სასამართლომ დააჯარიმა კომპანია რომელმაც რუსეთში ვეშაპები დაატყვევა

სასამართლომ დააჯარიმა კომპანია რომელმაც რუსეთში ვეშაპები დაატყვევა

რუსული კომპანია, რომელსაც „ვეშაპის ციხედ“ მოიხსენიებენ 28.1 მილიონი რუბლით ($433,000) დააჯარიმეს. ამის შესახებ BBC წერს.

კომპანია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით ოპერირებს იმ 4 ფირმიდან ერთ-ერთია, რომელსაც იაპონიის ზღვაში მდებარე პატარა სათავსოებში ვეშაპები ჰყავს გამოკეტილი. კომპანიის რწმუნებით, ეს ქმედება კანონიერია.

მიუხედავად ამისა, 7 ივნისს ვლადივასტოკის სასამართლომ საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ კომპანია წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. არ არის გამორიცხული მსგავსი ტიპის სანქციებით მომავალ კვირაში დანარჩენი სამი კომპანიაც დაჯარიმდეს.

სამეცნიერო მიზნებისთვის რუსეთი კომპანიებს უფლებას აძლევს ვეშაპები დაატყვევონ, თუმცა სინამდვილეში მათ სულ სხვა მიზნებისთვის იყენებენ. ერთ-ერთი ვერსიით რუსული კომპანიები ვეშაპების ჩინეთის აკვარიუმისთვის მიყიდვას აპირებდნენ.

აპრილის დასაწყისში ფრანგი საზღვაო მეცნიერი ჟან-მიშელ კუსტო და სფეროს სხვა სპეციალისტები რუს მაღალჩინოსნებს მოსკოვში შეხვდნენ. მოგვიანებით კი დატყვევებული ვეშაპებიც მოინახულეს.

მალევე რუსეთმა საერთაშორისო ექსპერტებთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კრემლმა აღმოსავლეთით დატყვევებული ვეშაპების გათავისუფლების პირობა დადო.

ვეშაპების გათავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო შეუერთდა. ცნობისთვის დიკაპრიო გარემოს დაცვით კამპანიას უდგას სათავეში.