ეგვიპტის ექსპრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

ეგვიპტის ექსპრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

წინასწარი ცნობით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა სახელდება. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

პოლიტიკოსი 17 ივნისს სასამართლოს დარბაზში გარდაიცვალა. ეგვიპტის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მურსი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მან გონება დაკარგა. საავადმყოფოში ის უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს. უწყება პირობას დებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას მალე გამოაქვეყნებს.

მუჰამედ მურსი თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს, რის შემდეგაც ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ „მუსლიმთა საძმოს“ საქმიანობა აუკრძალა.

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს (2012-2013) ბრალად დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობით ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა ედებოდა.