დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა შეტევას ვერ გაუძლებს. სებ-ის თავზე შავი ღრუბლების კარგა ხანია იყრის თავს. რამდენად მედგარი აღმოჩნდება მისი პრეზიდენტი, ეს ძალიან მალე გაირკვევა.
“ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი კი უკვე ეროვნულ ბანკში გადაბარგების გზებს სახავს. მისი აზრით, ბანკის საბჭოს შემადგენლობა მის დანიშვნამდე აუცილებლად შეიცვლება.
“უნდა მოხდეს იმ დანაშაულებრივი კანონის გაუქმება, სადაც ჩაიწერა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს პროკურატორის თანამშრომელიც. საბჭოს წევრები შეიცვლებიან და პრეზიდენტს არ ექნება უფლება, წარადგინოს ამ საბჭოში პროკურორი და ა.შ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი უნდა ყოფილიყო აღიარებული პროფესიონალი”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკი ნახევრად ძალოვან სტრუქტურად გადაიქცა. სებ-ში გიორგი ქადაგიძის დანიშვნიდან მოყოლებული ეროვნული ბანკი თანდათანობით ხელისუფლების ნების გამტარებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა.
ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის უკანასკნელი 5-6 წლის საქმიანობას პოლიტიკური დამღა ადევს. “შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორი, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკა მისი გაპიარების პოზიციიდან იმართებოდა. ეს მიუთითებს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა მთავრობის გადაწყვეტილებების აღსრულების მორჩილი ორგანო”, - ამბობს ლიაელიავა.
სწორედ ამიტომაა, რომ “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაისვა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლის საკითხი. თუკი ქადაგიძე პოლიტიკურ დინებას არ მიჰყვება და კეთილ ნებას არ გამოიჩენს, სავარაუდოდ, მას იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.
რას მოიმოქმედებს სებ-ის პრეზიდენტი ჯერ არ გამოკვეთილა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გიორგი ქადაგიძე, ბოლო 4 წლის განმავლობაში სებ-ის ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს და აცხადებს, რომ სებ-ს არც “ქართუ ბანკის” და არც სხვა რომელიმე ბანკის მიმართ არ მიუღია არანაირი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ სექტორისთვის თუნდაც 1 თეთრის ზიანის მომტანი ყოფილიყოს.
“ქართუ ბანკთან” მიმართებაში და არც სხვა რომელიმე ბანკთან მიმართებაში არ არსებობს სებ-ის გადაწყვეტილება, რომელიც სცდებაკანონის ფარგლებს, რომელმაც თუნდაც 1 თეთრის ზიანი მიაყენა ან”ქართუ ბანკს”, ან სხვა ბანკს. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არის კანონის სრული დაცვით და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისი.
მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება დაისვას, როგორც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ან რომელიმე სხვა საგამოძიებო უწყების მხრიდან. მე პირადად, როგორც სებ-ის პრეზიდენტი ვიღებ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას, რომელიც მიღებული იყო ჩემი თითქმის 4-წლიანი მმართველობის პერიოდში.
ეს არის ჩემი პრინციპი, რომლისთვის არასდროს არ მიღალატია,თუმცა მექნება თხოვნა, რომ ნუ გავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ იმ დასკვნებს, რომელსაც კომპეტენტური ორგანოები დადებენ”, - აცხადებს ქადაგიძე.
სებ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის განცხადებას მსწრაფლ გამოეხმაურა მისი სავარუდო ადგიმონაცვლე ნოდარ ჯავახიშვილი.”ქადაგიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობით “ქართუ ბანკს” ერთი თეთრიც არ დაუკარგავს, სიმართლეს არ შეესაბამება. სებ-ის ქმედებების შედეგად “ქართუ ბანკმა” 190 000 000 ლარი დაკარგა. თუ 190 000 000-ში ერთი თეთრი არ შედის, მაშინ ქადაგიძე მართალია”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ქადაგიძის განცხადება, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გატარებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს. “ქართუ ბანკის”პრეზიდენტის თქმით, ამ ბოლო დროს ანალოგიურ განცხადებას ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აკეთებს.
“ჩვენ მივეჩვიეთ პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით უცნაურ დამოკიდებულებას. რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება თუ არა მინიმუმ გადადგომას? ასეთი განცხადება არ არის საინტერესო. თუ აიღებდა პასუხისმგებლობას, იმ წუთშივე გადადგებოდა”, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის დანაშაულებრივ ქმედებებზე მრავალგზის გაუმახვილებია და კიდევაც გაამახვილებს ყურადღებას.