რატომ დამუხრუჭდა საწვავის გაიაფების პროცესი?

რატომ დამუხრუჭდა საწვავის გაიაფების პროცესი?

დიდი ენერგიული შეძახილებით და ენთუზიაზმით დაწყებული საწვავის გაიაფება შეჩერდა. ამ დრომდე სულ ორმა კომპანიან გააიაფა ნავთობპროდუქტები და მათგან ერთ-ერთმა ცოტათი ფასები ისევ მაღლა ასწია. დანარჩენები კი ჯერჯერობით ჯიუტად აგრძელებენ ძველი ხელისუფლების პირობებში დადგენილი ტარიფების შენარჩუნებას.

მომავალში რა ტენდენციას უნდა ველოდოთ საწვავის ქართულ ბაზარზე?

არჩევნებიდან გამრჯვებისთანავე „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ბენზინის ფასი საქართველოში 20 თეთრით უნდა შემცირებულიყო, ხოლო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა საბოლოოდ მოისპობოდა.. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ორმა ნავთობკომპანიამ ფასები შეამცირა, თუმცა საწვავი 20 თეთრით არც ერთ ავტოგასამართ სადგურზე არ გაიაფებულა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოში საწვავი საერთაშორისო ფასების მიხედვით კორექტირდება, თუმცა ბოლოდროინდელი კორექტირება «პლატცთან» ერთად მომავალი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის განცხადებას უკავშირდებოდა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი ქვემოთ მოიწევს. 11 ოქტომბრიდან მოყოლებული, «პლატცის» მიხედვით, განსაკუთრებით ბენზინი გაიაფდა და 1 ტონის ფასი ერთ კვირაში 90 დოლარით შემცირდა.

ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში საწვავის ფასების შემცირება ორმა კომპანიამ მოახდინა და მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა კომპანიების გადაწყვეტილებებიც გახდება ცნობილი.

კომპანია „გალფს“, რომლის ერთ–ერთი მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია, საწვავის ფასი ჯერ არ შეუმცირებია.  კომპანიის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე განმარტავს, რომ კომპანიაში ძირეული ცვლილებები იგეგმება. „10 დღეში ახალ ფასებს დავდებთ. ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ მოვძებნოთ ახალი მომწოდებლები, მათგან შევიძინოთ საწვავი და მხოლოდ „სოკარზე“ არ ვიყოთ დამოკიდებული. გადავდგათ უფრო ქმედითი ნაბიჯები“, – აცხადებს ჯიბლაძე.

ძირეული ცვლილებები რას ითვალისწინებს მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. სოციალური ქსელებით უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილმა დატოვა «გალფი» და თავისი წილი გაასხვისა. თუკი ე.წ. ბიზნესმენის რთულ პოზიციას და მასზე წამოსული ბრალდებების ნიაღვარს გავითვალისწინებთ, ეს ცნობა სულაც არ არის საფუძველს მოკლებული.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ საწვავის ბაზრის ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი მარიამ გაბაშვილი ამბობს, რომ «სოკარს» ჯერჯერობით ფასები არ შეუცვლია. „კომპანიის ადმინისტრაცია ქვეყნიდან არის გასული. როგორი იქნება სტრატეგია, არ ვიცი, ჯერ ფასებს ვინარჩუნებთ. პრემიუმი, სუპერი და ევროდიზელი შემოგვაქვს. დიზელი სტანდარტული და რეგულარი არის აზერბაიჯანული“, – აცხადებს გაბაშვილი.

«სოკარი» საქართველოში აზერბაიჯანული საწვავის ექსკლუზიური შემომტანია. მას ქვეყანაში ავტოგასამართი სადგურების (აგს) უზარმაზარი ქსელიც აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ «სოკარი» საკუთარ ნაწარმს ყიდის და თანაც აზერბაიჯანული საწვავის ფასი, ევროპულზე დაბალია, წესით მის ქსელში ბენზინ-დიზელი გაცილებით იაფი უნდა იყოს. თუმცა, «სოკარს» აქამდე ეს არ ადარდებდა. ამიერიდან კი ვნახოთ...

ნავთობპროდუქტების გაიაფების პიონერმა «ვისოლს» ეტყობა ზედმეტი მოუვიდა და 8-თეთრიან ვარდნას ვერ გაუძლო. რამდენიმე დღეში მის აგს-ებზე საწვავი 2-5 თეთრით გაძვირდა. ჯერჯერობით სხვა ცვლილებები ბაზარზე მოსალოდნელი არ არის.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საწვავის გამაიაფებელმა იმპორტიორებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს: „ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა პირდაპირ არ უკავშირდება დემონოპოლიზაციას. ფაქტობრივად, მონოპოლიების შექმნა, მსხვილ იმპორტიორებსა და მწარმოებლებს შორის კარტელური  გარიგებაც, საქართველოს ეკონომიკის თანმდევი მოვლენა იყო. ბიძინა ივანიშვილს ხელი არავისკენ გაუშვერია“, – აცხადებს არჩვაძე.