გიორგი ქადაგიძე მზად არის, ეროვნული ბანკის ყველა ქმედებაზე პასუხი პირადად აგოს

გიორგი ქადაგიძე მზად არის, ეროვნული ბანკის ყველა ქმედებაზე პასუხი პირადად აგოს

გიორგი ქადაგიძე მზად არის პირადად აგოს პასუხი ეროვნული ბანკის ყველა ქმედებაზე. ამ შინაარსის განცხადებას ქადაგიძე იმ ბრალდებების საპასუხოდ აკეთებს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან ისმის. ამ ბრალდებების მიზეზი კი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებია “ქართუსთან” დაკავშირებით.

„რუსთავი ორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქადაგიძე აცხადებს, რომ არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ეროვნულ ბანკს, რომელიც “ქართუს” ერთი თეთრით დააზარალებდა. თუმცა, განმარტავს, რომ მზად არის ნებისმიერი საგამოძიებო სტრუქტურის წინაშე წარსდგეს და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ბრალდებაზე კი ეროვნული ბანკის პოლიტიზირების შესახებ, გიორგი ქადაგიძე პასუხობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებული ინდიკატორით, ცენტრალური ბანკის პოლიტიზირების ხარისხი იმით იზომება, იცვლება თუ არა ბანკის ხელმძღვანელობა მთავრობის ცვლილებასთან ერთად. კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ეროვნული ბანკის მისამართით გაისმა, არის ის, რომ კომერციული ბანკების საქმიანობაში ხელოვნურად ხდებოდა ჩარევა.

ამ ჩარევის გამო კი პროცენტების კლება ვერ არ მიმდინარეობდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უარყოფს რაიმე სახის ხელოვნურ ჩარევებს და აცხადებს, რომ საბანკო სექტორში პროცენტის კლება მიმდინარეობდა და გაგრძელდება. მისი თქმით, ხუთი წლის წინანდელი და დღევანდელი პროცენტების შედარება საკმარისია, რომ ადამიანები დარწმუნდნენ, სესხებზე პროცენტების კლება ხდება. ამასთან, ქადაგიძის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც საპროცენტო განაკვეთების კლებაზეა საუბარი, ეს ეხება იპოთეკურ და ბიზნეს სესხებს. სამომხმარებლო სესხები კი მთელ მსოფლიოში ძვირია.

ქადაგიძის განცხადებითვე, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია საბანკო სექტორის მდგრადობასა და ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე – საბანკო სექტორის და ლარის სტაბილურობა კი, მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერაა აღიარებული. ქადაგიძის განცხადებით, ის მზად არის ახალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ: მოქმედი კანონმდებლობით, 7 წლის ვადით არჩეულ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტი ათავისუფლებს. ასევე არსებობს ბანკის პრეზიდენტის პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებით შეცვლის შესაძლებლობაც. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ნოდარ ჯავახიშვილი წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება", როგორც არჩევნებში გამარჯვებული ძალა უფლებამოსილია მთავრობის და პარლამენტის მმართველი რგოლები დააკომპლექტოს და ეს არ ეხება არც ეროვნულ ბანკს და არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.