რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Meduza-ს ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებული ორი გენერლის გათავისუფლებას ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გენერლების თანამდებობიდან დათხოვნის გადაწყვეტილება რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა მოითხოვა.
Meduza-ს ჟურნალისტი ივან გოლუნოვი თავისუფალია. მის მიმართ საქმის გამოძიება 2019 წლის 11 ივნისს შეწყდა.
გამოცემა Мeduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა. 8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
36 წლის ივან გოლუნოვი Мeduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს.
დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.