საქართველოში რუსული ტურიზმი ჰყვავის... რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ამ შინაარსის სტატიას რუსული პრესა, კერძოდ, «Комсомольская правда» ავრცელებს.
საქართველოში დასასვენებელად მილიონობით რუსი ჩადის. ათასობით მიდიან საცხოვრებლად და ტურისტთა ნაკადის მომსახურებისთვისაც. ბათუმის ზღვისპირა ახალმშენებლობებში ბინების უმეტეს ნაწილს რუსები ყიდულობენ. რისთვის? რა არის დამალული ტურისტთა თვალისათვის განთქმული კავკასიური სტუმართმოყვარეობის უკან?“, - "კომსომოლსკაია პრავდას“ სპეციალური კორესპონდენტი ვასილისა ნიკოლაევა გაემგზავრა იმ ქვეყნაში, რომელთანაც რუსეთს, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის გამო 11 წელი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს... და ამ დროს საქართველოში რუსული ტურიზმი ჰყვავის...
"ისტორია თითქმის დავიწყებულია, თუმცა სულ ახლახან იყო: ვარდების რევოლუცია 2004 წელს, ქვეყნის ხელისუფლებასი მიხეილ სააკაშვილის მოსვლა... საქართველო მკვეთრად იღებს პროდასავლურ და პრონატოურ კურსს... და თანდათან იწყება „რუსეთი ოკუპანტი... რუსეთის 200-წლიანი მონობის უღელი“ და ბევრი რამ ამის მსგავსი. რუსული ბაზები ქვეყნიდან გააძევეს, ღვინის ნაცვლად „ფეკალიებს“ გვიგზავნიდნენ (როგორც თვითონ ქართველებმა აღიარეს). ყველაფერი დასრულდა 2008 წლის აგვისტოში, როცა ქართული არმია სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და არტილერიით რუსი მშვიდობისმყოფლების ყაზარმებს ჭურვები დაუშინა. ჰოდა, პასუხიც მიიღო...
ახლა თბილისში „ოკუპაციის მუზეუმი არსებობს და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს საქართველო-რუსეთის ომს უწოდებენ; ყოველწლიურად სამგლოვიარო მიტინგებს აწყობენ გამუწყვეტელი შეძახილებით „ოკუპანტი“ (რუსეთი, რა თქმა უნდა).
და ამ დროს... მილიონობით რუსი ტურისტი საქართველოში, რუსებისთვის სახლები შენდება - ფული თუ გაქვს, იყიდე და მოიხმარე... მოკლედ, როგორც ცნობილ ფილმშია - „აქ მახსოვს, იქ არ მახსოვს“ („ტუტ პომნიუ, ა ტუტ ნე პომნიუ“).
ევროპაში საქართველო რუსი ტურისტების ფულით მოკირწყლული გზით მიდის. თბილისმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმიც კი გააუქმა, თუმცა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ჯინაზე არ სურს. ეს გასაგებიცაა - ჩვენი ტურისტი ხომ სხვებისთვის გულუხვია, საკუთარი თავისთვის კი მცირედითაც კმაყოფილი. აბა, სცადე და საქართველოში ფრანგი ან ამერიკელი შეიტყუე, ისინი არ წამოვლენ, რუსები კი თავიანთი ნებით მიდიან, საბჭოურ-ნოსტალგიური ქართული მწვადისა და „ქინძმარაულისათვის“... ფულს კი, როგორც ნათქვამია, „სუნი არ აქვს“ - წერს ავტორი და რუს მკითხველს იმ შემოსავლების სტატისტიკას აცნობს, რომელიც საქართველო ტურიზმის მეშვეობით იღებს (2018 წელს - 3,4 მილიარდი დოლარი, 2019 წელს კი 4 მილიარდს ელოდებიან). უცხოელი ტურისტებიდან 2,1 მილიონი რუსეთის მოქალაქეები არიან, სინამდვილეში კი ბევრად მეტია.
პუბლიკაციის ავტორი თავის ბათუმურ შთაბეჭდილებებზე წერს: „ბათუმს - ქართულ „ლას-ვეგასს“ თავისებური სახე აქვს: ბათქაშაცვენილი და უცნაურად შეკეთებული „ხრუშჩკოვკების“ გვერდით სუპერთანამედროვე ცათამბჯენებია. ირგვლიც ამწეები, ცემენტმზიდები დადიან, მუშები ფუს-ფუსობენ და უამრავი ტურისტი... ზღვის სანაპირო ბულვარი ფართოვდება - უყურებ და გგონია, რომ უსასრულოა. აქ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის დროს დარგულ ხეებსაც ნახავთ: 150 წელიწადში უკვე დიდად გაზრდილან“.
