ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა. როგორც მის განცხადებაში წერია, ის აპირებს გულწრფელად მიიღოს ჰონგ-კონგის მცხოვრებლებისგან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
კერი ლამის განცხადებით, მთავრობის მუშაობაში გამოვლენილმა ხარვეზებმა მოქალაქეებში დიდი მოცულობით კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ჩინეთში ექსტრადიციის კანონის გარდა უკვე მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მთავრობა ჩინეთის პოლიტიკის გავლენის ქვეშ არის მოქცეული.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას არ აპირებდა. თუმცა, მთავრობის სხვა წევრებმა მისი პოზიცია არ გაიზიარეს.
კანონპროეექტის თანახმად, რომელსაც მასშატაბური აქციები მოჰყვა, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.
ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.
მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.