წართმეული ქონების დასაბრუნებლად უკვე იმდენი ადამიანი იბრძვის, რომ ძნელი წარმოსადგენია ამას რა დრო დასჭირდება და რა სასამართლო გაწვდება. “მაგნატისა” და “ორთაჭალჰესის” მფლობელები, სერგო იაკობიძე, ნაზი ალასანია, ზაზა სიორიძე, ქიბარ ხალვაში, გიორგი სეთურიძე, სიღნაღელი ქონების მესაკუთრეები - ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია, ვისაც ბრძოლა დაწყებული აქვს ან უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ქართველი ადვოკატების აზრით, აუცილებლად უნდა გადაფორმდეს ყველა ის ბიზნესი თუ ქონება, რომელიც უკანონოდ არის წართმეული.
ქონების დაბრუნების მოსურნეთა რიგებში “სახალხო ბანკის” ყოფილი მფლობელებიც ჩადგნენ. ბანკის ექსდამფუძნებლები ირინა ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენკო და გიორგი გოგუაძე საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან. “სახალხო ბანკი” მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12,51 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა.
ბანკი, რომლის სახელიც 2005 წელს მოსკოვში მოკლულ ქართველ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძეს უკავშირდება, 2002 წელს დაფუძნდა. “სახალხო ბანკის” აქციონერები იყვნენ: გიორგი გოგუაძე (9,59%), რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ისნის მაჟორიტარად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შევიდა, ირინა ჯინჭარაძე (24,88%), შპს “სტარქორდ რესურსიზი” (20,18%), ელენე კოვალენკო (20,18%) და სხვა წვრილი აქციონერები.
ბანკს მალევე სათავეში “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი და 2007-2008 წლების პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა.
კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა, “საფოსტო ბანკის” ყოფილი უფროსი სერგო იაკობიძეა. იგი ღიად საუბრობს, რომ ხელისუფლებამ მას ანტიპიარი გაუკეთა, თითქოს პენსიების მიტაცება მოახდინა. იაკობიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებული იყო “საფოსტო ბანკით” და თავდაპირველად პარტიის დაფინანსებას, ხოლო შემდეგ ბანკის 80%-იანი წილის გადაფორმებას სთხოვდნენ.
იაკობიძის თქმით, ამ საკითხში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა გოროზია აქტიურობდა. ბიზნესმენის ინფორმაციით,ხელისუფლებამ მას “საფოსტო ბანკი” წაართვა და 12 მილიონამდე დავალიანება გამოუწერა. იაკობიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე პენსიების მიტაცებისთვის არის აღძრული და ბიზნესმენი წითელი ცირკულარით იძებნება.
მსხვილის ბიზნესმენების პარალელურად საკუთარ ქონებას ითხოვენ უბრალო მოქალაქეებიც, მაგალითად, სიღნაღის რეაბილიტაციის დროს დაზარალებული მესაკუთრეები. როგორც დაზარალებულები აცხადებენ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ქონების დაბრუნების მიზნით დავის განახლებას აპირებენ.
რა შანსი აქვთ ამ ადამიანებს ან რა დრო დასჭირდება სამართლიანობის აღდგენას? ეს ამ ეტაპზე ძნელი გამოსაცნობია.
“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის სავსებით სამართლიანი პროტესტი ყველა იმ ადამიანის მხრიდან, რომლებმაც ქონების წართმევის გზით მიიღო ის უსამართლობა, რაც აქამდე იყო. ეს ბუნებრივი პროტესტია, თუმცა ამას ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია. ტენდენცია დღითი დღე იზრდება. მატულობს ადამიანთა რიცხვი, ვისაც უნდა უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება.
გვაქვს საკმაოდ სკანდალური და გახმაურებულ თემებთან დაკავშირებით ინფორმაცია, სადაც სამწუხაროდ ერთნაირი სქემა მუშაობს. არის კორუფციული გარიგება და სახელდებიან თითქმის ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბიზნესის წართმევაში.
აქ სასამართლოში სარჩელის შეტანაზე არ არის საუბარი. საუბარი იქნება განცხადებებზე სისხლის სამართლის აღძვრის თაობაზე იმ კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, რის გამოც ამ ადამიანებმა იძულების წესით დათმეს ბიზნესი”, - აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
სამომავლოდ დადგება მატერიალური საკითხიც, ანუ ვისგან უნდა იქნას ამოღებული ზარალი, რომელიც ძალიან მკაცრად უნდა იყოს დარეგულირებული კანონის საფუძველზე. ალაგ-ალაგ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიფოროს. გაბუნია ამას ეწინააღმდეგება.
“არ ვარ მომხრე, რომ თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყოს გადახდილი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით რთული ხდება ყველაფერი. იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო სარგებელი და ჩაიდინა უკანონო ქმედება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე. ნაკლები დარტყმა ბიუჯეტს, იმიტომ რომ ბიუჯეტი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. ეს არის ხანგრძლივი პროცესი.
გარდა ამისა, არა მარტო ბიზნესის წართმევაზეა საუბარი, აქ არის საუბარი ადამიანის დაპატიმრებაზე, დატერორებაზე და იძულების წესით ამ ყველაფრის წართმევაზე. მე მგონია, რომ ახალი პროკურატურა, რომელიც გამოვა იუსტიციის სამინისტროდან, შექმნის დეპარტამენტს (ამის თაობაზე იყო საუბარი), სადაც დაიწყება შესაბამისი რეაგირება”, - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.