რა მოხდება საქართველოში?

რა მოხდება საქართველოში?

ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ევრაზიული მედიის მთავარ თემად იქცა. ოპოზიციური ბლოკის, „ქართული ოცნების“ წარმატებამ, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში და 10 წლის განმავლობაში პირველად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხებამ არჩევნებში, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია გახსნა.

თავად ივანიშვილის კოალიციაში არიან პოლიტიკოსები და საჯარო ფიგურები, რომლებიც არასდროს არ უჭერდნენ მხარს კონფრონტაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, და უფრო მოქნილ მიდგომებს იწონებდნენ. უნდა ველოდოთ თუ არა ამ რეგიონების მიმართ თბილისის ოფიციალური პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას?

დამსხვრეული იმედები

პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში სამწუხარო ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების ტრადიცია არსებობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ქართველი ლიდერი გარკვეული ფორმის ეთნოპოლიტიკური კრიზისის წინაშე დგება. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო. მისი მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე ლეგიტიმაციის და მისი მთავრობისა და ქვეყნის წინაშე არსებული გაერთიანების პრობლემის მოგვარებას აფხაზეთთან კონფლიქტით შეცადა. შედეგად ორივე პრობლემა მოუგვარებელი დარჩა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა.

2003-2004 წლებიდან, მიხეილ სააკაშვილის ახალ მთავრობას თითქოს უნდა გადაეჭრა კონფლიქტები. სააკაშვილი არ ასოცირდებოდა 1990-იანი წლების დასაწყისის სამხედრო შეტაკებებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ მთავრობის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა მშვიდობიან პროცესზე იმედი გააჩინა. მან რეფორმა ჩაატარა იმ პროქართულ სტრუქტურებში, რომლებიც წარმოადგენდნენ „აფხაზეთს დევნილობაში“. სააკაშვილის მთავრობამ ასევე შეწყვიტა ისეთი გასამხედროებული დაჯგუფებების მხარდაჭერა, როგორებიც იყვნენ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი „ტყის ძმები“ და „თეთრი ლეგიონი“. მაგრამ ამ იმედიანი დასაწყისით მიღწეული კარგი მომენტი მყისიერად გაქრა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლექსიკის გამოყენება დაიწყო.

ახალმა პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძად აქცია. ის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრეობის გადალახვა შეეძლო, და 2004 წლის მაისში განაცხადა: „ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს ჩემს საპრეზიდენტო ვადაში“. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სამხედრო სტატუსკვოს ნგრევა, რითაც დაარღვია 1992 წლის დაგომისის შეთანხმება, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დასრულებას აღნიშნავდა. ამ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, სამხედრო შეტაკებებმა და სისხლისღვრამ ეს გამოყოფილი რეგიონი გააპარტახა. ყველა იმედი, რომ ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსები ამ გაჭიანურებული კონფლიქტების გადასაჭრელად მშვიდობიან მიდგომებს მიმართავდნენ, დაიმსხვრა. პირიქით, ამ პოლიტიკას გაყინული კონფლიქტის გალღობა, 2008 წლის ხუთდღიანი ომი და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ოფიციალური პოლიტიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში თანმიმდევრული და პროგნოზირებადი იყო. დე ფაქტო რესპუბლიკები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ გამოცხადდა. ქართველმა დიპლომატებმა ამ „ოკუპირებული“ სტატუსის აღიარებისთვის აქტიური ლობისტური კამპანია წამოიწყეს, როგორც ალტერნატივა მათი აღიარებისა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ყოფილ ავტონომიურ ერთეულებად.

ყველაფერი აღიარების გარდა

2012 წელს სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. შემთხვევითი არ არის, რომ რევოლუციის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოყოფილ რეგიონებთან დაკავშირებით ახალი კონცეფცია წარმოადგინა – „ყველაფერი აღიარების გარდა“. რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამ პოლიტიკის ამოცანაა „არააგრესიული ქცევის“ დამკვიდრება და ეთნიკური ქართველებით დასახლებული გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებლების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საპირწონედ გამოყენების თავიდან აცილება.

ეს ახალი პოლიტიკა შემუშავების პროცესშია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მისი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიკაცია: პირველი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პირველად „ცხელი აგვისტოს“ შემდეგ, პირდაპირ მოლაპარაკებებს დაიწყებენ მათთან, ვისაც ადრე „აგრესიულ სეპარატისტებად“ და „კრემლის მარიონეტებად“ განიხილავდნენ; მეორე, ახალი პოლიტიკით გაგრძელდება დისკუსიები ორივე საკითხზე, როგორც უსაფრთხოების თემაზე, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე (ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში); მესამე, ახალი მმართველი კოალიცია მხარს უჭერს ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების აღდგენას ორივე რეგიონთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; მეოთხე, ის პირობას დებს, რომ გამოიძიებს არაერთ ინციდენტს, რომელიც საზღვრისპირა ტერიტორიაზე ადამიანების დაკავებას უკავშირდება; მეხუთე, „ქართული ოცნება“ გადახედავს კანონმდებლობას „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, მის სრულ გაუქმებას არ ეცდება, მაგრამ შეიტანს ცვლილებას, განსაკუთრებით კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ნებართვის გარეშე მოგზაურობის გამო სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. მაგრამ ახალი მთავრობა, ისევე როგორც წინა ხელისუფლება, ამ ორი გამოყოფილი რეგიონის აღიარების საკითხს არ განიხილავს.

