კრება ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

კრება ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

რუსთაველზე გამართულ თავყრილობას ხელისუფლება ჯერჯერობით, გარეგნულად, მშვიდად ადევნებდა თვალს. ვერ ვიტყვით, რომ შეკრება მცირერიცხოვანი იყო, თუმცა, გუბაზ სანიკიძის გამოსვლა ცხადყოფდა, რომ   პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი რაოდენობის იმედი ჰქონდათ. თვალშისაცემი იყო ერთი რამ – პარლამენტის წინ შეკრებილთა შორის, თბილისელები ნაკლებად შეიმჩნეოდნენ. რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი კი თავად კრების ლიდერებმა დატოვეს უკმაყოფილო, როცა მათ დაშლისკენ მოუწოდეს.

 

მიაღწევს თუ არა მიზანს, იმაზეა დამოკიდებული, ეყოფა თუ არა კრებას გამძლეობა და რესურსი და შეძლებს თუ არა პროცესში ხალხის კრიტიკული მასის ჩართვას და პოლიტიკური პარტიების დაინტერესებას. ანალიტიკოსი და ფილოსოფოსი კახა კაციტაძე მიიჩნეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ კრება არ გადაიქცეს პოლიტიკურ პარტიად და საზოგადოებრივი სტატუსი შეინარჩუნოს.

 

გუშინდელი შეკრება მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა, თუმცა აშკარაა, რომ ხალხში მუხტი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა პროცესები გამწვავებისკენ წავიდეს?

– მე რამდენადაც მახსოვს, გასული წლის 9 აპრილს ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და დანარჩენი აქციების დროს ესკალაცია თანდათანობით ხდებოდა. მოცემულ მომენტში, შემიძლია ვთქვა, რომ არც იმას აქვს საფუძველი ვთქვათ, რომ კრება აპრიორი ჩაფლავდა და არც იმას, რომ ტრიუმფალურად დაიწყო. კრების რესურსები გაძლიერდება თუ შესუსტდება საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

 

სახალხო კრების იდეა ალბათ არ არის ცუდი, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში რამდენად შეძლებს ის, რომ პოლიტიკური როცესები გააცოცხლოს?

– არის   ერთი მომენტი – ჯობდა კრება ჩატარებულიყო არა ღია ცის ქვეშ, არამედ, უფრო აკადემიურ სტილში, სადმე დარბაზში, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რაც დაიწყო, ძალიან ძნელი სათქმელია, რა სახეს მიიღებს. ქიმიიდან ცნობილია ავტოკატალიზური პროცესები, ანუ პროცესი, რომელიც თავის თავს ქმნის. თავისთავის შექმნა, შესაძლოა გამოვიდეს საკმაოდ წარმატებულად, ან წარუმატებლად. ახლა ძალიან პრიმიტიულ რამეს ვამბობ: თუ გამოვა – გამოვა, თუ არა და – არ გამოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ნამდვილად ასეა. ღვინო რომ იწყებს დაღვინებას, დაღვინების მომენტში ვერ გაიგებ რა გამოვა – დაძმარდება თუ კარგი ღვინო გამოვა.

 

კრების ორგანიზატორები მოითხოვენ პირველი პირების გადადგომას და ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა, სააკაშვილის, მერაბიშვილის,  ადეიშვილის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გადადგომა არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს?

– იმ ტიპის ავტორიტარული რეჟიმების, რომელიც დღეს საქართველოშია, ერთერთი ნიშანი არის ის, რომ ძალიან არის პერსონიფიცირებული, ანუ, ხელისუფლება არის მთლიანად სააკაშვილზე მიბმული. ხელისუფლების სეგმენტები, მაგალითად – პროკურატურა, არის ადეიშვილზე მიბმული, ძალოვანი უწყებები – მერაბიშვილზე და ა.შ. ხელისუფლების ის ტიპი, რომელიც დღეს არსებობს, იმით არის სპეციფიკური, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კი არ არის ძლიერი, არამედ, პერსონები, რომლებიც ინსტიტუტების სათავეში დგანან.

 

ეს არ არის ის რაც, საბჭოთა კავშირში ან გერმანიაში იყო – შეგეძლო მინისტრი მოგეშორებინა, მაგრამ სტრუქტურა მუშაობას აგრძელებდა. შესაბამისად, პერსონიფიცირებულ სისტემაში რომელიმე რგოლის უფროსის გადაგომა მექანიკურად იწვევს ქვემდგომი რგოლების დამბლას. ამიტომ, ხელისუფლება არავითარ გადადგომას არ დაუშვებს.

 

პირველ პირებს თავი დავანებოთ, მაგრამ აქ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლითაც გაჯერებულია მთელი ხელისუფლება და, სხვათა შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მათაც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ამიტომ,  ისინი დაუშვებენ, რომ პროცესები თვითდინებაზე მიუშვან და არაფერი მოიმოქმედონ?

– მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს სინგაპურიზაციაზე რომ მიდის ამდენი ლაპარაკი, სინგაპურის მაგალითი გავიხსენოთ. ლიკუანი რომ გადამდგარიყო, მთელი ხელისუფლება ჩამოიშლებოდა. ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, (სადაც ინსტიტუტები მართავენ სახელმწიფოს), აქ პიროვნებები მართავენ სახელმწიფოს.

 

და როგორ იმოქმედებს ხელისუფლება? დიდი ალბათობით, ალბათ, არცერთი პირველი პირი არ ემზადება გადასადგომად?

– ჩვენ გვინახავს ისტორიაში, რომ მეფეს შეეძლო ერთ–ერთი ფავორიტის გაწირვით გაენელებინა ხალხის რისხვა, მაგრამ ასე არ მოქცეულა და საბოლოოდ მომხდარა ისე, რომ მეფეს ფავორიტიც გაუწირავს და თავის თავიც დაუკარგავს, მაგრამ ჯერ, ეს ხელისუფლება კრიტიკულ ვითარებას ვერ ხედავს. კრიტიკული ვითარების ინდიკატორი იქნება, თუ, ვთქვათ, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტერიტორია იქნება ხალხით გადაჭედილი.

 

ეს ალბათ, ოპოზიციის ერთობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, მაგრამ დღვანდელი სურათი ისეთია, მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ყველას სხვადასხვა გზა აქვს არჩეული.

– მიზეზებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს… ის, რაც ხდება, საზოგადოების ნაწილის თვითორგანიზების მცდელობაა, სადაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ჩაერთვნენ. არ გამოვა ეს თვითორგანიზაცია – გამოვა სხვა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხელისუფლება ხელისუფლებას ინარჩუნებს არა პოლიტიკური, გონივრული საშუალებებით, არამედ, იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაა. ის არ თვლის საჭიროდ, რომ ვინმეს გაუწიოს ანგარიში.

 

დავუშვათ, გამოვიდა ქუჩაში დიდი რაოდენობით ხალხი და გადადგა ეს ხელისუფლება როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ოპოზიციურ სპექტრში ჩანს თუ არა ის ძალა, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის მართვაზე? შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟს იმანაც შეუწყო ხელი, რომ სააკაშვილის, ბურჯანაძის და ჟვანიას ხელმძღვანელობით ოპოზიცია საკმაოდ მყარად გამოიყურებოდა და ხალხს რწმენა ჰქონდა, რომ უკეთეს ქვყანას ააშენებდნენ. დღეს, პრაქტიკულად, ეს რწმენა არ აქვს საზოგადოებას. ისე ხომ არ მოხდება, რომ  სააკაშვილის წასვლის შემდეგაც იგივე ჭაობში აღმოვჩნდეთ?

