„ნაციონალურ მოძრაობას“ სახელის გადარქმევას ურჩევენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ სახელის გადარქმევას ურჩევენ

ექსპერტების თუ პოლიტიკოსების შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა იმან დაღუპა, რომ მას ძლიერი და რაციონალური ოპოზიცია არ ჰყავდა. სხვა საკითხია, თავად ნაციონალური მოძრაობა როგორ აფასებდა საკუთარ თავს - დაღუპულად თუ ძლევამოსილად, მაგრამ საინტერესოა, რა სახეს მიიღებს იგი საპარლამენტო უმცირესობაში ყოფნისას. ეს იქნება რაციონალური თუ რევანშისტული ძალა, ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან თუ შეეცდება, მას ხელი შეუშალოს. იქცევა ძლიერ პოლიტიკურ ძალად თუ საქმე იქამდე მივა, რომ ნაციონალური „ნარჩენების გატანის“ შემდეგ ქვეყანას კვლავ ოპოზიციის არარსებობის პრობლემა დაუდება. ამ თემებზე ექსპერტი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.

ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ უცნაურად იქცევა - პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი თავად არ წარადგინა პრემიერ-მინისტრად და ეს საქმე თავის პრესსპიკერს მიანდო, მანამდე გადააყენა მთავრობა, რისი აუცილებლობაც არ იყო და ახალ ხელისუფლებას დაჩქარებული ტემპებით უწევს პარლამენტის სხდომის გამართვაც და მთავრობის დაკომპლექტებაც. ეს ყველაფერი რაღაც ჩანაფიქრებზე მიანიშნებს თუ უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი ამბავი?

- ალბათ, იყო რაღაც უხერხულობის მომენტი, მიხეილ სააკაშვილმა პირადად რომ არ წარადგინა ბიძინა ივანიშვილი. მგონია, რომ ძველი მთავრობის გადაყენება ნაჩქარევად არ მომხდარა, ამით უმრავლესობით მოსულ ძალას საშუალება ეძლევა, დროულად ჩამოაყალიბოს მინისტრთა კაბინეტი. ვფიქრობ, კარგია, რომ ეს დროულად გაჟღერდა, რადგან ვთვლი, რომ იქნებოდა გარკვეული დაძაბულობა, იქნებოდა საუბრები, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს ამ კონკრეტულ ვითარებაში. ამ ყველაფერმა რაღაცნაირად დააწყნარა სიტუაცია და მგონია, საერთაშორისო საზოგადოების რჩევაც ამაში მდგომარეობდა - გაცხადებულიყო, რომ პროცესი მშვიდად და უმტკივნეულოდ წარიმართებოდა.

საქართველოს ამ დღეებში ბევრი უცხოელი სტუმრობს. რას ნიშნავს, რომ მათ არც ქვეყნის პრეზიდენტი ხვდება არც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი...

- რა თქმა უნდა, არის ამაში გარკვეული უხერხულობა - პრემიერ-მინისტრის დაუსწრებლად დასახელება, ევროკომისიის მაღალი დონის დელეგაციის ჩამოსვლა... ჩვეულებრივ პირობებში ეს მოითხოვდა როგორც პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ისე – პრეზიდენტის ყოფნას საქართველოში.მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის სახალხო პარტიის შეკრება, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი ეს ძალა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად ითვლება, ეს ძალა კი ცალსახად მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მიხეილ სააკაშვილს.

ეს მათ არაერთხელ გაუცხადებიათ...

- ეს დამოკიდებულება არც არჩევნების შემდეგ შეცვლილა. ამ თავყრილობას მიხეილ სააკაშვილი ვერ გააცდენდა, რადან ევროპაში თავის საყრდენს და მომხრეებს ხვდება. ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის უხერხულობა, რაც ქვეყანაში მისი არყოფნით შეიქმნა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან წავიდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არავინ იცის რომელ ქვეყანაშია, მაგრამ ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი ორ დღეში დაბრუნდება...

- არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვინმეს ასე წასვლაზე იყოს ლაპარაკი. ალბათ დაბრუნდება. არ მგონია, ვანო მერაბიშვილს ისეთი პრობლემა ჰქონდეს, რომ დაიმალოს და ქვეყანაში ვერ ჩამოვიდეს.

უცებ დაიწყო საკმაოდ საინტერესო პროცესები, „ტელეიმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება, „რეალ ტვ-ს“ გაყიდვა. ეს ყველაფერი არ ჰგავს ნაციონალური მოძრაობის ქცევას...

- მართალია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ იქ სადაც ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია წინააღდეგობის გაწევა სხვადასხვა სფეროებში მდგომარეობის გასამყარებლად, ამ შესაძლებლობებს არ იყენებს და თმობს პოზიციებს. მართლაც ასე გამოიყურება მისი ქმედება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ასეც იყო გადაწყვეტილი და ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო გარე ფაქტორის ზეწოლის შედეგად.

