„ჩემსა და ზაზას შორის არანაირი უკმაყოფილება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, მაგრამ რაც მოხდა, ეს თვითონ იცის”
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას კვლავ ემუქრებიან და მუქარების რაოდენობამ მის მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის უკან დახევას არ აპირებს. შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ მთავარი ბრალდება მის წინააღმდეგ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთობლივად ქმედებაა.
„ეს გზავნილები უკვე ცხრა თვეა რაც გრძელდება, თუმცა, ბოლო ორი დღეა ამან უფრო აქტიური სახე მიიღო. არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონს, რომ მე გაერთიანებულ ოპოზიციას ვემხრობი. ეს არავის საქმეა არ არის და ეს მხოლოდ ჩემი პირადი საქმეა. გვერდით ვის ამოვიყენებ და დახმარებას ვის ვთხოვ მე გადავწყვეტ.
ათასჯერ გავაკეთე განცხადება და დღევანდელ ხელისუფებას ბევრჯერ მივმართე, რომ თუ ვინმე ხართ ღირსეული ადამიანი, გვერდით დამიდექით, მაგრამ არცერთი „ოცნების" გუნდიდან არც თანაგრძნობა მიმიღია და არც არასდროს უცდიათ, რომ რელობის გარკვევაში დამხმარებოდნენ. ამ მუქარებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.
"პოლიტიკურ პარტიებს რომ გავემიჯნო, სამართალი ამ ხელისუფლების ხელში არ დადგება. ეს ყველამ კარგად ვიცით და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. ეს დანაშაული პირდაპირ სახელმწიფოს მიერ არის ჩადენილი. თემირლანი პირდაპირ მათ მიზნებს შეეწირა.
"თემირლანი არ არის სადღაც ქუჩურ გარჩევების დრო იარაღით ხელში მოკლული, ან კიდევ სადღაც ტყეში. თემირლანი არსად სახელმწიფოს წინააღმდე საქმიანობაში შემჩნეული არ ყოფილა. ის იყო ბავში, რომელიც სახელმწიფომ მოკლა. მწერენ, რომ თუ ამ პარტიებს გავემიჯნები იქნებ ეს სპეცრაზმელიც დასაჯონ. ახლა კი არავის დასჯაც აღარ მოხდება", - აცახდებს მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან".
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის არ გაჩერდება და ბრძოლის გაგრძელებას ახლა სტრასბურგში აპირებს. „იმედი მაქვს, სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის", - აღნიშნავს ის.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისმა ადვოკატებმა ყველა საჭირო საბუთები და მასალები მოაგროვეს იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო დაინტერესდეს. საქმე სტრასბურგში 6 ივნისს იგზავნება.
როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, იურისტებს უკვე მზად აქვთ 800 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ძირითადი აქცენტი სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე კეთდება. მაჩალიკაშვილის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ საქართველოში მისი შვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებენ.
„ამბობენ, რომ მტკიცებულებები გვაქვსო, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ამ საქმის გაწელვის მიზნით ხდება ამ სიტყვების ხმარება. როგორც ასეთი საქმე გაიგზავნება, მანდ მართლა იმედი მაქვს, რომ სტრასბურგი თავსი სიტყვას იტყვის" - ამბობს მაჩალიკაშვილი.
რაც შეეხება მასსა და ზაზა სარალიძის ურთიერთობას, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ 6 თვეა მარტო სარალიძის გარეშე იბრძვის. მისი თქმით, რაც სარალიძე პატრიარქს შეხვდა, მას შემდეგ მხარდაჭერა არ ჰქონია. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ როდესაც პატრიარქს მეორედ შეახვედრეს, ყველაფერს მიხვდა და იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა.
„ჩემსა და ზაზას შორის არანაირი უკმაყოფილება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, მაგრამ რაც მოხდა, ეს თვითონ ზაზა სარალიძემ იცის ალბათ. ის კმაყოფილია იმ შედეგით, რაც მიიღო. დათო სარალიძის და თემირლანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. როგორც ტკივილია ერთი-მეორეზე ძლიერი და უარესი.
"აქ დანაშაულს გააჩნია, თემირლანი პირდაპირ სახელმწიფოს მიერ არის მოკლული და ის არასდროს იტყვის, რომ დააშავა. რასაც მე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვითხოვ, ქართველი ხალხი, ქისტები, რომ გავიგოთ სიმართლე, რატომ მოკლეს თემირლანი. მაგრამ მუდმივად მის მიჩქმალვას ცდილობენ. ამიტომ, მანამდე ვიბრძოლებ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა" - აცხადებს მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან".