როდესაც 50-კაციანი პატრიოტ-მართმადიანი ბრბო ერთ ქალს მისდევს ჩასაქოლად შეძახილებით: დაამტვრიეთ, მოკალითო, მე ამ ბრბოს მხარეს ვერ დავდგები, ის ქალი მამაჩემის მკვლელიც რომ იყოს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია გუშინდელი ლგბტ აქციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
როგორც გამსახურდია წერს, გუშინდელი კონტრაქციის ლიდერები მართულები იყვნენ, ხოლო იმ რიგითი მონაწილეების უმეტესობა, ბნელ, გაუნათლებელი მანიპულირებად მასას წარმოადგენენ.
"გუშინდელ ამბავთან და ლგბტ საკითხთან დაკავშირებით: არავითარი ილუზია არ მაქვს იმ ხალხზე, ვინც ანტიხურუშიანულ მოტივებზე იკეთებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კაპიტალს. ლიდერები საიდან ფინანსდებიან და იმართებიან ეგეც ცნობილია, ხოლო რიგითი მონაწილეების უმეტესობა, ბნელი, გაუნათლებელი, მანიპულირებადი მასა რას წარმოადგენს, არც ესაა საიდუმლო. როდესაც 50 კაციანი პატრიოტ-მართმადიანი ბრბო ერთ ქალს მისდევს ჩასაქოლად შეძახილებით: დაამტვრიეთ, მოკალითო, მე ამ ბრბოს მხარეს ვერ დავდგები, ის ქალი მამაჩემის მკვლელიც რომ იყოს...
მოკლედ, მძიმედაა საქმე. მძიმედაა ისევ ჩვენი საზოგადოების სისუსტის, ჩამოუყალიბებლობის, გაუნათლებლობის, "მოწყვლადობის" გამო, როგორც ახლა მოდაშია თქმა. თორემ ნებისმიერი ათი-ოცი აქტივისტის თუ ქვეყანას გადააბრუნებს და გააუპატიურებს, ვერც ჩვენი და ვერც ქვეყნის საქმე ვერ ყოფილა დალაგებულად. ისიც ფაქტია, რომ არც არის კარგად საქმე და ქვემოთ ვეცდები ავხსნა, რატომ. ნამდვილ ამბავს გიყვებით, რომელიც არაერთი ასეთი ისტორიიდან დიდებსა თუ პატარებზე, ყველაზე კარგად ესადაგება ჩემს სათქმელს ამჟამად. დასკვნები შემდეგ გავაკეთოთ. ჩემი მეგობარია, პროფესიონალი მასწავლებელი. მათემატიკას ასწავლის მაღალანაზღაურებად, კერძო სკოლებში, და სახლშიც ამზადებს მოსწავლეებს. წლების წინ ერთი მოსწავლე ჰყავდა, გრძელთმიანი, ლამაზი 11-12 წლის ბიჭუნა, რომელიც ფაფრიანი დედიკოს ხელში მორიდებული და ჩუმი იყო.
ბიჭებს ერიდებოდა, გოგონებთან შორიდან მეგობრობდა და ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა თავის აქტიურობით. ბავშვის უცნაურ ქცევას მშობლებიც ამჩნევდნენ და მასწავლებლებიც, თუმც მიზეზებზე არავინ დაფიქრებულა და არც, შესაბამისად, გამოსწორებაზე უფიქრიათ. ფაფრიან დედიკოს, რომელმაც თბილისის მატარებლის ბაქნიდან პირდაპირ წყნეთი-წავკისი მოირგო, "გამოსული" პოზიცია ეჭირა: "მე ჩემს შვილს ყველანაირს მივიღებ"... არ ვიცი, მამა რას ფიქრობდა, მაგრამ ბიჭი ბედის და დედის ანაბარა იყო დარჩენილი. ერთ დღესაც, მასწავლებელმა გადაწყვიტა. მივიდა ბიჭთან და ეუბნება: თორნიკე (პირობითად), იცი, კლასელი გოგოები შენზე როგორ გიჟდებიანო? ყველა შენს სიტყვასა და ქცევაზე აფრენენო! ბავშვს თვალები გაუბრწყინდა: მასწ, მართლაო? კი, კიო, მასწავლებელმა და რამდენიმე ტყუილ-მართალი მოუყვა კიდეც... იმ დღიდან თორნიკე სრულიად შეიცვალა. თმა გაიკრიჭა, უფრო თამამი და ხალისიანი გახდა, გოგოებთან კონტაქტებს მოუხშირა და ასე შემდეგ...
