დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის კომისრის შტეფან ფულე საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იქნება.
„საკმაოდ წარმომდგენლობითი დელეგაცია ჩამოდის, რომლის შემადგელობაში იქნებიან ჰელგა შმიდტი, შტეფან ფულე, ასევე ჟენევის მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი. ხვალინდელი დღე საკმაოდ დატვირთულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე შეხვედრების თვალსაზრისით. ჩამოდის ასევე ჯეიმს აპატურაი და ევროკავშირისა და ნატოს ეს ორივე უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლობა ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ხვდება. ასევე მათ შეხვედრა ექნებათ აწ უკვე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალასთან. აქ არის ის ეროვნული ინტერესები, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას (ახალ ხელისუფლებასაც და არჩევნებში დამარცხებულ ძალასაც) გვაქვს ერთი მიზანი, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირსა და ნატოში. ბატონ შტეფან ფულესთან ოპოზიციაში ყოფნის დროსაც საკმაოდ მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები გვქონდა“, - აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, პირადად მას ფულესთან ორჯერ ჰქონდა შეხვედრა და „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც ევროკომისართან ძალიან კარგი და საქმიანი ურთიერთობა აქვს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ჯეიმს აპატურაის (ნატოს სპეციალური წარმომადგენელი) დაჟინებული მოთხოვნა იყო, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რაც შეიძლება მალე ჰქონოდა შეხვედრა. მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მთავარია პროცესები არ შეფერხდეს, ხვალ ბრიუსელში ევროკავშირთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართება, ხოლო 23 ოქტომბერს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და საქართველოში გამართავს შეხვედრებს ყველა ძირითადი მიმართულებით - თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირებული შეთახნება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ყოველკვირეულად კი იმართება კონფერენც ზარები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რათა პროცესები მიმდინარე რეჟიმში გაგრძელდეს.
ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ამ მხრივ აქამდე გარკვეული ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არსებობდა.
„რამდენადაც ვიცი, ძალიან სერიოზული დავა და მსჯელობა მიმდინარეობდა შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მასში შემავალ ცალკეულ ელემენტებთან მიმართებაში. აქ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს დამოუკიდებლად იმისგან (თუმცა ეს ერთ კონტექსტში განიხილება), ეს ევროკავშირს მიესადაგება თუ არა და ის, რაც გაკეთდება, ევროკავშირს აუცილებლად მიესადაგება. ახალი კანონმდებლობა არის შესაქმნელი, რომელიც საქართველოს შრომით ადამიანურ რესურსს აუცილებლად უფრო მეტად დაცულს გახდის. ამის მხარდამჭერია არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან ინტენსიურად უჭერს მხარს ამ პრინციპებს“, - აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ევროკავშირისკენ სწრაფვა დეკლარირებულად ხორციელდებოდა, ხოლო რეალობაში ჩვენი ქვეყანა უფრო სინგაპურიზაციის გზაზე იდგა, რის გამოც ყოფილმა ხელისუფლებამ ევროკავშირის და ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდან საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები მიიღო. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ის, რაც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კუთხით არის გასაკეთებელი, აუცილებლად გაკეთდება.
ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა მმართველი გუნდის გეგმებზე ნატოსთან და იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გეოგრაფიას ვერ შევცვლით და რუსეთი ყოველთვის ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი იქნება. ამიტომ რუსეთთან აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება. მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი სიხარულით შეხვდება საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის კურსის გაგრძელებას, მაგრამ დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს, რათა ურთიერთობებში არსებული დაძაბულობები მოიხსნას და ახალი პოლიტიკური დაძაბულობის შესაძლებლობა ყოველმხრივ გამოირიცხოს.
„ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ, ასე ვთქვათ, საშინაო დავალებებს, რაც მათგან გვაქვს მიღებული, დამოუკიდებლად იმისგან, ამ მხრივ იქნება თუ არა პროგრესი. რუსეთმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია. იყო ილუზიების შექმნის მცდელობა, რომ თითქოს ევროინტეგრაცია დსთ-იზაციად გარდაიქმნებოდა, მაგრამ ყველა, მათ შორის ის, ვინც ამ ილუზიის შექმნას ცდილობდა, ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ეს ასე არ მოხდება.
რუსეთთან ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი და ურთერთსასარგებლო კეთილმეზობლური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს ნამდვილად არ უქმნის კომფორტს ის ვითარება, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე მუდმივად არის კრიტიკა იმის გამო, რომ მათი შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი.
მისი თქმით, რუსეთს აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული წესებისადმი დამორჩილება. აქვე მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლისას „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მხრივ გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა, ვიდრე დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. მაშინ არსებობდა ეუთოს ფარგლებში დადებული სტამბოლის შეთანხმება რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით. ასევე იყო კარგი წამოწყებები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. დღეს კი ხელისუფლებამ ცალმხრივად, კაპიტულანტურად მოახდინა ძალის გამოყენებლობის დეკლარირება და ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, აიღებს თუ არა ამ ვალდებულებას რუსეთიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოს ამ ურთიერთობის ნორმალიზება. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად ეს იქნება კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ასპექტები, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარს დაუბრუნდეს.
მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დაპირება, რომ ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი 2013 წლის ბოლომდე დასრულდებოდა, წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი იყო და დღესდღეობით ამ მხრივ კონკრეტული თარიღის დასახელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ევროკავშირმა ჯერ სამოქმედო გეგმა უნდა მოგვცეს, რომელშიც ე.წ. საშინაო დავალებები იქნება გაწერილი, რაც ამ პროცესის დასასრულებლად იქნება საჭირო და მხოლოდ ამ სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ შეიძლება უკვე პროცესის დასრულების ვადებზე საუბარი. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის მიღების სავარაუდო დროს, ალექსი პეტრიაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს შემოდგომის ბოლომდე მოხდეს.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრიორიტეტულობის კუთხით ქვეყნის კურსის ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ ამავე დროს საქართველო არ უნდა ეცადოს თვითიზოლაციისკენ კურსის აღებას.
„დარწმუნებული ვარ, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მხოლოდ წაადგება. ამისკენ მოწოდება იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთი მომენტია - წარსული ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იყო მინიშნებები, რომ სოჭში ოლიმპიადის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ა.შ. ასეთი ტიპის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. მე საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებების მონაწილე ვარ. იყო ძალიან მძაფრი მოლაპარაკებები, იყო რაუნდები, როდესაც ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ მივდიოდით წინ შეთანხმებისკენ. მაგრამ ეს არასდროს არ ცდებოდა მოლაპარაკებების ფარგლებს და ეს შედეგი დადგა. ამიტომ უნდა დამთავრდეს იმ რიტორიკის დრო, რომ თეორიულად სოჭის ოლიმპიადაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ უნდა ვიაროთ სახალხო დიპლომატიის, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენის და ეკონომიკური პროექტების ერთობლივად განხორციელების გზით“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს ისეთი ქვეყანა, რომ აფხაზ და ოს ძმებს არჩევენი თუ დაუდგათ, საქრთველოს შემადგელობაში ყოფნა ამჯობინონ.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგ სტადიაშია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებისკენ მიმავალი გზა. პეტრიაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ ამ მხრივ სერიოზული მუშაობაა გაწეული და ახალი ხელისუფლებაც ამ კურსს გააგრძელებს.
„დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მომავალ წელს ქართველ ხალხს აუცილებლად გავახარებთ“, - აღნიშნავს მინისტრობის კანდიდატი.