რამდენად გაწვდება ბიუჯეტი 'ოცნების' დაპირებებს

რამდენად გაწვდება ბიუჯეტი 'ოცნების' დაპირებებს

კოალიცია “ქართული ოცნების“ წინასარჩევნოდ წარმოდგენილი პროექტით, პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს. სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად კი ერთმილიარდიანი ფონდი უნდა შეიქმნას. არსებობს თუ არა რესურსი 2013 წლის ბიუჯეტში ამ დაპირებების შესასრულებლად და როგორ გეგმავს “ქართული ოცნება” ფინანსური რესურსების მობილიზებას?

ყოფილი მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის წინასწარი საპროგნოზო მაჩვენებლები 8,535 მილიარდი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 234.0 მლნ. ლარია (2012 წელს შემოსავლების ნაწილის მოცულობა 7 053 628 4 მლნ ლარი იყო). აქედან საგადასახადო შემოსავლების წილი 6,8 მილიარდი ლარია.

მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში მთავარი პრიორიტეტი სოციალური, ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროა. 

2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქრთველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 29,3 პროცენტით და 2 ,339,5 მილიონ ლარს უტოლდება. აქედან მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 1,830,5 მილიონი ლარი.

ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 450 მილიონი ლარი მოსახლეობის ჯანდაცვაზე დაიახრჯება. აქედან 323,6 მილიონი ლარი მოხმარდება მოსახლეობის დაზღვევას. დაზღვეულთა რაოდენობამ 2013 წელს 3 მილონი ადამიანი უნდა შეადგინოს.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება იზრდება 22,4 პროცენტით და 182 ,280 მლნ ლარს უტოლდება. 2012 წელს სოფლის მეურნეობისთვის 119.9 მლნ ლარი, ხოლო 2011 წელს 86 მლნ ლარი გამოიყო. 

კოლიცია “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კნდიდატი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის და მოსახლეობის დაზღვევას რესურსი 2013 წლის ბიუჯეტში იქნება:

“რესურსები იქნება ბიუჯეტში ყველას დასაზღვევად. მაგრამ აქ დეტალურად სანახავია, რამდენად აქვს სადაზღვევო ბაზარს უნარი, აითვისოს და თავისი ობიექტებით მოემსახუროს იმ სერვისებს, რაც იქნება ჩადებული სადაზღვევო პაკეტში. პირველად ხდება ასე, როცა ყველა უნდა დაეზღვიოს. ეს ადვილი არ იქნება, მთავარია, გადავდგათ პირველი ნაბიჯი.”

დავით ონოფრიშვილი საყოველთო დაზღვევის პროექტის დეტალებზე არ საუბრობს:

“2013 წლის ბიუჯეტი, მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება, მთავრობას დუბრუნდება და საკანონმდებლო ორგანოში სრულიად ახალი საფინანსო დოკუმენტი შემოვა. საყოველთაო დაზღვევის პროექტის ფინანსები დეტალურდ იქნება გწერილი.”

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ საყოველთაო დზღვევის პროექტის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, როგორი იქნება საბაზისო პაკეტი:

“რა დონის იქნება ხელმისწვდომობა სამედიცინო სერვისებზე? ეს პროგრამა რომ იყოს შედეგიანი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი სტანდარტიზცია. არ უნდა წყვეტდეს ერთი მენეჯერი, პაციენტს სჭირდებს თუ არა ესა თუ ის სამედიცინო სერვისი. დღევანდელი საბაზისო პროგრამების ნაკლი არის ის, რომ დზღვევა ფარავს მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზს. პაციენტს კი დიაგნოზის დასასმელად სჭირდება ხუთი ანალიზი. დაფინანსებულია მხოლოდ ორი და სამი ჰაერში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მან სადაზღვევო პოლისი ვერ გამოიყენა.”

გიორგი გიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საყოველთო დაზღვევისას, თუ საბაზისო პაკეტის ხარვეზები გაითვალისწინეს, მოსალოდნელია მისი გაძვირება:

“დამატებითი სერვისები პაკეტს გააძვირებს, მაგრამ სჯობს ხარისხიანი სერვისი მივიღოთ, ვიდრე უხარისხო. დღეს ასეთი დაზღვეული ბევრია, რომელიც პოლისით ვერ სარგებლობს.”

ამ დრომდე უცნობია, ვინ უნდა განახორციელოს საყოველთო დაზღვევის პროექტი: კერძო სექტორმა, თუ ერთიანმა სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც იქნება სახელმწიფო მმართველობაში.

გიორგი გიგოლაშვილის შეფასებით, ეს საკითხი იქნება გასაანალიზებელი და დასახვეწი:

“თუკი შეიქმნება სახელმწიფო კომპანია, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს ახასიათებთ ბიუროკრტია და ეს უნდა იყოს გამორიცხული. ჯანდაცვის სისტემაში არ შეიძლება დაყოვნება, პაციენტს სჭირდება დახმარება, ეს ბიუროკრატიამ არ უნდა ჩაყლაპოს. სადაზღვევო სახელმწიფო ორგანიზაცია არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაზღვევში გადახდილი თანხის მოგების ნაწილი, რომელიც ახლა კერძო სექტორს აქვს, დაიზოგება. თუკი ეს გადანაწილდება სადაზღვევო კომპანიებზე, ფასები უნდა იყოს რეალურად გათვლილი. ფასი არ უნდა განსაზღვროს ტენდერმა, როცა იმარჯვებდნენ ისინი, ვინც დაბალ ფასს იტყოდა. ეს უნდა გამოირიცხოს. თუ გვინდა მომსახურება იყოს ხარისხიანი, ფასის გათვლისას მეცნიერული მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული.” 

