დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენას არასამთავრობოები გამოეხმაურნენ და საჯარო მოხელეების წარდგენისას ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ამ შემთხვევაშიც ფიგურირებს რასიზმის თემა და მედიასთან დამოკიდებულება, თუმცა ბევრი ადამიანი, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ ძნელია, გაუმკლავდე ITV-ისა და მსგავსი „მედიასაშუალებების“ იაფფასიან თავდასხმებსა და შემოტევებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მინისტრობის
კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც _ აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები კი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს ზემოაღნიშნულ დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები კი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან. მიმართვას ხელს აწერენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია", "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", "მრავალეროვანი საქართველო", "მწვანე ალტერნატივა", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ნათია კუპრაშვილი და ლაშა ტუღუში.
For.ge დავით დარახველიძეს ესაუბრა.
არასამთავრობოებმა რასისტული გამონათქვამებისა და მასმედიასთან აგრესიული ტონის გამო დაგადანაშაულეს. რას უპასუხებთ მათ ბრალდებას?
- ეს ეყრდნობა ITV-ის ჟურნალისტური ჯგუფის მიერ ორი თვის მანძილზე ნამუშევარი კადრებიდან დამონტაჟებულ მასალას, რომელიც მათ გაავრცელეს. მასალა არის ფაბრიცირებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ერთადერთი შეცდომაა, სადაც სიტყვა „ზანგი“ მაქვს ნახსენები. მის ნაცვლად, შესაძლოა, უნდა მეთქვა ფერადკანიანიანი აფროამერიკელი. ამისთვის რამდენჯერმე ბოდიში მოვიხადე. რაც შეეხება ქსენოფობიურ სიძულვილის ენას, თუ ვინმე დამისახელებს ერთ ჟურნალისტს მაინც, ვისაც მე უხეშად მივმართე ან უარი ვუთხარი თანამშრომლობაზე, მაშინ ასეთ საყვედურს მივიღებ; მაგრამ ისინი, ვინც იქ იყვნენ, არ ყოფილან ჟურნალისტები. ის იყო ITV-ის, შსს-ს მიერ გამოგზავნილი პირი და, სხვა ძალებთან ერთად იყო ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც უნდა ჩაეშალა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია და ხელი შეეშალა მოსახლეობასთან ჩემი შეხვედრების დროს. სხვათა შორის, ისინი ამას კარგად აღწევდნენ. ორი თვის მანძილზე სამჯერ შევიტანე ITV-ის იმ ჯგუფის წინააღმდეგ საჩივარი, ვინც ამას აკეთებდა. იგივე სიუჟეტები, რომლებიც ITV-იმ დაამონტაჟა, გადაღებული აქვს „ინფო 9“-საც და, თუკი შევადარებთ, ნათლად ჩანს, თუ რის შესახებ იყო საუბარი და სად რა ვთქვი. თუ იქ სიძულვილის ენა იგრძნობა, ეს ნათლად გამოჩნდება. ძალიან მეწყინა, როცა ასე ცალმხრივად, ჩემი მოსმენის გარეშე არასამთავრობოებმა ასეთი განცხადება გაავრცელეს. მათთან დიდი სიამოვნებით მივიდოდი და განმარტებებს გავაკეთებდი, მაგრამ ისინი თავისთვის შეიკრიბნენ, მხოლოდ ცალმხრივად დაეყრდნენ ITV-ის მასალას და ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს წინააღმდეგ. ძალიან შეწუხებული ვარ.
თქვენი აზრით, რას უნდა ემსახურებოდეს ასეთი მოთხოვნა?
- ამ ძალებს, უნდათ, მე ჩამომაშორონ ამ ადგილს.
მაინცდამაინც თქვენზე რატომ აქვთ აქცენტი და არა „ქართული ოცნების“ სხვა კანდიდატურებზე?
