიშვილი, და დიასპორის მინისტრობის კანდიდატად კოტე სურგულაძე დასახელდნენ.
სოზარ სუბარი, სააკაშვილის პერიოდის სახალხო დამცველი, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. პოლიტიკურად ეს მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობაა, მით უფრო, რომ ამ სისტემაში (ციხის ძალადობის აღმოსაფხვრელად) რეფორმებია ჩასატარებელი.
საკუთარი მომენტის მოლოდინში
კოალიციისათვის, კაბინეტის კადრების შერჩევა მნიშვნელოვანი ტესტია, რადგან ის იმ არჩევნების შემდეგ ხდება, რომლის შედეგსაც ცოტა თუ ელოდა. მაგრამ, მართალია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოუპოვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კოალიციას საკუთარი პოლიტიკის გატარების პროცესში სირთულეები შეხვდება, მათ შორის ისეთი გეგმების განხორციელების დროს, როგორიცაა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, სააკაშვილის იმპიჩმენტი და პარლამენტის თბილისში დაბრუნება. მოქმედი კანონმდებლობით, საკანონმდებლო ხელისუფლება ქუთაისში უნდა მუშაობდეს, დედაქალაქიდან 236 კილომეტრის მოშორებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ერთგვაროვან ჯგუფს არ წარმოადგენს. საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რომ კოალიცია დაიშლება, როდესაც ის პარლამენტში შევა. სააკაშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ისინი სცენარის ამგვარ განვითარებას იმედოვნებენ.
არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და ივანიშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილმა მომავალში დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა: „როგორც პრეზიდენტი, მე და ჩვენი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იყოს დაცული – ის, რითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობდი და რაც იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომდევნო თვეებში და წლებში, ჩემი და ჩემი [მოკავშირეების] მომავალ ქმედებებში“, თქვა მან.
„ყველაფერს სჭირდება დრო, იმისთვის რომ ნახო და გააანალიზო ბევრი რამ, მაგრამ დღეს ჩვენ ყველანი ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე… მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დიდი მომავალი ექნება და ჩვენც ვგეგმავთ ამ მომავლის ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები“.
foreignpress.ge