დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრად იყო რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრობის კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, თითქოს ახალი ხელისუფლება აპირებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოლაპარაკებების მხარეებად სცნოს. მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ახალ მმართველ ძალას არსად უთქვამს, თითქოს ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზური და ოსური მხარეების მხარეებად მოხსენიებას აპირებს.
„საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, რაც არის ცხადი და მკაფიო, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მთლიანად კონფლიქტების მოგვარების კონტექსტს არ მოიცავს. გარდა რუსეთ - საქართველოს კონფლიქტისა, რაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი, არსებობს კიდევ სხვა მიმართულებები. ეს არის ქართულ - აფხაზური და ქართულ - ოსური, რაც ჟენევას საერთოდ არ ეხება. არავის ვურჩევ ეს ორი სხვადასხვა ცნება აურიოს. ჟენევაში როგორც არ იყო მხარეები, ისევე არ იქნება. როგორც არსებობს ცნება საქართველო - რუსეთის კონფლიქტი, ასევე უნდა იყოს ქართულ - აფხაზური და ქართულ - ოსური კონფლიქტების მიმართულებით მუშაობა. არანაირი პირდაპირი ბმა ჟენევის ფორმატთან ამას არ აქვს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ახალ ხელისუფლებას სოხუმსა და ცხინვალთან საუბარი მოუწევს. აქვე იგი აღნიშნავს, რომ შევარდნაძეს, მიუხედავად ძალიან ბევრი მინუსებისა, კონფლიქტებთან მიმართებაში უკეთესი პოლიტიკა ჰქონდა, ვიდრე სააკაშვილს. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დედამიწის ზურგზე არ არსებობდა მოკლე დროში ისე კარგად მოგვარებული კონფლიქტი, როგორიც იყო ქართულ - ოსური კონფლიქტი, 1992 წელს დაგომისში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და 2001 წლისათვის კონფლიქტი უკვე პრაქტიკულად ამოწურული იყო. ამას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდებოდა და არსებობდა კიდეც ე.წ. ბოდენის დოკუმენტი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი ხელიდან გაუშვა - არჩეული იქნა კოკოითი და პროცესი გაჩერდა. თუმცა აქვე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროცესი უკან კი არ წასულა, უბრალოდ გაჩერდა და კოკოითმა ვერაფერი გააფუჭა, ვიდრე 2004 წელს სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ვითარების ესკალაცია არ მოახდინეს.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს აფხაზურ და ოსურ მხარეს დაელაპარაკოს, თუმცა ვერ აზუსტებს, როდის შეიძლება ეს მოხდეს. აქვე იგი აღნიშნავს, რომ ახალი მმართველი ძალა ასევე ეცდება, რომ ამ ორ რეგიონში რუსული გავლენები მაქსიმალურად შეამციროს, თუმცა მისი ბოლომდე მოსპობა ვერ მოხერხდება.
„სააკაშვილმა ძალიან ღრმა ჩიხში შეგვიყვანა 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჯერ კოდორში შევიდა და ამით კოდორი დავკარგეთ. შემდეგ აღადგინა სამხრეთ ოსეთი, დიმიტრი სანაკოევის პროექტის შექმნით სამხრეთ ოსეთი მთლიანად დავკარგეთ. კოდორთან ერთად მთელი აფხაზეთი და ახალგორთან ერთად მთელი სამხრეთ ოსეთი დღეს ოკუპირებულია. სააკაშვილმა რუსეთს ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი გადააბარა. მადლობა ღმერთს, რომ ოსებსა და აფხაზებს არანაირი სხვა არჩევანი არ გააჩნიათ, გარდა რუსეთისა და საქართველოსი და ასევე არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის რესურსიც. ამიტომ ყველაფერი დაკარგული არ არის. საჭიროა ყოველდღიური მუშაობა, რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ. თუ სააკაშვილს, როგორც თვითონ ამბობდა, ჰქონდა ერთი გამოწვევა - რუსეთი, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ოთხი გამოწვევა გვაქვს. ეს არის ქართულ-რუსული კონფლიქტი, ეს არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს - შიდა ქართული კონტექსტი. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში საქართველოსათვის არანაკლები მტერია, ვიდრე რუსეთი, რადგან განძრევის საშუალებას არ მოგვცემს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
იგი არ აკონკრეტებს, რა ფორმით აპირებს ახალი ხელისუფლება ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთერთობის აღდგენას, რადგან მისი თქმით, თუ იგი კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრებს, შესაძლოა აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა, ან რუსეთმა რაიმე ისეთი მოიმოქმედონ, რაც ამ ნაბიჯებს საერთოდ აზრს დაუკარგავს. აქვე მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მიმართ ცხინვალსა და აფხაზეთში დადებითი დამოკიდებულება აქვთ.
