"საქართველოს რკინიგზას” გარედან ყოველთვის უტევდნენ და ახლა შიგნითაც დაიწყო დაპირისპირები. სამტრედიის კვანძზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომლებმა სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელებს მოთხოვნები წაუყენეს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვებით იმუქრებიან.
როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ლომიძემ განაცხადა, საბოლოოდ ორშაბათს, 22 სექტემბერს გაირკვევა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანიის ხელმძღვანელობა.
რკინიგზის თანამშრომლები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და სამუშაო საათების რეგულირებას მოითხოვენ. ლომიძე მიიჩნევს, რომ რკინიგზელთა მოთხოვნებში განსაკუთრებული არაფერია და მანამდეც უნდა დაკმაყოფილებულიყო. ხელფასები თანამშრომლების ნაწილს მოემატა, თუმცა ეს სისტემურად არ მომხდარა. მაგალითად, 150 ლარიდან მექანიკოსს ხელფასი 700 ლარამდე გაეზარდა, ხოლო მორიგეს 130 ლარიდან მხოლოდ - 300 ლარამდე, რამაც ზოგი თანამშრომლის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა, სადგურებზე მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანტისანიტარიის აღმოფხვრას. თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც ლიანდაგების შეკეთებაზე მუშაობს, სპეციალურ ტანსაცმელს ითხოვს და ა.შ.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს რკინიგზა თანამშრომლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებას, ისინი ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს გაიფიცებიან.
“საქართველოს რკინიგზა” ბოლო წლებში მუდმივად შეტევის ობიექტია, განსაკუთრებით, კი მისი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია. მას მუდმივად მოუწოდებენ დატოვოს თანამდებობა, მაგრამ აგერ აქამდე შეუდრეკლად დგას (უფრო სწორად ზის). მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” წევრის გია ყრუაშვილი კიდევ ერთხელ ამხელს ეზუგბაიას და მის კლანს.
“ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მივმართე ირაკლი ეზუგბაიას, გაეთვალისწინებინა ივანიშვილის გონივრული რჩევა, ნუღარ გადაღლიდა სასამართლოებს და საკუთარი ნებით დაებრუნებინა გატაცებული თანხები, ქონება კი “საქართველოს რკინიგზისთვის”გადაეცა. გარდა ამისა, თანამდებობებზე უნდა აღედგინა ის პროფესიონალები, რომლებიც სამსახურიდან გაყარა. ფაქტია, რომ მან “საქართველოს რკინიგზა” დააკომპლექტა ყოფილი პროკურორებით, თავისი დეიდაშვილ-მამიდაშვილებით.
1985 წლიდან ამ უწყებაში ვმუშაობ და ეს ხალხი ეზუგბაიამ მოიყვანა, ფინანსური დირექტორი, მისი მოადგილეები, საკუთარი დეიდაშვილი ჯინჯოლია და “თელასიდან” წამოსული ინკასატორები. ამათ გააჩანაგეს ეს სისტემა. მათი 80% არაპროფესიონალია, ყველა დირექტორი არაპროფესიონალია, ისინი მარტო ფულის კეთებაზე არიან გადასულნი. მთლიანად რკინიგზა ავარიულია, ჯერ მარტო წიფა-მოლითის მონაკვეთი რა მდგომარეობაშია, უამრავი ავარია ხდება გზაზე. შევიდეთ დეპოში და ვნახოთ, რა დღეშია მოძრავი შემადგენლობები”, - აცხადებს ყრუაშვილი.
სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” კი საქმიანობის მშვიდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელებას ითხოვს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, მისთვის მშვიდ სამუშაო რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება რამდენიმე მიზეზით არის აუცილებელი. კერძოდ, იმიტომ, რომ “ანგარიშზე აქვს 250 მილიონი ლარი; 85% ტვირთების არის საერთაშორისო; შემოდგომა არის სპეცტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება; მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტები; ევროობლიგაციები, რომელიც წარმატებულად თავსდება, არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ. შესაბამისად, საზოგადოებას ვთხოვთ, ფრთხილად მოეკიდოს რადიკალურ განცხადებებს რკინიგზასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.
მშვიდ გარემოში მუშაობა რკინიგზას ნადვილად არ უწერია, რადგან მომჩივანთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ერთ-ერთი თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მფლობელი ავთანდილ საყვარელიძეა, რომელიც “საქართველოს რკინიგზას” მისი გამოგონების მიტაცებაში ადანაშაულებს. როგორც საყვარელიძის ამბობს, რკინიგზის დაკვეთით დამზადებული ელექტრომატარებელი, რომელიც დღეს ფოთში მოძრაობს, მისი გამოგონებაა.
“ეს მატარებელი გამოგონებულია ჩემს მიერ და დაპროექტებული და აშენებულია ჩემი ტექნიკური ჯგუფისა და ჩინური კორპორაცია CSR-ის სპეციალისტების მიერ, რომლებიც მე პარტნიორებად მოვიწვიე. რკინიგზა არის ამ პროექტის მიმტაცებელი. ყველაზე სამწუხაროა, რომ მატარებელს უკვე დაეტყო არაპროფესიონალთა ხელი. კერძოდ, ის მაღალტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც პირველი მატარებლების მშენებლობისას განვახორციელე - ე.წ. ფანჯარა-ხაზი, შეცვლილია ჩვეულებრივი ფანჯრებით, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია.
როგორც უკვე განვაცხადე, დავიწყე ბრძოლა წართმეული ქარხნის დასაბრუნებლად. მალე კვლავ აღდგება სამართლიანობა და საზოგადოება არა პიარ-პროდუქციას, არამედ რეალურ ტექნიკურ პროგრესს დაინახავს”, - განაცხადა ავთანდილ საყვარელიძემ.
როგორც ცნობილია, თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მფლობელები ქონებისა და ბიზნესის მიტაცებაში კეზერაშვილს, ბეჟუაშვილსა და ეზუგბაიას ადანაშაულებენ და ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა წამოიწყეს.