ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკასთან საიმიგრაციო გარიგებაზე დეტალები შემთხვევით გაამხილა. ამის შესახებ BBC წერს.
ტრამპმა ჟურნალისტებს მიმდინარე მოლაპარაკებისა და არსებული გეგმის დეტალები არ გაუმხილა. თუმცა თქვა, რომ პირობები იმ ფურცელზე იყო გაწერილი, რომელიც ხელში ეკავა. მედიამ კი ეს დოკუმენტი გადაიღო და გაშიფრა.
გეგმის მიხედვით მექსიკა უსაფრთხო ქვეყანა უნდა გახდეს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებს განიხილავენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მექსიკა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეისწავლოს თავისი კანონები, რათა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მოიპოვოს.
მანამდე გაირკვა, რომ მექსიკა გვატემალის საზღვართან დამატებით 6,000 სამხედროს განათავსებს, ასევე მიიღებს "გადამწყვეტ ზომებს" ადამიანებით კონტრაბანდის ქსელების აღმოფხვრაში.
თავის მხრივ ამერიკა მზადაა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა დააჩქაროს.
მანამდე აშშ მექსიკას დაემუქრა, რომ ყოველთვიურად მათთვის დაწესებული ტარიფები 5%-ით გაიზრდებოდა, სანამ მექსიკა მიგრანტების პრობლემას არ მოაგვარებდა.