„მე შესაძლოა უცებ ჩამოვთვალო კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართული პირობითად 15 ნაბიჯი, ერთ კვირაში ეს 15-ვე ნაბიჯი გადავდგათ და შემდეგ გავჩერდებით. მირჩევნია, ეს ნაბიჯები 15-ჯერ ცალ-ცალკე გადავდგა, კარგად ავწონ-დავწონო, შევუთანხმო პარტნიორებს (მთავრობაში), ასევე მეგობრებს უცხოეთში (პირველ რიგში ევროკავშირი იგულისხმება და სხვა სტრუქტურები), მათთან ერთად გადავდგა ნაბიჯი, შევამოწმო რეაქცია. როგორც წესი, რეაქცია მაინც ნეიტრალური ან უარყოფითი იქნება, მაგრამ სხვადასხვა არხებით მივიღებთ რეალურ ინფორმაციას. სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაიდგას მომდევნო ნაბიჯი და ა.შ. ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაზეც აფხაზებს უკვე გაუჭირდებათ უარის თქმა, ეს კი ჩვენს სასარგებლოდ იმეტყველებს. უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ეს ინიციატივები ახალი ქართული სახელმწიფოს ნაბიჯებია“, - აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
მისი თქმით, სულ ცოტა 7-8 წელია საჭირო იმისთვის, რომ რეალურად ისეთი შედეგები დადგეს, რაც მისაღები იქნება როგორც ქართული, ასევე ოსური და აფხაზური მხარეებისთვის. ამასთანავე, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ კონფლიქტების დარეგულირებაში ევროკავშირის როლი განუსაზღვრელია, რადგან ევროკავშირი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებში ოპერირებას ახდენს, ვინაიდან რუსეთის მეცადინეობით 2008 წელს გაერო აფხაზეთის ტერიტორიიდან წავიდა, ხოლო სამხრეთ ოსეთი ტერიტორიიდან - ეუთო.
„ამ ფონზე ყველა იმ უკუღმართ სიტუაციაში, რაც 2008 წლის აგვისტოში თავს დაგვატყდა, გაგვიმართლა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე იყო საფრანგეთი (გავლენიანი სახელმწიფო) და მისი საკმაოდ ქარიზმატული და ენერგიული ლიდერი, ნიკოლა სარკოზი, რომელმაც გარკვეულწილად საკუთარ ხელში აიღო მართვის ბერკეტები, ეფექტური გავლენა მოახდინა რუსეთზე და მართლაც, საკმაოდ სწრაფად შეჩერდა ცეცხლი, ჯარების გადაადგილება და მიღწეული იქნა ის ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცალკე მედვედევთან და შემდეგ ცალკე სააკაშვილთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი და იგივე ტექსტი, სარკოზი - მედვედევის ტექსტი, სარკოზი - სააკაშვილის ტექსტისაგან განსხვავდება“, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, ვინაიდან არც რუსეთი და არც საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან, შესაბამისად, მათ ევროკავშირის გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. ამიტომ ევროკავშირი სანდო ინსტიტუტია და მისი როლი უდიდესია.
მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგმა საქართველოში სისხლის სამართლის ორი ძლიერი სპეციალისტი ჩამოიყვანა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედი შეისწავლეს და დადეს ანგარიში, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ოთხი ადამიანი დაიკარგა მას შემდეგ, რაც ისინი ქართული პოლიციის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მათი დასკვნა სანდოა და ამიტომ ახალი ხელისუფლება ვალდებული იქნება ამ ანგარიშს დაუბრუნდეს და შეისწავლოს. თუ ქართული მხარის ბრალეულობა გამოიკვეთა, ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ, ხოლო თუ ასეთი არ გამოიკვეთა, მმართველმა გუნდმა უნდა თქვას, რომ გამოძიება ჩატარდა, მაგრამ ქართული მხარის ბრალეულობა არ გამოიკვეთა, რის შედეგადაც ოსებთან გულწრფელები ვიქნებით. ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ აფხაზები და ოსები ენდობიან საქართველოს ახალ ხელისუფლებას და თუ ისინი იტყვიან, რომ ეს ასე არის, ისინი ამას დაიჯერებენ.
„მე არ ვაპირებ არც ოსების, არც აფხაზების მოტყუებას. ჩემთვის ის დაკარგული ოსი და სანდრო გირგვლიანი საქართველოს ერთნაირი მოქალაქეები არიან და თუ ჩვენ გირგვლიანზე ვდარდობთ, იმ ადამიანებზეც უნდა ვიდარდოთ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზებს აქვთ პრეტენზიები, რომ გალის რაიონში ძალიან ბევრი პრობლემაა, ხოლო ახალი ხელისუფლება მათ ასეთი პრეტენზიების გამოთქმის პირობებს მოუსპობს. გალი გახდება სამშვიდობო რაიონი, რომელიც იქნება ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პროგრამაშია გაწერილი და რომელიც კონფლიქტების დარეგულირებას ითვალისწინებს, შესაძლოა ვითარების შესაბამისად შეიცვალოს. ასევე იგი არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, მაგრამ მისი გადახედვა არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად შეიცვლება. აქვე ზაქარეიშვილი ცალსახად გამორიცხავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გაუქმდეს, რადგან ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.
„ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ ამ კანონით მათ ხელი ეშლებათ იმაში, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი ტერიტორიაზე შევიდნენ. თუ ეს მართლა ასეა და თუ მართლა კანონშია პრობლემა, ჩვენ ამ კანონს გადავხედავთ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილ მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს არ შეხვედრია, რადგან მას შემდეგ, რაც იგი მინისტობის კანდიდატად დასახელდა, ეკა ტყეშელაშვილი თბილისში არ გამოჩენილა.
პაატა ზაქარეიშვილმა სოჭის ოლიმპიადის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება წინა ხელისუფლებას აქვს მიღებული. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხარი დაუჭირა სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დღემდე არავის გადაუხედია. ვინაიდან სააკაშვილი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტია, სწორედ მას აქვს ამ გადაწყვეტილების გადახედვის საშუალება.