ახლა რაც შეეხება დასკვნებს. გენდერის თეორიის თანახმად სექსუალური იდენტობა ოთხი ელემენტისგან შედგება:
ა) ბიოლოგიური სქესი: გენეტიკური სქესი, რომლითაც შენ დაიბადე;
ბ) გენდერული იდენტობა: ქალის, მამაკაცის ან განუსაზღვრელი ბუნების სუბიექტური აღქმა, (a-გენდერი; მესამე გენდერი და ა.შ) გ)სექსუალური ორიენტაცია (ლტოლვა); დ) გენდერული როლი: ქცევა სოციალურ სფეროში. "ჩვეულებრივი“ ადამიანის შემთხვევაში ეს ოთხი ელემენტი ერთადაა მოთავსებული: მაგალითად – პიროვნება გენეტიკურად არის მამაკაცი, თავს აღიქვამს მამაკაცად, იზიდავს ქალები და იქცევა როგორც მამაკაცი. მაგრამ გენდერის თეორია აცალკევებს ამ ელემენტებს ერთმანეთისგან. გენდერულ იდენტობას ანიჭებს უპირატესობას ბიოლოგიურ სქესზე. მაგალითად, პიროვნება შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამრობითი სქესის და მიუხედავად ამისა იყოს „ქალიც“ და მიეკუთნებოდეს ერთს (ან რამდენიმეს) მრავალი გენდერიდან L, G, B, T, Q, I და ა.შ.
და რადგან ადამიანურ სამყაროში არამხოლოდ ბიოქიმია განსაზღვრავს მენტალობას, არამედ მენტალობაც განსაზღვრავს ბიოქიმიას, ჩვენ ვხდებით ის, რასაც ვფიქრობთ და რაც გვინდა. ზოგს უნდა და ხდება სპორტსმენი, ზოგს - ფიზიკოსი, მწერალი, მუსიკოსი, პ-რასტი და ასე შემდეგ.
ან ეს ყველაფერი ერთად. ბავშვის გონება გაცილებით სუსტია, მათ ბუნებრივი რწმენა აქვთ თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების… ისინი ადვილად ზიანდებიან, როდესაც აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საუბრობს ცხრა წლის(!) გეი ბავშვზე, რომელსაც ნათელი მომავალი ელოდება... აი, ესაა საშიშროება და არა სულიერი თუ ხორციელი გაუპატიურება, როგორც მავანნი ამბობენ. ახლა აიტაცებენ ამ ბლაგვფრთიან იდიოტიზმს და ისე წარმოგვიჩენენ საქმეს "პრადვინუტები", რომ ვინც მათ ეწინააღმდეგება ყველა ბნელია და ვინც მხარს უჭერს - გასხივოსნებული.
და ის საშიშროება თითქოს არც არსებობს, რაზეც ზემოთ გელაპარაკეთ. საშიშროება თავისთავად 10-20, ერთი პროცენტი ლგბტ პირებიდან კიარა, ჩვენი მოუმზადებლობიდან, ზემოხსენებული დედიკოებიდან და მამიკოებიდან მოდის, რომელთაც არც ცოდნა აქვთ, არც ნება და არც უნარი, სწორად აღზარდონ შვილების სული.."- წერს გამსახურდია.
ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა.
პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს. ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს:
ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 28 მათგანი დააკავეს, რომელთაგან 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 7 კი კვლავ დაკავებულია.