საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად კოალიციამ, რომლის სათავეშიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია დაამარცხა, იმ ლიდერისა, რომელიც მეტად პოპულარული იყო შეერთებულ შტატებში. ელისაბედ ფულერი „რადიო თავისუფლებაში“ მრავალია წელია საქართველოს შესახებ წერს; ის ამბობს, რომ ივანიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს მომავალი პრემიერმინისტრი იქნება, „უფრო პრაგმატული და რეალისტია“ ვიდრე სააკაშვილი; და ის ვარაუდობს, რომ ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა „არა იდეოლოგიაზე, არამედ პრაგმატიზმზე იქნება დამყარებული“.
ელისაბედ ფულერი ამბობს, რომ ივანიშვილის აღმასვლა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მათ შორის მისთვისაც. მაგრამ მიუხედავად სააკაშვილის მცდელობებისა ივანიშვილი პრორუსად გამოიყვანოს, მისი აზრით, მომავალი პრემიერმინისტრი აშკარად მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ კავშირებს, რაც დაადასტურა კიდეც, როდესაც ახლახან განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში ვაშინგტონში შედგება.
მოსალოდნელია არჩევნების შემდეგ რეალური ცვლილებები საქართველოში, თუ ეს უბრალოდ ფასადური ცვლილება იყო?
ცვლილება ნამდვილად იქნება, რამდენადაც სააკაშვილი ისტორიაში [მიუხედავად] იმ ყველაფერ კარგისა, რაც მან გააკეთა კორუფციის აღმოფხვრისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ისეთ ადამიანად დარჩება, რომელმაც წააგო 2008 წლის ომი რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ერთი დიდი კითხვა, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობდა, შემდეგში მდგომარეობდა: დააბრუნებდა თუ არა ივანიშვილი საქართველოს უკან რუსეთის ხელში. სააკაშვილი თანმიმდევრულად ცდილობდა ეს არჩევნები წარმოეჩინა, როგორც არჩევანი მის პროდასავლურ კურსს [და] დემოკრატიის შენებას და ივანიშვილს შორის, რომელიც საქართველოს უკან, რუსული გავლენის ქვეშ დააბრუნებდა და ყველა იმ რეფორმას მოუღებდა ბოლოს, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელა.
ეს ასე არ არის. მართლაც, ივანიშვილმა უამრავი ფული იშოვა რუსეთში, მაგრამ რუსეთიდან ათი წლის წინ წამოვიდა და საქართველოში დაბრუნდა. ის თავის მშობლიურ სოფელში, დასავლეთ საქართველოში, კარჩაკეტილი ცხოვრობდა, მაგრამ უამრავ ფულს ხარჯავდა ადგილობრივ საქველმოქმედო პროექტებზე. ის, ძირითადად, ცნობილი იყო როგორც ქველმოქმედი. მოულოდნელად, ზუსტად ერთი წლის წინ, მან თქვა, რომ პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბება, არჩევნებში მონაწილეობა და პრემიერმინისტრობა გადაწყვიტა. ადამიანთა დიდ ნაწილს, მათ შორის მეც, მიაჩნდა, რომ მას ამის შანსი არ ჰქონდა. მაგრამ მან ეს გააკეთა.
რამ გამოიწვია სააკაშვილის დამარცხება?