ავტორი ესაუბრება ბათუმში დამსვენებელ, მცხოვრებ და სამუშაოდ მყოფ რუსეთის მოქალაქეებს. მათი აზრით, საქართველოში რუს ტურისტებთან პოლიტიკაზე არავინ არ საუბრობს - მხოლოდ სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და პარალელურად - შემოსავლების მატება. ისევე როგორც ყველასათვის, რუსეთის მოქალაქეებისთვისაც ბიზნესის დაწყება ძალიან იოლია: ქართული კანონები ლიბერალურია, ბიზნესისთვის შეღავათიანი. ბათუმში საქართველოს ექს-პრეზიდენტის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული: „სააკაშვილი, სააკაშვილი და კვლავ სააკაშვილი“ - ეს ლოზუნგი აჭარის ავტონომიის ცენტრში სრულიად ჩვეულებრივია.
ბათუმში რუსული ენა ყველგან ისმის, არსად არ იკრძალება, თუმცა მოსახლეობა თანდათან ივიწყებს, რადგან სკოლებში სწავლების საათები სულ უფრო მცირდება. პრიორიტეტი ინგლისური ენის სწავლებას ენიჭება. ავტორთან საუბრის დროს ქართველი პოლიტოლოგი გივი გვითია ამბობს, რომ რუსული ენის სწავლების შეზღუდვა დიდი შეცდომაა. „მიხეილ სააკაშვილს უყვარდა ხოლმე იმის თქმა, რომ რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქვეყანა რუსული „რბილი ძალისთვის“ იოლი სამიზნეაო, მაგრამ რუსულ ენაზე უარის თქმა აძნელებს ურთიერთობას მოსაზღვრე სახელმწიფოებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, დსთ-ის სხვა ქვეყნებთან. ტურიზმის განვითარების კვალობაზე საქართველოს მოსახლეობამ ბევრი ენა უნდა იცოდეს, მათ შორის რუსულიც“... (...)
თბილისში ქართული პარადოქსი ძლიერდება: ერთი მხრივ, თითქოსდა ყველას უყვარხარ, ტურისტს ბუზს ვერავინ აუფრენს, მოგემსახურებიან, გაჭმევენ და გასმევენ. ყველას უხარია თქვენი დანახვა და გეკითხებიან - „ხომ მოგწონთ საქართველოში დასვენება?“, სასტუმროებსა და კაფეებში მხოლოდ რუსები არიან. მეორე მხრივ - ქუჩებში ყველგან შეხვდებით წარწერებს - „რუსეთი ოკუპანტია“. ზოგიერთი პოლიტიკოსი დღესაც არ მალავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას მოსკოვისადმი. ქართულ ტელეეთერში ყოველდღიურად აჩვენებენ ტელეგამოძიების მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ უშლიან ხელს „იდუმალი რუსი ოლიგარქები“ შავ ზღვაზე ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობას, „რათა საქართველო არ გაძლიერდეს“. ასევე აჩვენებენ სამხრეთ ოსეთის საზღვარს გორთან, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა გამყოფი ხაზი თითქოს საქართველოს სიღრმეში გადმოსწიეს. ციტატა: „რუსული ოკუპაცია ნელ-ნელა წინ მოცოცავს“.
მაგრამ სად მთავრდება სტუმართმოყვარეობა და სად იწყება პოლიტიკა? კაცმა რომ თქვას, თუ დასასვენებლად მიდიხარ, პოლიტიკაზე ლაპარაკს მართლაც უნდა მოეშვა - დაისვენე და შეირგე, პოლიტიკაში ცხვირს ნუ ჩაჰყოფ. მაგრამ...
- მე შოკში ვარ, - მეუბნება ჩემი დაქალი, რომელიც ცოლად ქართველს გაჰყვა და დონის როსტოვიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, - დიახ, უვიზო რეჟიმია, მაგრამ ბინადრობის უფლება რომ მოიპოვო, 35 ათასი დოლარის ქონება უნდა შეიძინო. ფირმა რომ გახსნა, 40 ათასი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა გქონდეს. და ეს ყველაფერი არანაირ შეღავათს არ გაძლევს მოქალაქეობის მისაღებად.
- ქართველებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თუ დაივიწყეს?
