ამ ეტაპზე უკრაინის პრეზიდენტი კიევში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილისთვის პოსტის შეთავაზებას არ აპირებს, მის გუნდში სააკაშვილის მიპატიჟებას უარყოფს და სამომავლო და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციებს არ ადასტურებს.
ეს კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის დედაქალაქში "ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა. ის ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის პრესსპიკერი იულია მენდელი კი ამბობს, რომ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.
მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის გუნდი სააკაშვილთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავს.
სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.