- ვერ გეტყვით, სხვა კანდიდატურების მიმართ რას აპირებენ, მაგრამ ITV-ის ეს ჯგუფი, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა; ახლო-მახლო რაიონებში არსად მუშაობდნენ, ეს რეგიონალური ცენტრია და სერიოზული ძალები იყო ჩემს წინააღმდეგ მობილიზირებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებული, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, ზონდერბრიგადებით დამთავრებული. არავითარ შემთხვევაში, მათ არ უნდა დაეშვათ ჩემი წარმატება და გაყალბებით, მოსყიდვით, ITV-ისა და ზონდერების ამოქმედებით მიაღწიეს კიდეც თავიანთ მიზანს. ისეთნაირად დაფიქსირდა შედეგი, რომ რამდენიმე ხმით გამასწრეს და ვერ გავხდი მაჟორიტარი დეპუტატი. თუმცა რეალურად მოვიგე არჩევნები ამბროლაურის რაიონში. რომ არ გააეყალბებინათ, სულ სხვა შედეგი დადგებოდა. ახლა, როდესაც ბატონმა ბიძინამ დევნილთა და განსახლების სამინისტროში კანდიდატურად წარმადგინა, ისევ ამოქმედდა და გააქტიურდა ეს მანქანა, ძირითადად ეს არის ITV და პრესა.ჯი. არასამთავრობოებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. განსაკუთრებით, პატივს ვცემ გაზეთ „რეზონანსს“, ბატონი ლაშა ტუღუში ჩემთვის ნამდვილად სერიოზული პიროვნებაა და მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია; საიასთვის არაერთხელ მიმიმართავს და მათ ჩემთვის სერიოზული დახმარება აღმოუჩენიათ. „კონსტიტუციის 42“-ე მუხლს ვაფასებ, ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ყველა ამ ორგანიზაციას პატივს ვცემ და მაინცდამაინც ჩემს ზურგს უკან რატომ მოხდა ეს შეკრება და ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ძალიან გაკვირვებული ვარ და ჯერჯერობით ვერ ამომიხსნია.
რიგითი ქართველებისთვის მთლად მოულოდნელი არ უნდა იყოს ასეთი გამონათქვამი- საქართველო ქართველებისთვის, მაგრამ - თანამდებობის პირისთვის?!
- საქართველო, პირველ რიგში, ქართველებისთვის არ უნდა იყოს?!
ამ გამონათქვამში ისიც ხომ არ იგულისხმეთ, რომ წინა ხელისუფლება ქართველებისთვის არაფერს აკეთებდა და ჩვენს ბაზრებს სხვები ითვისებდნენ?
- დიახ, აქ იგულისხმებოდა, რომ შრომის ბაზარი დაკავებულია უცხოელების მიერ, რომ მოქალაქეობის საკითხი ძალიან გამარტივებულია. ეს ზუსტად იმ კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ იმ დროს, როცა ნახევარი მილიონი ქართველი ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენას საკუთარი ხელმოწერით ითხოვდა, ამაზე უარი განაცხადა ნაციონალურმა ხელისუფლებამ. ეს იმ დროს, როცა თბილისში გაივლი და შეგხვდება უამრავი ფერადკანიანი, ჩინელი და სხვა უცხოელი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთადერთი, ამ გამონათქვამში არასწორი ის იყო, ვაღიარებ და ბოდიშს ვიხდი, რომ ვახსენე სიტყვა „ზანგი“, თუმცა იმ დროს, როცა ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით და მერეც, ლიტერატურაში ხშირად იყო ასეთნაირად მოხსენიებული და არ ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. თუმცა, თუკი არასამთავრობოები ასეთნაირად თვლიან, ამისთვის ბოდიში მოვიხადე.
ამბროლაურის რაიონში შეხვედრისას თქვენი რძლის თემასაც შეეხეთ.
- ახლა ჩემი რძალი ვინ უნდა იყოს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის?! ქართველი რძალი რომ მირჩევნია ჩინელს, ამიტომ აღარ უნდა ვიყო არსად?
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ თანამდებობის პირი უფრო ფრთხილად უნდა მოეპყროს სხვადასხვა ეთნოსზე საუბარს.
- იმ დროს მე არანაირი თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ და სხვათა შორის, ახლაც არ ვარ არც თანამდებობის, არც საჯარო პირი.
მაგრამ იმ დროს მაჟორიტარი ხომ იყავით?
- მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, მაგრამ ეს არ არის საჯარო პირი. საჯარო პირი არის დეპუტატი. მე ასეთი გამონათქვამები თანამდებობაზე ყოფნის დროს არ მითქვამს, თუმცა, რაც ვთქვი, ისე იყო, როგორც მე ჩავთვალე საჭიროდ.
იმ მომენტში ITV-ის ჟურნალისტთან თქვენს დამოკიდებულებას პრელუდიის სახით რა უძღოდა?