– რა თქმა უნდა, ადამიანები ამ პრობლემას სერიოზულად აღიქვამენ იმის მიუხედავად, ხელისუფლების მხარდამჭერები არიან თუ – მოწინააღმდეგეები. მე ვხედავ ასე, რომ კრება არ უნდა გახდეს პოლიტიკური ძალა. ის საზოგადოებრივი მოძრაობაა და ასეთად უნდა დარჩეს.

 

თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე. პროცესებს თუ თვალს გადავავლებთ, ჩანს, რომ ძალაუფლებას პოლიტიკოსები იღებენ ხელში.

– გეთანხმებით, მაგრამ რაღაც ბალანსი უნდა შენარჩუნდეს. როცა კრებას ვუყურებდი, ასე წარმომედგინა, რომ ბალტიისპირეთის სახალხო ფრონტების, ან პოლონური სოლიდარობის გამოცდილება შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. კრება არ უნდა გადაიქცეს ერთ–ერთ პოლიტიკურ პარტიად სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს იქნება ყველაზე ცუდი. მე ძალიან კარგად მახსოვს 1987–88 წლებში სახალხო ფრონტის ჩამოყალიბების მცდელობა რომ იყო საქართველოში. ეს მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც „სახალხო ფრონტი“ ერთ–ერთი პოლიტიკური პარტია გახდა სხვა პარტიებს შორის.  

 

დღევანდელი გადმოსახედიდან დიდია ალბათობა, რომ ინტელიგენცია საერთოდ ჩააჩოჩონ და წინა პლანზე პოლიტიკური პარტიები წამოვიდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს კრებას პოლიტიკური პარტიები იყენებენ.

- რასაც თქვენ ამბობთ სწორედ ამაზეა ლაპარაკი. რა გადაწყვეტილეები იქნება მიღებული? ახალ ავტორიტარიზმს ხომ არ მივიღებთ და ა.შ.? ეს რომ თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა, რომ კრებამ შეინარჩუნოს თავისი სტატუსი, როგორც არა პოლიტიკური, არამედ, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი. თუ (ეს „თუ“–ც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას), ხელისუფლება გადადგება, კრება ჩათვლის, რომ რაღაც ეტაპზე თავისი ამოცანა შესარულა და არ მგონია, კრება პოლიტიკურ სუბიექტად იქცეს.

 

ამის რესურსი, ამ ეტაპზე, ალბათ, ამ კრებას არც აქვს.

– ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასეთი კრება, შესაძლოა 20 და 30 წლის შემდეგაც გახდეს მოსაწვევი და მათ რომ რესურსი არ აქვთ, ეს მათი სისუსტე კი არა – ძალაა.

 

რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს კრება მიტინგად გადაიქცეს?

– ეს, მეორე საფრთხეა, რაზეც უკვე ვთქვი, რომ ამიტომ სჯობდა დახურულ დარბაზში ჩატარებულიყო.

 

რამდენად მაღალია რისკი, რომ კრებამ ვერ შესრულოს თავისი მისია და ამან კიდევ უფრო მოკლას პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ როგორ არის იცით? კრება კი არ ქმნის პრობლემებს, ანუ კრება იმიტომ კი არ გაჩნდა, რომ პრობლემები შექმნას, არამედ, გაჩნდა იმიტომ, რომ პრობლემები იყო ქვეყანაში. კრებამ რომ ვერ მოახერხოს მიზნის მიღწევა, ეს პრობლემები მაინც დარჩება და წავა იქითკენ, რომ საზოგადოება სხვა ფორმების ძიებას დაიწყებს.   

 

რამდენად მოსალოდნელია, რომ კრებამ მოახერხოს ოპოზიციური სპექტრის ამ პროცესებში ჩართვა?

– გააჩნია კრება რამდენად მოახერხებს გამოჩნდეს, როგორც გამოკვეთილი არაპოლიტიკური ძალა. თუ იგი გადაიქცევა პოლიტიკურ ძალად, ყველა პარტია მას აღიქვამს პოლიტიკურ ძალად.

