რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი რომ არა, რუსთაველზე მარტო პოლიტიკოსები იდგებოდნენ

რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი რომ არა, რუსთაველზე მარტო პოლიტიკოსები იდგებოდნენ

სახალხო კრებამ 25 ნოემბერს გადაწყვიტა, 26–ში „ხალხის ძალა“ კიდევ ერთხელ მოესინჯა. „ეროვნული ფორუმის" ლიდერის – შარტავას განცხადებით, მას აინტერესებს, რას იზამს თბილისი - დადგება თუ არა რუსთაველის გამზირზე მაშინ, როდესაც რეგიონებიდან ათასობით ადამიანია ჩამოსული.

 

“თუ ბევრი ხალხი მოვა, კრების გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ეხება, აღსრულდება” – განაცხადა გუშინ საღამოს შარტავამ.

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, განმეორებითი მიტინგის დანიშვნის გადაწყვეტილება ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს. მისი თქმით, თუ დღეს პარლამენტთან ბევრი და რადიკალურად განწყობილი ხალხი მივა, იქნება ქმედებები და მისი ლოგიკური დასასრული. მისი თქმით, გუშინ ხალხის რაოდენობა არასაკმარისი იყო.

გუშინდელ სახალხო კრებაში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ლიდერებისგან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვდა და კრების დასრულებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მათი მტკიცებით, გუშინდელ ღონისძიებაში 25 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ეს რაოდენობა აქტიური ქმედებების დასაწყებად საკმარისი იყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კრება უშედეგოდ დასრულდა და მათ ოპოზიციამ იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა. 


შეკრებილთა ნაწილი კრების დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირს არ ტოვებდა და ლიდერების უკან მისვლას ითხოვდა. ამ მოთხოვნის შემდეგ პარლამენტის წინ კვლავ დაბრუნდნენ ნინო ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა.

 

სწორედ ამ დროს გამოცხადდა დღეს, 14:00 საათზე მიტინგის გამართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ლიდერებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ ღამისთევის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად პარლამენტთან ღამის გასათევად 20-მდე ადამიანი მაინც დარჩა. 

 

გუშინ, სახალხო კრებაში ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობდნენ: "დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნული ფორუმი", "ხალხის პარტია", "კონსერვატორები", "საქართველოს გზა" "თეთრები" და სხვა პარტიები. კრებას ესწრებოდა, ასევე – გოგა ხაინდრავა.    

ნინო ბურჯანაძის თქმით, "სააკაშვილის ხელისუფლებას წარმომადგენლობითი სახალხო კრების ძალიან ეშინოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა კრება არ გამართულიყო. კრებამ უნდობლობა გამოუცხადა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ 850 ათას ადამიანს, რომელიც რეალურად ჩვენს უკან დგას, სააკაშვილის ხელისუფლება არ სურს", – განაცხადა ბურჯანაძემ. 

 

სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, გია ბურჯანაძის განცხადებით, 100 000-მდე ადამიანი მაინც უნდა მისულიყო, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღოთ. 

 

პარლამენტთან საღამოსთვის დარჩენილი 1500-მდე ადამიანი უკმაყოფილო იყო და აცხადებდა, რომ საკმაო რაოდენობა იყო შეკრებილი იმისათვის, რომ ემოქმედათ. დასავლეთ საქართველოდან ჩამოყვანილი ხალხი ორგანიზატორებს საყვედურობდა, რომ თუ რადიკალური ზომების მიღებას არ აპირებდნენ, მაშინ ჯერ თბილისის მოსახლეობა გაეყვანათ კრებაზე და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო დასავლეთ საქართველოდან მათი ჩამოყვანა.

 

სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე ქვემო ქართლი არ აქტიურობდა. რეგიონიდან, ორგანიზებულად ჩამოსულთა შორის მხოლოდ, რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო. მათი შემადგენლობაც მცირერიცხოვანი გახლდათ. არ სურდათ ინტერვიუს მიცემა, საკუთარი გვარების დასახელება და ფოტოებზე გამოჩენა.

