ფრიად ხანმოკლე აღმოჩნდა საქართველოში ბიზნესომბუდსმენის მოღვაწეობა. ამ ყოვლად უფერული ინსტიტუტის დღეები დათვლილია და მისი გაუქმებას მხოლოდ ახალი მთავრობის ფორმირება აყოვნებს. არადა, რიგით მეორე ბიზნესომბუდსმენი, “პროკრედიტ ბანკის” ყოფილი ხელმძღვანელი მაია მერედოვა თვენახევრის წინ დაინიშნა და ჯერ ხეირიანად მისალმებაც არ დაუმთავრებია.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს ხელოვნური უწოდა და მის გაუქმებას, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო.
“ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი ძალიან ხელოვნური ინსტიტუტია. არ შეიძლება, ასეთი სტრუქტურა ხელისუფლებასთან იყოს დაახლოებული. ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ამოქმედების შემდეგ მონოპოლიების და ოლიგოპოლიების წინააღმდეგ სააგენტოც იბროლებს და ასევე მისი ფუნქცია იქნება ბიზნესის ინტერესების დაცვა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნეს-ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები რეალურად დამოუკიდებელმა ბიზნეს-ასოციაციებმა უნდა გადაწყვიტონ.
ხელისფლებასთან დაახლოებული ძალიან მსუბუქი გამონათქვამია. ბიზნესომბუსმენს უშუალოდ პრემიერი ნიშნავდა და რადგან მთელი ქვეყნის მსხვილ ბიზნესსაც ხელისუფლება აკონტროლებდა, გამოდის, რომ ბიზნესომუბდსმენს სახელისუფლებო ბიზნესის დაცვა ევალებოდა. რადგანაც მსხვილფეხა ბიზნესმენები ნაციონალური ხელიფლების პირობებში თავს ისედაც ლაღად გრძნობდნენ, ომბუდსმენი ერთობ უღიმღამო საკითხების განხილვით იყო დაკავებული.
ასე რომ, ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას უნიათო სტრუქტურის დახურვის შესახებ, ბევრი დადებითად გამოეხმაურა. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შესაძლო გაუქმებას პოზიტიურად აფასებს.
მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის კანდიდატების განცხადებები ადასტურებენ, რომ შეინიშნება მზადყოფნა, რომ ბიზნეს ასოციაციები უშუალოდ იყვნენ ჩართული დიალოგში და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში. აქედან გამომდინარე, პრემიერის მიერ ხელდასმული ბიზნესომბუდსმენის ადგილი არსად რჩება.
კოხრეიძე ასევე ეხმაურება სხვადასხვა კერძო კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებულ დარიცხვებსაც.
“მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში კერძო კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებულია დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის დარიცხვები, რასაც ისინი უსამართლოდ მიიჩნევდნენ. ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი ე.წ. შეთანხმებების შედეგად ივსებოდა, როდესაც გადამხდელი იძულებული იყო წასულიყო გარიგებაზე, გადაეხადა იმაზე მეტი, ვიდრე კანონი აკისრებდა და დამატებითი უსიამოვნებები თავიდან აერიდებინა. ასოციაცია კანონის უზენაესობის ფარგლებში საგადასახადო დისციპლინის მომხრეა და მიაჩნია, რომ საგადასახადო სამართლის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება იქნება საჭირო”, - განაცხადა კოხრეიძემ.
ჰოდა, წესით და რიგით, ე.წ. ბიზნესომბუდსმენს თავისი ერთწლიანი მუშაობის პერიოდში ყურადღება სწორედ ასეთ საკითხებზე უნდა გაემახვილებინა, მაგრამ ძველ დროში ვინ გაამახვილებინებდა? ამიტომაც ახალი მთავრობის დროებაში მისთვის ადგილი ვერ გამოიძებნება.