ლაზიკის იდეის გაპიარებაში უამრავი ფული დაიხარჯა, ჭაობებში წამოწყებულ მშენებლობაში - კიდევ უფრო მეტი. ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენების პერსპექტივამ საზოგადოება ლამის ორად გახლიჩა - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ლაზიკა იყო ცუდი პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, როცა მილიარდობით ფული იყრებოდა აბსოლუტურად უსარგებლო პროექტებში. ეს იდეაშივე მკვდარი ქალაქი რატომღაც ჯერ კიდევ რჩება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ტვინის ხვეულებში. და ბოლოს შეჩერებული ლაზიკაც პრობლემას უქმნის სახელმწიფოს, რადგან ე.წ. ქალაქის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებმა, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უჩივლონ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლაზიკა - მაოხრებელი მკვდარია.
ლაზიკას შეჩერებაზე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაუფარავად ისაუბრა, ხოლო ნაარჩევნებს ყველამ დაადასტურა კოალიციის ლიდერის ზრახვები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის გუნდის წინაშე ლაზიკის მშენებლობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დგას, შესაბამისად, ამ პროექტისთვის არავის სცხელა.
«ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გვაქვს და მეეჭვება, უახლოეს პერიოდში ვინმემ ლაზიკასთვის მოიცალოს. ეს არ არის ინფრასტრუქტურული პროექტი, საუბარია, ქალაქის მშენებლობაზე. ეს კი შეიძლება, მხოლოდ კერძო ინვესტორების მონაწილეობით და მათი სურვილით განხორციელდეს და არა ვინმეს დაძალებით», - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მანამდე ლაზიკას წითელი ხაზი მინისრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ნარმანიამ გადაუსვა. თუმცა, მან იქვე გააჟღერა ერთი ფაქტი, რაც მომავალი მთავრობისთვის სასიამოვნო არ იქნება.საქმე ისაა, რომ ლაზიკას მშენებლობაში მონაწილე კომპანიებმა, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უჩივლონ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, საგზაო სამუშაოები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, კითხვის ნიშნები კი მხოლოდ ლაზიკასთან დაკავშირებით არსებობს.
კითხვის ნიშნები კი იმაზე მეტია, ვიდრე ვინმე ივარაუდებდა. საქმე ისაა, რომ შესრულდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა ხაზინიდან ანგარიშსწორება ჯერაც განუხორციელებელია. ძველმა მთავრობამ ხელები დაიბანა და ყველაფერზე თავის მტვრევა ახალ ხელისუფლებას მოუწევს.
შესაბამისად, გამორიცხული არ არის, კომპანიებმა ამის გამო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლონ. ნარმანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, თუმცა მთავრობის დამტკიცების შემდეგ, რეორგანიზაცია იგეგმება.
მოკლე დროში სააკაშვილის აკვიატებულმა პროექტმა ამხელა თავსატეხი გააჩინა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ლაზიკურს «აწვებიან». დავით დარჩიაშვილი ლაზიკას აშენებას ქვეყნის განვითარების საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
«ვფიქრობ, რომ დავით ნარმანიამ ან არ იცის რა იყო ამ იდეის უკან, ან რადგან გუნდშია ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, იგი უბრალოდ ემორჩილება გუნდს. ლაზიკა იყო საქართველოს სანაპირო ზოლის ინდუსტრიალიზაციის კონკრეტული გამოვლინება.
იმ ფორმით, რომ მოდი ჩვენ თავი დავანებოთ დიდ პოლიტიკას და ვიყოთ პატარა საქართველო, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება. თანამედროვე პირობებში ან უნდა ვითარდებოდე სწრაფი ტემპებით ან სხვა განვითარდება შენს ადგილას. თუ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ეკონომიკას ბოლომდე არ შესწირავ ენერგიას, სხვისი პოლიცია და სხვისი ეკონომიკა გაბატონდება ამ ქვეყანაში», - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა საუბრისას.
რა თქმა უნდა, დარჩიაშვილის ამ ნააზრევზე კომენტარი არავის გაუკეთებია იმიტომ, რომ აქ კომენტარი ზედმეტია. ეს ადამიანები ლაზიკის ჭაობებზე უარეს დაჭაობებულ აზრებს აფრქვევენ.