 

მარნეულიდან და ბოლნისიდან ჩამოსული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცების მთავარი მოთხოვნა -  რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იყო. "დასაქმებულები არ ვართ. რუსეთთან ურთიერთობები გართულებულია და სამუშაოდ იქაც ვერ მივდივართ”, - ამბობდნენ ბოლნისელები.

 

რუსთაველი აქციის მონაწილეები, რატომღაც, ჩვენმა კითხვამ გაღიზიანა.

"რამდენი ვართ და – ორმოცდაათი კაცი! გვაწუხებს უმუშევრობა, გაზრდილი გადასახადები და ზოგადად ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია. ამას კითხვა რად უნდა?!“ - რუსთაველებმა ერთხმად დაგვიწყეს ხმამაღალი საუბარი, თითქოს რომელიმე ამ პრობლემის ადრესატი ჩვენ ვიყავით. 

 

ქვემო ქართლში ოპოზიციური პარტიების სუსტი მუშაობის გამო, სახალხო  კრების შესახებ, რეგიონის მოსახლეობა ნაკლებად იყო ინფორმირებული. თუმცა, რთული სათქმელია, ამ ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში როგორი სურათი გვექნებოდა. 

 

როგორც წესი, ოპოზიციონერთა პასიურობის და ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის გამო,  ქვემო ქართლში  პროტესტს მხოლოდ საკუთარ სამეგობროსა და სამეზობლოში გამოხატავენ.

 

"სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ” დელეგატებს რეგიონებში კომიტეტების შექმნა დაავალათ. მათი მიზანი მოსახლეობის ეროვნული დაუმორჩილებლობისთვის მომზადებაა. კონკრეტულად რაში გამოიხატება დაუმორჩილებლობა, არავინ იცის.

 

უცხოეთში, როგორც წესი, ამგვარი განცხადება იმას ნიშნავს, რომ ექიმი სამსახურში არ გავა, ან მეხანძრე უარს იტყვის ხანძრის ჩაქრობაზე და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში, საინტერესოა, რა სახის დაუმორჩილებლობას დაიწყებს უმუშევარი მოსახლეობა.   

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან დარჩენილმა რამდენიმე მოქალაქემ განუცხადა, ისინი კრებისგან სულ სხვა შედეგს ელოდნენ და მზად იყვნენ, კონკრეტული მოქმედებებისთვის. ახლა კი, დაფიქრდებიან, შემდეგ შეკრებაში მიიღონ თუ არა მონაწილოება. 

 

კრების რამდენიმე მონაწილე უკმაყოფილო მოქალაქეებს პროვოკატორებს უწოდებს. მათი განცხადებით, კრების მონაწილეები ლიდერების მითითებებს უნდა დაემორჩილონ.

 

”პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ ხალხით მანიპულირება და მათი ტყუილად შეწუხება. ”ხელისუფლების დამთავრების” თარიღების წინასწარ გამოცხადებისა და შემდგომ იმედგაცრუების შედეგია ის, რომ ხალხს ოპოზიციის აღარ სჯერა და ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში ათი კაციც აღარ გამოვა”, - აცხადებს მედია-კავშირ ”ობიექტივის” ერთ-ერთი  ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი.

 

კულტუროლოგ ზაზა შათირიშვილის შეფასებით, ოპოზიციის პრობლემა იმაშია, რომ ხალხს ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიცია არ უყვარს. შათირიშვილის თქმით, ახლა საქართველოში არეულობა არც ამერიკას აწყობს და არც ევროპას.

 

შათირიშვილის თქმით, აშკარაა, რომ სახალხო კრების ორგანიზატორებმა საქართველოსთან და სააკაშვილთან დაკავშირებით საგარეო ფაქტორი არ, ან ვერ გაითვალისწინეს. 

 

გუშინვე, აქციის ორგანიზატორებმა ხმის გამაძლიერებლების და სხვა ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი მოახდინეს. აღებულია სცენაც, სადაც გუშინ სახალხო კრების მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ.

მიტინგის დაწყების დროისთვის, 14 საათისათვის, პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. პოლიტიკოსთაგან მათთან მხოლოდ კახა შარტავა და ირაკლი ბათიაშვილი მივიდნენ, ალბათ, უფრო, სოლიდარობის მიზნით.