მაინც მგონია, რომ ეს მათი სტრატეგიაა – სჯობს ახლა ხელი არ შევუშალოთ და ახალი სტრატეგია გამოვიმუშავოთ... მას შემდეგ, რაც მუშაობას დაიწყებს ახალი პარლამენტი. რეალურად ნაციონალურ მოძრაობას იმისი იმედი აქვს, რომ ქართულ ოცნებას პრიორიტეტებად დასახელებულ სფეროებში სერიოზული შეფერხებები შეექმნება, ვინაიდან ეს პროცესები მართლაც მოითხოვს სერიოზულ დროს და ამასობაში ხალხში გაჩნდება იმედგაცრუება, უნდობლობის ფაქტორი და ამას გამოიყენებენ სათავისოდ.

ალბათ ამაზე აქვთ გათვლა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულოს 4 წლის მანძილზე, რასაც პირდება ხალხს და ისევ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

4 წლის შემდეგ თუ დააპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, ამაში პრობლემა არ არის. ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ნაცმოძრაობის გენერალურ მდივნად დაინიშნა, თქვა კიდეც, რომ მათი მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ეს პოლიტიკური პარტიის სრულიად ჯანსაღი განაცხადია. აქ საუბარია იმ რევანშისტულ განცხადებებზე, რომ ჩვენ 6 თვეში დავბრუნდებით და ა.შ. ახლა ეს ტონიც თითქოს შეიცვალა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა გონს მოვიდა და სხვა, სტრატეგიულად გათვლილ გეგმაზე გადავიდა?

- არა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ შექმნან ასეთი შთაბეჭდილება მთელ მსოფლიოში და ეს გამოსდით კიდეც. ქვეყნის გარეთ რჩება განცდა, რომ აი, ნახეთ, რა ცივილიზებული ძალაა, რაღაც გამოუვიდათ, რაღაც – არა, მაგრამ ნახეთ რა კარგად და ლამაზად დათმეს ხელისუფლება!

ერთი მხრივ, იქმნება ასეთი შთაბეჭდილება, თუმცა მეორე მხრივ, არის საქმეები რომელზეც საზოგადოება მოელის სამართლიანობის აღდგენას. თურმე პარლამენტის თავმჯდომარე ბიუჯეტის ხარჯზე ერთობოდა სამხრეთ აფრიკაში, უამრავი ასეთი ფაქტი წამოტივტივდება და ეს ქვეყნის შიგნით ნაციონალური მოძრაობის დადებით იმიჯს ვერ წაადგება...

- უნდა განვასხვავოთ ორი ასპექტი. იმიჯი ქვეყნის შიგნით და გარეთ. გარეთ ამას წარმატებით ახერხებენ, მაგრამ მეორეა, ქვეყნის შიგნით როგორ აიცილებენ თავიდან იმ ბრალდებებს, რაზეც პასუხი აქვთ გასაცემი. ბუნებრივია, ესმით, რომ ბევრ მათგანს ჩადენილი აქვს ისეთი რამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რომ მისი გაქარწყლება და თავიდან აცილება ვერ მოხერხდება.

თქვენ ამბობთ, რომ ყველა ერთად არ გაიქცევა, პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ და ამისათვის მზად არიან?

- მოუწევთ ამისი გაკეთება. მიდის კიდეც ასეთი პროცესი - გითმობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ, დაგიბრუნეთ „იმედი“, მოდით გაითვალისწინეთ და ნუ დაძაბავთ ზედმეტად სიტუაციას. ისიც ესმით, რომ ეს ასე არ გამოვა. ხელისუფლებაში მოსულ ძალას აქვს დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ სამართლიანობა აღადგინოს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ბოლომდე მიიყვანოს. ეს ბიძინა ივანიშვილსაც ესმის. მასაც და ამ გუნდის სხვა ლიდერებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს გასაკეთებელია და გაკეთდება. ამის არგათვალისწინება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოუდგენელია.

მე მგონია, რომ პირდაპირი და ღია საბოტაჟის გეგმა მათ არ აქვთ, რომ ამ გზით შეაფერხონ ახალი პარლამენტის და მთავრობის მუშაობა - ეს აშკარად გამოავლენდა მათ დამოკიდებულებას და ამას ასე არ გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, დიდი იმედი აქვთ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს დანაპირებს ვერ შეუსრულებს. ანუ ამ დანაპირების შესრულებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ხალხის მოლოდინია.

ხალხის რეალური მოლოდინია, რომ ძალიან მალე დაინახავენ წინსვლას, მდგომარეობის შემსუბუქებას, შემოსავლების, პენსიების ზრდას, რაღაცეებზე ფასების შემცირებას, დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილი რომ შეიქმნას, ამასაც დრო სჭირდება. როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობას იმ დისონანსის გამოყენება უნდა, რომელიც არის ხალხის მოლოდინსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის.

