დაკავებული რუსი ჟურნალისტის მხარდასაჭერად მოსკოვში მარში გაიმართება

დაკავებული რუსი ჟურნალისტის მხარდასაჭერად მოსკოვში მარში გაიმართება

რუსული ონლაინგამოცემა Мeduza-ს საგამოძიებო ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავებასთან დაკავშირებით მოსკოვში გოლუნოვის მხარდამჭერი მარში გაიმართება. ამის შესახებ Мeduza ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს.

მარშის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მოითხოვენ შეწყდეს გოლუნოვის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, ასევე დაისაჯონ ისინი, "რომლებმაც ჟურნალისტს ნარკოტიკი ჩაუდეს, საქმე გააყალბეს და ეს საქმე დაუკვეთეს".

აქცია მოსკოვის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის, ამიტომ ორგანიზატორების მოწოდებაა, მსვლელობა მშვიდობიანად ჩაატარონ, ხელში კი გოლუნოვის შესახებ გაზეთები ეჭიროთ.

ამასთან, როგორც Meduza წერს, გოლუნოვის სისხლის ანალიზების შედეგების თანახმად, მის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა

მოსკოვის სასამართლომ გამოცემა Мeduza-ს ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

გამოცემა Мeduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა.

36 წლის ივან გოლუნოვი Мeduza-ს კორესპონდენტია. დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს.

დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.