- ამ ყველაფერს უძღოდა ორთვიანი პრელუდია. უშუალოდ იმ შემთხვევაში, ის მოვიდა ჩემთან და მკითხა, აქ რომ დგახართ, ამის უფლება გაქვთო? მე ვუთხარი, დიახ, მაქვს. აბა, მაჩვენეთ საბუთიო. რა საბუთი უნდა მეჩვენებინა, რომ დგომის უფლება მქონდა? თანაც, ეს ყველაფერი ორთვიანი დევნის შემდეგ ხდება, როცა მე გადაღლილი, დაძაბული ვიყავი და ორი თვის მანძილზე ვუძლებდი ამ შემოტევას. გეუბნებით, ის არ არის ის ჟურნალისტი. ის იყო ხულიგანი, რომელმაც თავის შედეგს ჩემი გადაღლილობის ხარჯზე ნაწილობრივ მიაღწია. თუმცა ჩემს გამონათქვამებს გადავხედე და მოვიბოდიშე კიდეც. ახლა რა ვქნა, თავი ჩამოვიხრჩო? თავი რომ ჩამოვიხრჩო, ისინი დაკმაყოფილდებიან? ამ გოგოს ყველა შეხვედრაზე ვუხსნიდი, შვილო, ჩემი შვილის ტოლი ხარ, რატომ იქცევი ასეთნაირად? ჩემს გარდა ის გოგონა მთელი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევდა თავისი საქციელით, თავისი ურთიერთობის ფორმით. ვეუბნებოდი, დამაცადე შეხვედრის ჩატარება, მოგვიანებით გვერდით გამოვალ და ინტერვიუს მოგცემ-მეთქი, მაგრამ არა, იგი ყოველთვის შეხვედრის მიმდინარეობის ჩაშლას და ათასნაირი ტყუილის მოგონებას ცდილობდა. ასეთ პირობებში ცოტა ძნელია მოქმედება. მას არ განვიხილავ, როგორც ჟურნალისტს.
ის გოგონა გეკითხებოდათ, იმ უბანზე ყოფნის უფლება გქონდათ თუ არა?
- მქონდა, თანაც უბანზე კი არა, ეზოში ვიდექი.
ახალ პოსტზე თქვენმა წარდგენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყოფილი გუნერნატორობა გაგიხსენეს და ამასთან დაკავშირებით შეკითხვაც დაუსვეს ბიძინა ივანიშვილს, რომ თქვენ თანამდებობას არ თმობდით.
- ტყუილია ეს და ამის შესახებ ბატონმა ბიძინამაც იცის და მთელმა ქვეყანამაც. არათუ გამომაძევეს, მე ვიყავი ერთადერთი გუბერნატორი, რომელიც იმ ხელისუფლებამ თანამდებობაზე დატოვა და ამის შემდეგ კიდევ სამი თვე ვიმუშავე. როდესაც გამოვედი და გუბერნატორის კაბინეტი დავტოვე, გასაღები ჩავაბარე მოადგილეს. ერთი კვირის განმავლობაში ის კაბინეტი ცარიელი იყო და ამის შემდეგ დანიშნეს ახალი კადრი. ისიც მივიდა, გააღო და დაჯდა იმ კაბინეტში. მოადგილე არის დავით გაგოშიძე, რომელიც ბოლო ოთხი წელიწადი თვითონ იყო გუბერნატორი. პრეზიდენტის განკარგულებაც დევს, სადაც წერია, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე 2004 წლის თებერვალში წავედი თანამდებობიდან და 2003 წლის 23 თუ 24 მარტს არ გავუძევებივარ.
რატომ გავრცელდა ინფორმაცია კაბინეტიდან თქვენი გაძევების შესახებ და რეალურად რატომ წახვედით თანამდებობიდან?
- ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ რეალურად იმიტომ წავედი თანამდებობიდან, რომ მივხვდი, მათთან ერთად საქმიანობა არ გამოვიდოდა, შეუთავსებელი იყო. ისეთი დავალებები ჰქონდათ, რასაც იმ დროს აკეთებდა ჩემი კოლეგა ოქრუაშვილი შიდა ქართლში; მოგეხსენებათ, ოქრუაშვილი საროსკიპოებში შედიოდა კამერებით, ვიღაცას ქონებას ართმევდა და ეს ტელეკამერით უნდა გადაგეღო, უნდა დაგეჭირა ვიღაცები, იმსახურებდნენ თუ არა დაჭერას. მივხვდი, რომ იმ ხელისუფლებასთან ვერ ვიმუშავებდი და მე მათ არ მოვწონდი. მეც ასეთ რამეს მავალებდნენ.
რაც შეეხება თქვენს ახალ პოსტს, თქვენ დევნილებთან ურთიერთობა მოგიწევთ, პირადად თქვენც დევნილი ხართ?
- დევნილი ვარ, გულრიფშის რაიონიდან. აფხაზებთან შერიგების პერსპექტივას ძალიან კარგად ვხედავ და მაქვს მოსაზრებები, მეც მაქვს პირადი რესურსები და უამრავი აფხაზი მეგობარი მყავს.
For ge არასამთავრობოებსაც დაუკავშირდა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია, როცა მინისტრობის კანდიდატი, საჯარო პირი ასეთი ქსენოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებებს აკეთებს. ამიტომ მათი მიმართვა უნდა იყოს პრევენციული საშუალება არა მხოლოდ დარახველიძის, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც, რომლებიც საჯარო პირები არიან.
„დემოკრატიული საზოგადოებისთვის ამგვარი შინაარსის შემცველი კომენტარები მიუღებელია. რაც შეეხება რასისტულ გამონათქვამებს, დარახველიძის მხრიდან საუბარი იყო ზანგებზე, ჩინელებზე. გარდა ამისა, ჟურნალისტს საკმაოდ უხეშად ესაუბრა და ამის კადრებიც არსებობს. თუნდაც ამის გამომწვევი მიზეზი იყოს ჟურნალისტი, საჯარო პირმა მედიის წარმომადგენლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და მას ხელი არ უნდა შეუშალოს“.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დავით დარახველიძე დელიკატურად უნდა მოქცეულიყო და, თუ ჟურნალისტის ქცევაში რამე არ მოსწონდა, არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისი ორგანოებისთვის უნდა მიემართა.
„მჯერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩვენს წინადადებას გაითვალისწინებენ, რადგან საზოგადოების მოლოდინია, რომ საქართველოში დემოკრატიული რეჟიმის მშენებლობა დაიწყოს. დასაწყისშივე თუკი ასეთი გამონათქვამები გაკეთდება, ეს კითხვის ქვეშ დააყენებს ბევრ საკითხს“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთან მოპყრობის კადრები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ადამიანს, რომელსაც სამომავლოდ სჭირდება ურთიერთობა ლტოლვილებთან, მოთმენის დიდი ხარისხი უნდა ჰქონდეს და მან დაჩაგრულ, გაჭირვებულ ფენასთან უნდა იმუშაოს. ამდენად, ია მამალაძის აზრით, თმენის ამგვარი შესაძლებლობის მქონე ადამიანს ეს არ ხელეწიფება.
„ჩვენს მოთხოვნას ულტიმატუმის სახე არ აქვს, უბრალოდ, ვაფიქსირებთ, რომ რომელმა მხარემაც არ უნდა წარმოადგინოს კანდიდატურა, თუ მას მედიასთან ამგვარი დამოკიდებულება და ასეთი გამონათქვამები ექნება, ჩვენთვის მისაღები არ იქნება. ამდენად, ეს არის რჩევა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადახედოს სტრატეგიას კონკრეტულ კანდიდატურასთან მიმართებით იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ კარგი მინისტრთა კაბინეტის პერსპექტივა აქვს“.
ამასთან, ია მამალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ჟურნალისტმა ან ნებისმიერმა მოქალაქემ, გარკვეული მიზეზების გამო (პოლიტიკური შეკვეთის, არაჯანსაღი ფსიქიკის გამო) გამოიწვიოს მინისტრობის კანდიდატი, მაგრამ არსებობს კანონისმიერი გზები, რომლებიც ეთიკურ ნორმებში ჯდება.
„ჩვენ გვჭირდება მინისტრები, რომლებსაც სჭირდებათ ტერმინოლოგიის ახსნა ფერადკანიანებთან მიმართებით?! ჩვენ ხომ ნებისმიერ ჟურნალისტს, მოქალაქეს ვთხოვთ, იყოს ეთიკური. ხოლო, როცა მინისტრზეა საუბარი, ყოველგვარი ყოფითი პრობლემა უნდა გამოირიცხოს“,-აცხადებს ია მამალაძე.