- არა, ტერიტორიებს არასოდეს დაივიწყებენ. ეს ხიწვი მათ ცნობიერებაში ღრმად ზის. ქართველები ყოველ სუფრის დროს ტერიტორიების დაბრუნების შესახებ სადღეგრძელოებს სვამენ. გასულ წელს ბათუმში ვიყავი, აგვისტოში და ერთმა მაცხოვრებელმა სახლის კედელზე უზარმაზარი პლაკატი გადმოფინა წარწერით - „მე ქართველი ვარ, რუსებს კი ჩემი ქვეყანა ოკუპირებული აქვთ“. ალბათ, წელსაც ასე იქნება. ყველგან და ყველაფერზე წარწერებია - „რუსეთი ოკუპანტი“...
აი, ასე მიდის საქართველო „ევროპაში“, რუსებისაგან მიღებული ფულის დასტებით, - წერს ავტორი, რომელიც რედაქციაში დაბრუნების შემდეგ ექსპერტს ესაუბრება - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის კავკასიის პრობლემების შემწავლელი ცენტრის წამყვან სპეციალისტს ნიკოლაი სილაევს:
- განა ასე სადმე კიდევ ხდება? რუსეთ-საქართველოს ტურისტული კავშირები ფართოვდება, პოლიტიკური კი შეწყვეტილია...
- არამარტო ტურიზმი ფართოვდება, არამედ სავაჭრო ურთიერთობებიც: არტული ღვინის ლომის წილი რუსულ ბაზარზე იყიდება. გარდა ამისა, საქართველოში ათეული მილიონობით დოლარი შედის რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით. ასეთი პარადოქსი პოსტასაბჭოთა ქვეყნებში მართლაც არსებობს. გავიხსენოთ ლატვია, ლიტვა... გამონაკლისი არც საქართველოა. ეს ქვეყნები ეკონომიკურად ძირითადად რუსეთზე დამოკიდებულები დარჩნენ და ამასი გასაკვირი არაფერია. მაგრამ ბიზნესმენებს პოლიტიკოსებზე გავლენა არ აქვთ. ქართველ პოლიტიკოსებისთვის ამერიკელი კლერკის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია, ჰოდა, ცდილობენ მათ ასიამოვნონ. როგორც შედეგი - პოლიტიკური გადაწყვეტილებებს რეალიებთან კავშირი არ აქვთ. მაგრამ ქართველებს, ანტირუსული განწყობების მიუხედავად, კარგად ესმით, რომ სემოსავლები საიდანღაც უნდა მიიღონ, ამიტომაც ტურისტებს არ აწყენინებენ. მიხეილ სააკაშვილის პარტიამ 2012-ში არჩევნები იმიტომ წააგო, რომ ზედმეტად ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას, რაც რიგით მოქალაქეებს არ მოსწონდათ.
- და თუ, ვთქვათ, ისევ კონფლიქტი მოხდება? კანონებს შეცვლიან? რუსებს ქონებას ჩამოართმევენ?
- არა მგონია. საქართველოს ხელისუფლებამ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ამ მხრივ წესრიგი დაამყარა: ის, რაც 1990-იან წლებში იყო (ეთნიკური დევნები), აღარ განმეორდება. რადიკალები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ. საქარტველოს დღევანდელი მთავრობა ძალიან რაციონალურია და რუსეთის მიმართ შედარებით კარგად, პრაგმატულად არის განწყობილი. შეიარაღებული კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის - მიხეილ სააკაშვილმაც კი მიხვდა, რომ ღიად მტრობა უსარგებლოა. ტურიზმის განვითარება - აი, საქართველოს გზა, ჯერ-ჯერობით სხვა სფეროში შემოსავლების მიღების პერსპექტივა არ ჩანს. ასე რომ, ჩვენებს ნუ შეეშინდებათ, ქართველები იმ ქათამს არ დაკლავენ, რომელიც ოქროს კვერცს დებს.
- აბა, აფხაზებს რა ემართებათ? მათ რატომ არ შეუძლიათ ტურიზმის განვითარება?
- იცით, რუსული ბიზნესი თავისი კაპიტალით იმ ქვეყანაში არასოდეს შევა, სადაც რუსული პასპორტით ქონების გაფორმება არ შეიძლება და იურიდიულ პირად დარეგისტრირება აკრძალულია. და საერთოდ, აფხაზები თავისებური ხალხია...
«Комсомольская правда» (რუსეთი), 07 ივნისი, 2019 წელი