“არავინ დაიწყებს იმის გარჩევას ის ლათინური ამერიკიდან არის თუ არა - ეს ყველას შეეხება“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ალტერნატიულ საშუალებას მიმართავს; მომავალ კვირას აშშ არალეგალური მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერში" დაწერა. დეპორტაცია შესაძლოა დაემუქროთ, როგორც ლათინური ამერიკიდან უკანონო მიგრანტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, რაც არ არის გამორცხული საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოთ.
„ეს ძირითადად ლათინური ამერიკიდან უკანონო მიგრანტებს ეხება, რომლებიც აშშ-ში მილიონობით არიან. ბუნებრივია, თუ ასეთი ოპერაცია დაიწყო, არ არის გამორიცხული, რომ ამაში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მოხვდენენ, - არავინ დაიწყებს იმის გარჩევას ის ლათინური ამერიკიდან არის თუ არა, ეს ყველას შეეხება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" დამფუძვნებელი კორნელი კაკაჩია.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიგრანტთა ნაკადის შეჩერებისთვის მექსიკა შეაქო და აღნიშნა, რომ გვატემალამ მზადყოფნა გამოთქვა, ასევე მოაწეროს ხელი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ შეთანხმებას.
ტრამპმა მიგრაციული კრიზისის დარეგულირების მიმართულებით დემოკრატები უმოქმედობაში დაადანაშაულა და მათ კონგრესში საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მექსიკა თავისი ძლიერი საიმიგრაციო კანონების გამოყენებით ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს ამ ადამიანების ჩვენს სამხრეთ საზღვრამდე გაჩერებით. გვატემალა ემზადება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად. ერთადერთი, ვინც არაფერს აკეთებს, კონგრესში დემოკრატები არიან. მათ ხმა უნდა მისცენ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და თავშესაფრის სისტემის მოსაწესრიგებლად. თუ ეს მოხდება, სასაზღვრო კრიზისი სწრაფად დასრულდება," - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ტრამპს განზრახული ჰქონდა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება, თუმცა, ეს მან ვერ განახორციელა, რადგან, მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ტრამპის ერთგვარ პათოსს არ იზიარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან გამოსახლება დიდი ალბათობით არ დაემუქებათ.
“მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რამდენად რეალური არის ეს; მანამდე ტრამპმა ბევრი სხვადასხვა რამ დაანონსა, მათ შორის კედლის აგება, მაგრამ ამას შესაბამისი შედეგი არ მოყოლია იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში ამ ყველაფერს საზოგადოებრივი აზრი ერთმნიშვნელოვნად არ უჭერს მხარს, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში, - ხალხი, ამის წინააღმდეგი გახლავთ.
„ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკის გატარებას რამდენად წარმატებულად შეძლებს. იძულების წესმა საზოგადოების რეაქცია შესაძლოა საკმაოდ მწვავე გახადოს. ამიტომ, პირდაპირ თქმა იმისა, რომ ეს ოპერაცია წარმატებით იქნება შესრულებული, ნაადრევია. ჩვენ უნდა დაველოდოთ რეაქციას და როგორი შედეგები ექნება ამას.
„შეეხება თუ არა ეს საქართველოს მოქალაქეებს, არ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ოპერაციის მიზანი კონკერტულად საქართველო არ იქნება, ჩვენთან დაკავშირებით, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია რაღაც ბმა იყოს," - ამბობს ის.
რამდენად რეალურია, რომ მსგავსი პროცესი ევროპაშიც დაიწყოს და მიგრანტების მასობრივი გამოსახლება მოხდეს?
კაკაჩია აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერები აშშ-ის ლიდერისაგან განსხვავებით უფრო ლოიალურები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ მოხდება.
„ევროპაში ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას, ამერიკისგან განსხვავებით. ევროპაში შედარებით ზომიერი მთავრობებია, რომლებიც ლიბერალ-დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს სცემენ და ამ კუთხით არამგონია, რომ ასეთი საფრთხე არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში. ჯერჯერობით ამის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
ცნობისათვის, ვაშინგტონში 7 ივნისს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მექსიკა აშშ-ში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ აქტიურ ზომებს მიმართავს. ქვეყანა აშშ-სთან საზღვრის დაცვას გაამკაცრებს და ბრძოლას იმ ჯგუფების წინააღმდეგ გააძლიერებს, რომლებსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავთ.
ამასთან, მექსიკა დათანხმდა აშშ-დან მიგრანტები მიეღო, ვიდრე ამერიკული მხარე თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მათ განცხადებებს შეისწავლის.