ვფიქრობ რამდენიმე ფაქტორი იყო. რთულია თქვა, რა დოზით იყო ფაქტორი მარცხი 2008 წლის ომში რუსეთთან. [ომის შედეგად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ, რომლებსაც მხოლოდ რუსეთი აღიარებს.] ის მართლაც ბევრ ფულს ხარჯავდა საინვესტიციო პროექტების მოსაზიდად, რომელსაც მთლიანობაში ხალხისთვის სარგებელი არ მოჰქონდა. ახალი, უზარმაზარი მბზინავი პარლამენტი ააგო ქუთაისში, სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქში, როდესაც ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობდა. მას დიდწილად არ გაუკეთებია ის, რასაც ხალხი მისგან მოელოდა, კერძოდ, სიღარიბის დაძლევას, სამუშაო ადგილების შექმნას და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. უმუშევრობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, დღემდე მთავარ პრობლემად რჩება და ძალიან ბევრი ამომრჩევლის წუხილის მთავარი საგანია. არ არის ნათელი, ის სკანდალი, რომელიც არჩევნებამდე სულ რაღაც ათი დღით ადრე მოხდა, როდესაც სატელევიზიო არხებმა ვიდეოები გაავრცელეს, რომელიც ასახავდა თუ როგორ აწამებენ და ამცირებენ პატიმრებს საქართველოს ციხეებში, ნამდვილად იყო თუ არა ბოლო წვეთი, და ამომრჩევლები, რომლებსაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ თუ ვის დაუჭერდნენ მხარს, ან ისინი, ვინც ხმის მიცემას სააკაშვილისთვის აპირებდა, ამის გამო ხომ არ განეწყვნენ მის წინააღმდეგ.
მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნები ძალიან, ძალიან ახლოს იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა მხოლოდ 55 პროცენტი მიიღო, და [სააკაშვილის პარტიამ] „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 41 პროცენტი. ასე რომ, ადგილები ასე გადანაწილდა: 83 „ქართულ ოცნებას“ და 67 სააკაშვილის პარტიას, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 14-ადგილიანი უპირატესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში, რამაც შეიძლება პრობლემები შექმნას მომდევნო წლის განმავლობაში, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იქნება, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა მისდამი ოპოზიციურად განწყობილ კოალიციას ექნება.
ამჟამად, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა ქვეყანაში, მაგრამ მომავალ წელს ეს შეიცვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა პრემიერმინისტრი გახდება. არსებობს თუ არა ძალაუფლების გადანაწილებაზე რაიმე შეთანხმება, თუ ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია?
ეს ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. საკონსტიტუციო ცვლილება ორეტაპიანი პროცესის ნაწილი იყო და მისი მიზანი გახლდათ ის, რომ სააკაშვილი ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან პოლიტიკოსად დარჩენილიყო ქვეყანაში, მას შემდეგაც კი, რაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა მომავალ წელს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მხოლოდ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. მანამდე ერთწლიანი პერიოდია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს შორის, როდესაც სააკაშვილს და პარლამენტს შორის, ისევე როგორც სააკაშვილს და პრემიერმინისტრს შორის, შეიძლება დიდხნიანი კონფლიქტი იყოს.
საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერში იქნება?
დიახ.
ცოტა ივანიშვილზეც ვისაუბროთ. თქვენ ადრე მის შესახებ თქვით, რომ კარჩაკეტილი ქველმოქმედი იყო. როგორ იშოვა მან ფული რუსეთში, რაიმე ვიცით ამის შესახებ?
როგორ იშოვეს ფული რუსმა ოლიგარქებმა? ეს გაურკვეველია. მაგრამ მე არ მინახავს არცერთი რუსული წყარო, რომელიც ამბობს, რომ მან არალეგალურად იშოვა ქონება და რაიმე კითხვის ნიშნებს სვამდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ახლა თქვენ ძალიან ყურადღებით აკვირდებით საქართველოს და გიკვირთ, რომ ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. რას იტყვით დასავლელ დიპლომატებზე? იყო ამერიკის მთავრობა შოკირებული ამ ყველაფრით, რადგან შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო სააკაშვილში, კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებულში?
ეჭვი მაქვს, რომ ასე იყო. ვფიქრობ, შედეგი თითქმის თანაბარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სააკაშვილის პარტიას შეიძლება ჰქონოდა ათმანდატიანი უპირატესობა პარლამენტში. ივანიშვილი ამბობდა, რომ ის განაგრძობს საქართველოს პროდასავლურ კურსს. მაგრამ სააკაშვილი მუდმივად ცდილობდა რუსეთთან მისი ძველი კავშირების ნეგატიური კუთხით წარმოჩენას.
მაგრამ ივანიშვილი ამბობს, რომ მისი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში შედგება, ასეა?
დიახ. და ეს ნათლად მიუთითებს მის პრიორიტებებზე.
ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ქართული საზოგადოებაა პროდასავლური?
ქართული საზოგადოება ნამდვილად პროდასავლურია. როდესაც სააკაშვილი ხელახლა აირჩიეს ოთხი წლის წინ, იმავდროულად, რეფერენდუმი ჩატარდა ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ამომრჩეველთა თითქმის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ალიანსში გაწევრიანებას. დასავლეთს ხედავენ იმ ძალად, რომელსაც შეუძლია საქართველოს რუსეთისგან დაცვა, თუკი ის ისევ შეეცდება საქართველოს დაბრუნებას თავისი ფრთის ქვეშ. ივანიშვილს შეუძლია ამის დანახვა. მაგრამ ზოგიერთებმა შეიძლება თქვან, რომ სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში მორალურ უპირატესობას ეფუძნებოდა და ამბობდა: „ყველა ჩვენი პრობლემა რუსეთიდან მოდის. რუსეთი არის მთავარი საფრთხე და სწორედ ამიტომაც უნდა დაგვიჭიროს მხარი დასავლეთმა“. ივანიშვილი და მისი გუნდი კი უფრო პრაგმატულებისა და რეალისტებისგან შედგება. მათი საგარეო პოლიტიკა არ იქნება იდეოლოგიაზე დაფუძნებული; არამედ ის დამყარებული იქნება პრაგმატიზმზე.
რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი და ძლიერი მეზობელია, და აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ეცდება გამოძებნოს გზები რუსეთთან, სულ მცირე, ეცდება აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც სააკაშვილმა გაწყვიტა. ვერ იცხოვრებ, თუკი გარკვეული სახის კომუნიკაცია არ იქნება რუსეთთან.
დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა და ახლა რუსეთს აკრძალული აქვს საკუთარ ტერიტორიაზე ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტების იმპორტი. შესაძლებელია, რომ რუსეთმა შეარბილოს პოზიცია და მხარი დაუჭიროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კვლავ საქართველოსთან მიერთებას – თუ ეს შეუძლებელია?
ვფიქრობ, მოსკოვის გადმოსახედიდან, გადაწყვეტილება ორი გამოყოფილი რესპუბლიკის აღიარების შესახებ არ შეიცვლება. ითქვა ისიც, რომ რუსეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ოსური რეგიონის გაერთიანება.
აფხაზეთი ტერიტორიულად და მოსახლეობის მხრივ უფრო დიდია, და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უფრო სიცოცხლისუნარიანია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ მის ტურისტულ პოტენციალს. აფხაზეთი შესაძლებელია გადარჩეს და იარსებოს როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. სამხრეთ ოსეთი პატარა მთიანი რეგიონია, მოქცეული რუსეთსა და საქართველოს შორის, და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ის. როგორც ვთქვი, რუსეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შეეცდებიან ამ არგუმენტის გატანას: დიახ, ჩვენ ვაღიარებთ მას დამოუკიდებელ ქვეყანად, მაგრამ თუ მისი ხალხი რეფერენდუმში გადაწყვეტს და ხმას მისცემს იმას, რომ ის რუსეთის ფედერაციის ნაწილი უნდა გახდეს, უარი რატომ უნდა ვუთხრათ?
და ქართული საზოგადოებისთვის ეს ძალიან ემოციური საკითხია?
დიახ. ქართველებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი, ვთქვათ, წელს ან მომავალ წელს შეიერთებს სამხრეთ ოსეთს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ხუთ ან ათ წელიწადში. თუკი ამ ტერიტორიის ეკონომიკური სტაგნაცია გაგრძელდება, მაშინ ეს აუცილებლად დადგება რუსეთის პოლიტიკის დღის წესრიგში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასული კვირის არჩევნებთან დაკავშირებით დასავლეთში სერიოზული წუხილი არსებობდა, რომ ახალი ლიდერი მყისიერად რუსეთისკენ შეტრიალდებოდა. მაგრამ გამოდის, რომ ის უფრო პრაგმატიკოსია?
დიახ. მე ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო უმალ შეიცვლის ორიენტაციას რუსეთისკენ.
foreignpress.ge