მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3700 თანამშრომელი კვლავ უარს ამბობს მუშაობის დაწყებაზე, 10 მაღაროელი კი პატარიძის სახელობის მაღაროში მჯდომარე აქციას განაგრძობს. მაღაროელებმა შეადგინეს იმ ხელმძღვანელ პირთა სია, რომლებიც, მათი თქმით, წლების განმავლობაში ავიწროებდნენ, და ამ სიაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ, მაღაროელებთან გააქტიურებული კომუნიკაციის შედეგად, გაფიცული თანამშრომლები მალე დაუბრუნდებიან სამუშაოს.

უკანასკნელი მონაცემებით, ჭიათურაში, ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის შენობასთან, გაფიცული მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მაღაროელების გაფიცვა ხელფასის მომატების საკითხზე შეუთანხმებლობამ განაპირობა, თუმცა ითხვისის მაღაროს ელდეპოს ზეინკლის გოჩა ქვათაძის სიტყვებით, 18 ოქტომბერს, ღამით, ”ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ვლადისლავ ლოზინსკისა და მაღაროელების გასაუბრების შემდეგ, გაჩნდა დაპირება, რომ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და ტექნიკური აღჭურვილობა:

” შეგვპირდნენ, ყველაფერს გავაკეთებთო. ნაყიდია ტექნიკა და შემოვა ერთ თვეშიო, გვეუბნებიან. უბრალოდ, ჩვენი პირველი მოთხოვნა რაც იყო, ხელფასების გაზრდა, ამაზე არ წამოსულან და არ დაგვთანხმდნენ. წუხელ ლოზინსკი როგორც კი შემოვიდა, პირდაპირ თქვა, 10%-ო. არც ის 25% უხსენებია, რომ მოგიხსნით პრემიაზე და პირდაპირ სატარიფოზე დაგისვამთო, ისიც აღარ უთქვამს. 10% თქვა, პირდაპირ. მე მეტი არ შემიძლია, რომ მოგიმატოთ ხელფასიო.”

შეგახსენებთ, რომ ჭიათურელი მაღაროელები ხელფასის 100%-ით გაზრდას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც” ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეხვედრა შედგა, 18 ოქტომბერს, გაირკვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ხელფასების მხოლოდ 25 %-ით მომატებაზე იყო თანახმა, თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით ეს პირობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

გარდა ხელფასების მომატების საკითხისა, ჭიათურელი მაღაროელები ”ჯორჯიან მანგანეზში” ე.წ. ორმაგი ბუღალტერიის არსებობაზეც საუბრობენ. ითხვისის მაღაროს ზეინკალი გოჩა ქვათაძე ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევა კვლავაც დღის წესრიგში დგას:

”ეგ შავი ბუღალტერია გვაინტერესებს - სად და ვისთან მიდიოდა ჩვენი ხელფასები.”

”ქართული ოცნების” ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ”ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან შეხვედრას დღესაც ესწრებოდა. მისი სიტყვებით, კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესწავლას, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში შექმნილი საგამომძიებლო კომისია შეუდგება:

 ”დღე-დღეზე პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და იქ უნდა შეიქმნას, ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, სპეციალური კომისია, რომელიც ზუსტად შეისწავლის ”ჯორჯიან მანგანეზის” მუშაობას ჩვენს ქალაქში.”

საგამომძიებლო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ”ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა კვარაცხელიაც. მისი თქმით, პრობლემები წარმოშვა იმან, რომ მაღაროელებსა და მმართველ კომპანიას შორის არ არსებობდა კომუნიკაცია. მაკა კვარაცხელიას სიტყვებით, საგამომძიებლო კომისიის მუშაობაში მაღაროელებიც ჩაერთვებიან. ამას გარდა, გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები; მაღაროელებს შესთავაზებენ ასევე სპეციალურ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც მაღაროელთა ოჯახის წევრების ჯანდაცვის მომსახურების საფასურსაც დაფარავს:

”აქ იყვნენ ისინი და ახლა უკვე ყველაფრის შესახებ დეტალურად არიან ინფორმირებულები. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა პრობლემები, რომელშიც მათი ჩართულობა არის აუცილებელი იმისათვის, რომ უმოკლეს დროში გადაიჭრას ეს პრობლემები.”

თუმცა მანამდე, სანამ საგამომძიებლო კომისია ”ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური საქმიანობის შესწავლას შეუდგება, გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენელი ჭიათურაში, გრიგოლ ბრეგვაძე, ამბობს, რომ მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა წინააღმდეგ, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ავიწროებდნენ:

”აგროვებენ ხელმოწერებს იმ ხალხის სიაზე, რომელიც ზეწოლის ქვეშ ამუშავებდა მაგ ხალხს და არღვევდა ყველანაირ კანონს.”

გრიგოლ ბრეგვაძის სიტყვებით, მაღაროელები, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ. ამ დროისთვის ჭიათურაში პარალიზებულია ”ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი ყველა საწარმოს მუშაობა. საწარმოთა 3700 თანამშრომელი გაფიცულია.