 

როგორც კრების ინიცატორები აბობენ, მათი მიზანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა, როგორ ფიქრობთ ამ ეტაპზე, ხელისუფლებასთან რამდენად კონკურენტუნარიანად გამოიყურება ოპოზიციური სპექტრი?

– ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაში უნდა განვიხილოთ. თუ მთავრობის სხვა შემადგენლობა გვეყოლება, მინისტრთა კაბინეტს ვგულისხმობ, იქნებიან ნეიტრალური მინისტრები, რა თქმა უნდა, ოპოზიციის შანსი და სტატუსი სუსტი არ იქნება. თუ არჩევნები იმ პირობებში ჩატარდება, როგორშიც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რასაკვირველია, ხელისუფლება მოიგებს.

 

ალბათ, ამ პროცესებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგარეო ფაქტორებსაც?

– რასაკვირველია ასეა, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ: დასავლეთში ხშირად ეპარებათ ხოლმე სიტუაციები. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ყირგიზეთში, როცა ბაკიევი უკვე ემხობოდა, წინა დღეს მის შვილს შეხვდნენ დიდი ამბით. ასე რომ, აქ დომინანტად, შიდაპოლიტიკური ელემენტები იქნება და ეს ალბათ, პირველი პროცესია საქართველოში, რომელიც ისე წავა, რომ დასავლური ფაქტორის გათვალისწინება არ იქნება. საკმაოდ ბანალურ დასკვნამდე მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ, უკეთესი დასკვნის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ჯერ ღვინის დუღილის პროცესია.

 

„სახალხო კრების“ გამართვამდე ერთი დღით ადრე „ქართულ პარტიას“ დამფუძნებელი ყრილობა ჰქონდა. როგორც ვხვდებით, არც ისინი აპირებენ 2012 წლის არჩევნების ლოდინს. თქვენ რას გეუბნებათ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო წარსულის და იდეოლოგიის ხალხის ერთობა?

– მე რამდენადაც მესმის, თუ ახლა ჩაფლავდება ეროვნული კრების მცდელობა, კრიზისი დარჩება, რადგან ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, ეს კრიზისული ვითარება გამოასწოროს. „ქართული პარტია“ კი ფსონს ჩამოდის იმაზე, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო პიკური სახით იქნება გაზაფხულზე.

 

ალბათ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს უნდა გაესვას ხაზი კრების გაშუქება პრაქტიკულად არ ხდება ნაციონალურ არხებზე. რეგიონებში საზოგადოებამ, თითქმის არაფერი იცის რა ხდება დედაქალაქში. ეს ფაქტორი რა როლს ითამაშებს მიზნის მიღწევაში?

– რასაკვირველია, ეს კრებას ხელს შეუშლის, მაგრამ ნებისმიერ სოციუმს აქვს უნიკალური უნარი, მოძებნოს ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებები. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, არათუ ტელევიზია, ტელეგრაფიც კი არ იყო, მაგრამ ფონი ვრცელდებოდა. ხუმრობით რომ ვთქვათ, კრებას შიკრიკები სჭირდება.

 

და ბოლოს, თუ კრებამ მიზანს მიაღწია, რა ბედი ელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკე „რვიანს“? თუმცა, იქ ალბათ, უფრო 3–4 პარტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, თორემ დანარჩენებს ადგილები კრებასთანაც დაბევებული აქვთ და „ქართულ პარტიასთანაც“.

– ეს არის ქართული პოლიტიკის ყველაზე სამარცხვინო მომენტი. ამაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რაც მრავალჯერ დამიწერია პრესა.გე–ზეც – მოლაპარაკე „რვიანის“ იმედი, რომ ამ ხელისუფლების ტრანსფორმაცია შესაძლებელია, მე არ მჯერა. არგუმენტები, რომელიც მათ მოჰყავთ, არ არის ჩემთვის საკმარისი.