ეს იდეები ძალიან განსხვავდება სააკაშვილის გუნდის პოლიტიკისგან. ბევრი ფიგურა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ სააკაშვილის მთავრობის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ოფიციალური პოლიტიკის მიმართ ძალიან სარისკო, კრიტიკულ საჯარო განცხადებებს აკეთებდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს იმ რამდენიმე მითის გადალახვა, რომელიც მრავალი წელია კონფლიქტის გადაწყვეტის მთელ პროცესს გასდევს.

უპირველეს ყოვლისა, არასწორია ის წარმოდგენა, თითქოს პირდაპირი საუბარი დე ფაქტო ლიდერებთან, მოსკოვის ჩარევის ან მონაწილეობის გარეშე, აუცილებლად წარმატებით დასრულდება. შესაბამისად, მოსკოვის როლის გაზვიადებას და ზედმეტ დრამატიზებას აქვს ადგილი. ეს მიდგომა, თითქოს, განზრახ ამარტივებს საკითხს. რუსული პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ სხვადასხვაგვარი იყო ამ 20 წლის განმავლობაში. იყო პერიოდები, როდესაც რუსეთი აიძულებდა გამოყოფილ რეგიონებს მოლაპარაკებები ეწარმოებინათ თბილისთან ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამ პოლიტიკას შედეგად აღნიშნული რეგიონების საქართველოსთან დაახლოება არ მოჰყოლია. 1992-1993 წლებში საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამხედრო დაპირისპირების დროს დაახლოებით 3000 აფხაზი დაიღუპა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ომამდე აფხაზური მოსახლეობა 93 000 შეადგენდა, მაშინ ეს დემოგრაფიული კატასტროფა იყო. შესაბამისად, რუსული გავლენისა და ზეწოლის, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერის არარსებობის გარეშეც, თვითგამორკვევის მოტივაცია ძლიერია.

კიდევ ერთი მითი შეეხება სამხრეთ ოსეთის მდგრადობას, რომელიც ყოველთვის განსხვავდებოდა აფხაზეთისგან დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი რესურსების თვალსაზრისით. სამხრეთ ოსეთი უფრო სუსტი და უფრო მეტად დამოკიდებულია რუსეთზე. მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი ნამდვილად ბუნდოვანია. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში სამი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ოსები, რომლებიც თავის დროზე ბევრად უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში, არ არიან მზად განიხილონ თავიანთი თანაარსებობის პერსპექტივა ქართველებთან.

ივანიშვილის გუნდის მიერ შემოთავაზებული ახალი ინიციატივები, მიუხედავად მათი ნიუანსებისა და დათქმებისა, მართლაც უხსნის გზას უფრო დაბალანსებულ, დეტალურ და პრაგმატულ დისკუსიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე. თუმცა გაუგებარი რჩება რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს ახალი პოლიტიკა. იმისათვის, რომ ის ცარიელ დეკლარაციად არ იქცეს, უნდა გამოირიცხოს გრძელვადიანი პრობლემების სწრაფად გადაჭრასთან დაკავშირებული დიდი მოლოდინები და იმედები. მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს პატარა ნაბიჯებზე, რომელიც მშვიდობიანი თანაარსებობის მიღწევას დაეხმარება. როგორც ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და კვიპროსის მაგალითებმა გვიჩვენა, სტატუსის საკითხი შეიძლება წლების მანძილზე ვერ გადაიჭრას, მაგრამ ამას არ უნდა მოჰყვეს მეზობელ ერთეულებს შორის ურთიერთობების სრული გაყინვა.

დღეს აფხაზეთში, საქართველოს სუვერენიტეტს ისტორიად მიიჩნევენ. მაგრამ მომავალი ურთიერთობები ქართული სახელმწიფოებრიობით და ქართველებით, როგორც აფხაზეთის ეთნიკური თემით, არ შემოიფარგლება. დღეს ხელახლა მოექცა ყურადღების ცენტრში საქართველო, რომელსაც სურს მშვიდობიანი და პროგნოზირებადი დიპლომატიური ურთიერთობები, ისევე როგორც გახსნილი ეკონომიკური და კულტურული კავშირები. ყველა მხარე ისეთი ურთიერთობებისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს, რომლისთვისაც არ იქნება დამახასიათებელი ამა თუ იმ ფორმით რევანშის განხორციელება.
foreignpress.ge