კანადა ვენესუელაში საელჩოს ხურავს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასახელეს. ინფორმაციას CBC ავრცელებს.
ოტავაში აცხადებენ, რომ კარაკასსა და სხვა ქალაქებში მომუშავე დიპლომატებს აკრედიტაცია აღარ გაუგრძელდებათ. საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები ვენესუელას ივნისის ბოლომდე დატოვებენ.
უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე, მთავრობა კანადის მოქალაქეებს ვენესუელაში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
მანამდე ვენესუელის კრიზისის მოგვარების შესახებ პირველი მოლაპარაკებები, რომელიც ოსლოში გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს წარმომადგენლებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.