“ახალი ეკონომიკური სკოლის” წარმომადგენელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროექტი კომერციულად წამგებიანი იქნება:

“ამ პროექტში რესურსის დახარჯვა შედეგის მომტანი არ არის. საყოველთო დაზღვევა, ეს არის ფაქტობრივად დაფინანსება, ეს არ არის დაზღვევა. ჯერ ერთი, რომ ეს საკმაოდ გაუთვლელია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანის რისკი შეფასებულია ერთ ფასად, მაგრამ როცა რაღაცა უფასოა, მისი მოხმარება იზრდება და საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა დიდი ბიუჯეტი იყოს გაწერილი, წლის ბოლოს იქნება გაცილებით მეტი დანახარჯები.”

შეშელიძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევის პროექტის მომსახურებისთვის სადაზღვევო ბაზარს რესურსი არ აქვს:

“არა მგონია, ყველგან შესაძლებელი იყოს ადეკვატური მომსახურების მიღება. ხარჯავ ერთი და იგივეს და მომსახურების ხარისხს იღებ უფრო დაბალს და დაბალს. ამ პროდუქციის მიმწოდებლები, მედიკოსები არ იმუშავებენ უფრო მეტს, თუ მიიღებენ უფრო ცოტას. მათი მოტივაცია არ იქნება, მომსახურების ხარისხი დაიკლებს. თუ მოთხოვნა გაიზრდება, მომწოდებელი ვერ იქნება მზად, გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. იქნება რიგები, აპარატურის და ტექნიკის ცვეთა, იქნება უფრო მეტი დანახარჯები დამხმარე საშუალებებზე. ეს იქნება უფრო ძვირი, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული. კომპანიები მოძებნიან ასეთ გამოსავალს, რომ პროექტით გაუთვლისწინებელი მომსახურებები გააძვირონ. ფაქტობრივად გამოვა ისე, რომ ისინი დანახარჯების კომპენსაციას სხვა მომსახურეობების ხარჯზე შეეცდებიან.” 

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია ასევე სოფლის მეურნეობა. პარტიის პროგრამით უნდა შეიქმნას ერთმილიარდიანი ფონდი. საიდან მოხდება ფონდში ფულის მობილიზება? 2013 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსება 182 ,280 მლნ ლარს უტოლდება.

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის საფინანსო– საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ ამ ფონდში ფული იქნება:

”თანხა წავა როგორც სბიუჯეტო სახსრებიდან, ისე დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსებიდან. ფონდში ჩაირიცხება კერძო პირების შემონატანი. თანხები მიზანმიმართულად დაიხარჯება ამ სფეროს გაჯანსაღებაზე.” 

პროფესორი, აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის გნვითარებისათვის ერთი ფონდი საკმარისი არ არის:

“უნდა გაკეთდეს მთელი სამეწარმეო მობილიზაციის ფონდი, შეიქმნას საგირავნო და საგარანტიო ფონდები. მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოძლიერდება სახელმწიფო და რაოდენ პრიორიტეტულად გამოაცხადებს ის სოფლის მეურნეობას.”

კოღუაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტები:

“უნდა მოხდეს სექტორის ტექნიკური საშუალებებით მომარაგება, საწვავი, შხამქიმიკატები, სასუქები. ამის გარდა გასათვალისწინებელია, რომ ქართველი გლეხკაცი ძალიან მაღალ გადასახადს იხდის სარწყავ წყალში და მიწაზე. სოფლის მეურნეობის სექტორში გამოსაყენებელ დიზელს მთელ მსოფლიოში “მწვანე დიზელს” უწოდებენ. ხელისუფლებამ უნდა შეამციროს აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადი დიზელზე. ტექნიკის გამოყენება ძვირი ღირს, ტრაქტორის გადაყვანა ერთი სოფლიდან მეორეში ერთ კილომეტრზე 1,5 ლარია. გლეხს უნდა ჰქონდეს იაფი მელიორაციული აგროტექმომსახურება. ამავე დროს, გლეხს სჭირდება კრედიტის ხელმისწვდომობა. იაპონიამ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გასაცემი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ნულამდე დაიყვანა. აშშ–მა– 2,5 პროცენტამდე. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კრედიტის წლიური პროცენტი 3 პროცენტი იქნება. ამ ფონდის გარდა, უნდა შეიქმნას სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემა. ასეთი გმოცდილება მსოფლიოში არსებობს.” 

2013 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები მთავრობამ პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში 2012 წლის 28 სექტემბერს წარუდგინა.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება, განხილვა და დამტკიცება ახალ მთავრობას და პარლამენტს მოუწევს. ბიუჯეტი 2012 წლის დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.