ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, მისი მკვლელობის მცდელობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა.
„ჩემი მკვლელობის გეგმა, რომლის განხორციელებაც გასული წლის აგვისტოში სცადეს, რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. საუბარია 20 მილიონ დოლარზე“, - განაცხადა მადურომ. მისივე თქმით, მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორებმა ფული უცხოეთიდან მიიღეს.
ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონების გამოყენებით მადუროს მკვლელობის მცდელობა 2018 წლის 4 აგვისტოს მოხდა, როდესაც ის ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა. მადურომ მომხდარში ადგილობრივი და კოლუმბიელი ულტრამემარჯვენეები და კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დაადანაშაულა.