ვენესუელის კრიზისის მოგვარების შესახებ პირველი მოლაპარაკებები, რომელიც ოსლოში გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. როგორც Deutsche Welle წერს, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს წარმომადგენლებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს.
გუადოს დელეგაციის განმარტებით, ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
თავის მხრივ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე მხარემ კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.