არაერთხელ მითქვამს, რომ თუ წარმატებით წავიდა ქართული ოცნების გეგმების განხორციელება, თუ ხალხის მხრიდანაც რაღაც მოთმინება იქნება და ყველამ დაინახა, რომ საქმე დადებითი მიმართულებით მიდის, ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მაშინ დასუსტდება. ნაციონალური მოძრაობა არ იყო პოლიტიკური პარტია, რომელიც რაღაც იდეოლოგიას ან მრწამსს ემყარებოდა, ეს იყო პარტია, რომელიც ძალას ემყარებოდა. ძალადობაზე, შიშსა და დამორჩილებაზე დამყარებული ვერტიკალი უმცირესობაში ყოფნის პირობებში ძნელად ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.

ნაციონალური მოძრაობის ბევრმა წევრმა დატოვა ქვეყანა, ჩანს მხოლოდ ქვეყნიდან წასული მაღალჩინოსნები, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთელი შუა რგოლი დედაქალაქიდან თუ რეგიონებიდან საქართველოში აღარ არის. მეორე მხრივ, წამოვიდა ტალღა, რომელიც წართმეული ბიზნესების დაბრუნებას ითხოვს და ზოგი თუ ნებით თმობს რაღაცას, ზოგსაც სასამართლო დაათმობინებს. თუ გავითვაისწინებთ, რომ ნაციონალებს თითქმის ყველა ბიზნესში წილი და ყველა ბიზნესიდან შემოსავალი ჰქონდათ, მალე ისინი კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან - არ რჩებათ არც ადამიანური და არც ფულადი რესურსები. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, შეეცდებიან თუ არა გარკვეულ ბიზნესებზე კონტროლის შენარჩუნებას? როგორც თქვენ თქვით, იდეის გამო მათთან არ მიდიან...

- ჯერჯერობით, რა ბიზნესებსაც აკონტროლებენ, ეს სერიოზული რესურსია, თუმცა ძნელი შესანარჩუნებელი იქნება. რაც კი ამ ძალისმიერი ვერტიკალის მდგომარეობაში ჰქონდათ, ამას ვეღარ შეინარჩუნებენ, რადგან აღარ აქვთ პოლიტიკური ძალის მონოპოლია - რაც ადრე ჰქონდათ.

ეს ნიშნავს თუ არა ნაციონალური მოძრაობის განეიტრალებას, ასე ვთქვათ, უსაფრთხო პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას. თვითინ მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ ახლა დაწმენდისა თუ განწმენდის პროცესი მიმდინარეობს. შესაძლებელია, რომ თუ ფაშიზმის ელემენტებს ჩამოიცილებს, ერთ მშვენიერ დღეს საკმაოდ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინოს?

- იმდენად არაჯანსაღი საწყისი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებას, მათ დაქვემდებარებულ ბიზნესებსაც თუ მივამატებთ, მთლიანობაში უფრო საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ ცენტრალიზებულ სისტემას წარმოადგენდნენ ვიდრე დასავლურს. ამიტომ ვიტყოდი, რომ რაც მათ ჰქონდათ, ამისი შენაჩუნება გამორიცხულია. ალბათ იმასაც ფიქრობენ, რომ ახალი პარტიები, ახალი პოლიტიკური ძალები შექმნან, რადგან ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა აქვს. თვითონაც უნდა აწყობდეთ პოლიტიკაში თავის შენარჩუნება, გადაირქვან სახელი, გამოაცხადონ ახალი მიმართულებები, სტრატეგიები. ასე უნდა მოიქცნენ, თუ სურთ, მომავალ საქართველოში ადგილი დაიმკვიდრონ. ყველა ვერ შეძლებს ამას, მაგრამ ზოიერთი შეძლებს. ვიცი ისეთი ადამიანები წინა ხელისუფლებაში, რომლებსაც ეს შეუძლიათ, ზოგს კი, არ გამოუვა და სჯობს, პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს. ასეთ ვითარებაში მაინც ჭირდებათ გადახალისება. შეუძლებელია, მომავალ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ვინმემ ხმა მისცეს თუ ის ისევ ძველი ძალის გაგრძელება იქნება.

ნაციონალური მოძრაობისთვის არც არასდროს მიუცია ვინმეს ხმა, ყველა მიხეილ სააკაშვილს ირჩევდა - საპარლამენტო არჩევნებზეც, საპრეზიდენტოზეც და ადგილობრივზეც...

- რა თქმა უნდა, რადგან ამ ერთი ადამიანისა და მისი თანამოაზრე ვიწრო ჯგუფის ქვეშ იყო ყველაფერი გაერთიანებული. თუ ეს მწვერვალი აღარ არის, ასეთ გაერთიანებას აზრი ეკარგება

ანუ, თქვენი პროგნოზით ნაციონალური მოძრაობა მალე დაიშლება და რაც მთავარია, საშიში აღარ იქნება...

- თუ ორი პროცესის თანხვედრა მოხდა ვგულისხმობ ახალი მთავრობისა და პარლამენტის წარმატებულ, ამავე დროს გამჭვირვალე საქმიანობას, ამავე დროს ხალხმაც უნდა გააცნობიეროს, რომ გაუმჯობესება რაღაც დროს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას გადარჩენა გაუჭირდება.