შვედეთის სასამართლომ, WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების საქმეზე. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის უნდა დაიკითხოს, სანამ დიდი ბრიტანეთის ციხეში იქნება. თავის მხრივ, ასანჟის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის გამოძიებასთან ითანამშროლოს.
13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთის პროკურატურამ ასანჟის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა.
30 მაისს Wikileaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თავად Wikileaks-ში აცხადებენ, ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკვადორის საელჩოში 7 წლის გატარების შემდეგ გაუარესდა, ხოლო ციხეში გადაყვანიდან 7 კვირის შემდეგ მან წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.
ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 11 აპრილს დააკავეს. მან საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks-ი და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა. 2010 წელს მისი პერსონით აშშ-ის ხელისუფლება დაინტერესდა. ასანჟი შვედეთში ჩავიდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღო.