უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რადაში ზელენსკის წარმომადგენელმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. „რაც შეეხება სააკაშვილს, ეს საკითხი განიხილება", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტის გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და სურთ, რომ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ადამიანი მიიზიდონ.
სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.